იმისათვის რომ აკვარიუმის ბინადრებისთვის და მცენარეებისთვის ჯანსაღი, დაბალანსებული ეკოსისტემა შევქმნათ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თუ რა არის აზოტის ციკლი. არ არის საჭირო ქიმიის ან მიკრობიოლოგიის ცოდნა, უბრალოდ წარმოდგენა უნდა გვქონდეს.
ამ პოსტში “აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა” აზოტის ციკლი უკვე განვიხილეთ, მაგრამ ახლა უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
რა არის აზოტის ციკლი?
შეიძლება აზოტის ბრუნვა, იგივე ციკლი, ბევრს ახსოვს ბიოლოგიის გაკვეთილებიდან. ტელესკოლის ამ გაკვეთილში ბიოლოგია, XI კლასი – ბიოგეოქიმიური ციკლი – ნახშირბადისა და აზოტის წრებრუნვა დაწვრილებით არის ეს ახსნილი, თუმცა ამდენი ინფორმაციაც არ არის საჭირო იმისათვის რომ აკვარიუმის მუშაობის ჯაჭვში გავერკვეთ. მოდით მაინც ჩავუღრმავდეთ.
აზოტი ქიმიური ელემენტია, რომელიც ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ის ცოცხალი არსებებისთვის და მცენარეებისათვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და ორგანიზმში სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესების შემდეგ, ცილების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. აკვარიუმში კი ასეთ ცილას წარმოადგენს თევზის ნარჩენი, ზედმეტი თევზის საკვები, ლპობადი მცენარე. ამ ნარჩენებს ბაქტერიები გარდაიქმნიან ამიაკად, შემდეგ ნიტრიტად და ბოლოს ნიტრატად.
თუ ეს ნიტრიფიკაციის პროცესი დაირღვა, აკვარიუმის წყალი მომწამვლელი ხდება. ამიაკის 0.0ppm-ზე მეტი კონცენტრაციაც კი საზიანოა თევზისთვის (ppm მოლეკულების კონცენტრაცია).
რატომ არის აკვარიუმში აზოტის წრებრუნვა საჭირო?
ზოგადად ბუნებაში, დიდ წყლებში, მდინარეებსა თუ ტბებში ამიაკი ვერ ასწრებს დაგროვებას და მალე ზავდება გამდინარე წყალში, მაგრამ თქვენს აკვარიუმში, რომელიც დახურული სისტემაა, ამიაკი არსად ქრება, გროვდება და შეიძლება კონცენტრაციის ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ მოკლას ყველა ცოცხალი ორგანიზმი. სანამ აკვარიუმში არ გაჩნდება საკმარისი სასარგებლო ბაქტერიები არ უნდა დავამატოთ თევზიც.
აკვარიუმის აზოტის წრებრუნვის პროცესის დასრულებას რამოდენიმე კვირა სჭირდება(4-6), თუმცა არსებობს სხვადასხვა მეთოდები ამ პროცესის დასაჩქარებლად.
აკვარიუმში აზოტის წრებრუნვის დაწყების მეთოდები, ანუ აკვარიუმის გაშვება
გავიაროთ მეთოდები, თუ როგორ უნდა მოხდეს აკვარიუმის გაშვება და როგორ შევქმნათ დაბალანსებული სისტემა.
- ამიაკის 0.0ppmზე მაღალი მაჩვენებელი უკვე მომწამვლელია თევზისთვის. ამ პარამეტრის გასაზომად საჭიროა გქონდეთ წყლის ტესტები, რომელიც სხვა დროსაც გამოგადგებათ, პრობლემების აღმოსაჩენად და დროულად მოსაგვარებლად. ტესტები არსებობს წვეთების სახით, რომელსაც სპეციალურ კოლბაში აკვარიუმის წყალში ზავდება და ფერს იცვლის. არსებობს ასევე ერთჯერადი ლაკმუსის ჩხირებიც.
აკვარიუმის გაშვება თევზების გარეშე
ხშირად დამწყებებს უჩევენ 24 საათი დააყოვნონ წყალი, ჩართონ გათბობა, ფილტრი და მეორე დღესვე ჩასვან თევზები. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თევზების მაღაზიებიდან იღებენ ამ არასწორ ინფორმაციას. ნუ დაუჯერებთ ასეთ არაკომპეტენტურ ხალხს. მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, ან არ აქვთ დრო და ინტერესი უკეთესად გაგარკვიონ, ან უბრალოდ სურთ მეტი თევზი გაყიდონ, რადგანაც იციან რომ დამწყებს აუცილებლად დაეხოცება თევზი თუ მალევე ჩასვამს ახალ აკვარიუმში. ბევრს ეზარება აზოტის ციკლზე გრძელი ტექსტების კითხვა და ურჩევნია მარტივი (და არასწორი) გზა აირჩიოს, დაუჯეროს სოც ქსელში “მე სულ ასე ვშვები” ადამიანების კომენტარებსაც და შედეგად იღებენ მღვრიე წყალს, ამიაკით მოწამლულ მკვდარ თევზებს და პირდაპირი მნიშვნელობით წყალში გადაყრილ ფულს.
აკვარიუმში ჩასხმული ახალი წყალი, 24 საათის შემდეგ რომ შეამოწმოთ ტესტზე, რა თქმა უნდა გიჩვენებთ 0 ამიაკს, 0 ნიტრიტს და შესაძლოა 0 ნიტრატსაც, რადგანაც ის ახალი წყალია.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაგიმართლათ ან სასწაულებრივად დაიწყო და დასრულდა აზოტის ციკლი თქვენს აკვარიუმში და ყველა მაჩვენებელმა ნულს მიაღწია.
24 საათში რომ ჩასვამთ თევზს და საკვებს ჩაუყრით, ის დაიწყებს ნარჩენის გამოყოფას, აკვარიუმში ამ დროს არანაირი სასარგებლო ბაქტერია არ იქნება ამიაკი ნიტრიტად და შემდეგ ნიტრატად რომ გარდაქმნას. ამიაკის და ნიტრიტის კონცენტრაცია გაიზრდება და თევზს განუვითარდება ამიაკით მოწამვლა, რომლის ნიშნებია წითელი, მოიასამნისფრო სისხლიანი ლაყუჩები, წითელი სისხლჩაქცევების მსგავსი ლაქები სხადასხვა ადგილებზე, უმადობა ლეთარგიულობა, ზედაპირზე ამოსვლა თითქოს ჰაერის ჩაყლაპვა სურს, ფარფლების ლპობა. ზოგიერთი შეგნებულად აკვარიუმის გასაშვებად ამ ხერხსაც მიმართავს და სპეციალურად ირჩევს გამძლე თევზს , რაც არაჰუმანურია.(რადგანაც უკვე გაქვთ ინფორმაცია,თავად გადაწყვიტეთ რამდენად მართებულია ეს)
რეკომენდებულია აკვარიუმის გაშვება თევზის გარეშე.
განვიხილოთ სამი გზა აკვარიუმში აზოტის ციკლის დასაწყებად (თევზის გარეშე):
1. ავაწყოთ აკვარიუმი, გრუნტით და დეკორაციებით, ჩავრთოთ ფილტრი და გათბობა და დაველოდოთ სანამ არ ჩამოყალიბდება ის ბუნებრივად.
- პერიოდულად ვყრით თევზის საკვებს, რომელიც ამიაკის გამოყოფას დაიწყებს, რაც თავის მხრივ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას შეუწყობს ხელს. ეს სასარგებლო ბაქტერიები აკვარიუმში ხვდებიან ჰაერიდან, დეკორაციებიდან, გრუნტიდან და აშ. ამ მეთოდით აკვარიუმის მომზადებას ანუ გაშვებას სჭირდება 1-2 თვე. ზოგიერთი აკვასოილი, ანუ სპეციალური აკვარიუმის მიწა, როგორიცაა მაგალითად Fluval Stratum , ADA Amazonia ბუნებრივად გამოყოფს ამიაკს და ასეთ შემთხვევაში თევზის საკვების ჩაყრა არაა საჭირო. აკვარიუმის გრუნტის ტიპებზე ინფორმაციას ამ პოსტში ნახავთ აკვარიუმის გრუნტის ტიპები.
2. ყველაზე ეფექტური ციკლის დასაწყებად არის უკვე მზა ნიტრიფიკაციის ბაქტერიების დამატება, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში ან გამოიწეროთ.
3. გამოიყენოთ უკვე ჩამოყალიბებული აკვარიუმის ფილტრის მასალა, მაგალითად ღრუბელი. შეგიძლიათ ვისაც თევზი ჰყავს და ჯანმრთელი აკვარიუმი მას გამოართვათ. დარწმუნდით რომ რაიმე დაავადება, პარაზიტი არ ჰყავს აკვარიუმში. ამ მეთოდს თუ აირჩევთ არ გამოაშროთ ღრუბელი , ამით სასარგებლო ბაქტერიები დაიხოცებიან.
ეს ბოლო ორი მეთოდი ციკლს ამცირებს 1-3 კვირამდე. შეგიძლიათ ორივე მეთოდი ერთდროულად გამოიყენოთ, ანუ ჩაასხათ მზა ბაქტერია და პარალელურად ჩამოყალიბებული აკვარიუმის ფილტრის მასალაც გამოიყენოთ.
აკვარიუმის გაშვების პროცესში ხშირად ამოწმეთ წყალი ტესტერებით და ცვალეთ წყალი. ტეზტზე თავდაპირველად ამიაკის დონე აიწევს შემდეგ ნიტრიტიც გაჩნდება და ბოლოს ნიტრატი. საბოლოოდ აკვარიუმის პარამეტრები უნდა იყოს:
ამიაკი: 0.0 ppm
ნიტრიტი: 0.0 ppm
ნიტრატი: < 20 (თუ დამატებითი მცენარეების სასუქს არ ვაწვდით)
დაიმახსოვრეთ, რომ ნებისყოფა არის წარმატების საწინდარი.
არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.
აკვარიუმის აზოტის ციკლზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ Cycling your Aquarium