აკვარიუმის განათება
აკვარიუმის განათება

აკვარიუმის განათება


რატომ არის მცენარეებიანი აკვარიუმის განათება მნიშვნელოვანი?

აკვარიუმისთვის სწორი განათების შერჩევა საჭიროა იმისთვის, რომ მცენარეებს ჰქონდეთ ჯანსაღი ზრდა, არ გავრცელდეს ალგე და გამოიკვეთოს თევზების ფერები. როდესაც აკვარიუმში არასაკმარისი განათებაა (და ამასთან მიკრო და მაკრო ელემენტების ბალანსიც დარღვეულია) მცენარეები იჩაგრებიან, აჩერებენ ზრდას და იფარებიან ალგეთი.

ამ ბლოგ პოსტში მოკლედ გაგაცნობთ აკვარიუმის განათებაზე ზოგად ინფორმაციას.


სჭირდებათ თუ არა თევზებს აკვარიუმის განათება?

მხოლოდ თევზებიან აკვარიუმს, სადაც მცენარეები არ არის, არ სჭირდებათ ძლიერი განათება, თუმცა სრული სპექტრის სინათლის წყარო თევზების ფერს მეტად გამოკვეთს.

თევზებიან აკვარიუმში საჭიროა დაიცვათ მათი ბუნებრივი დღე-ღამის ციკლი. განათება მაქსიმუმ 12 საათი შეიძლება იყოს ჩართული. დიდი ხნით განათება თევზებში იწვევს სტრესს, სტრესი კი იწვევს დაავადებებს.

თევზები ოთახში არსებულ დღის სინათლეზეც კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ თუ სრულიად ბნელ ოთახში დგას აკვარიუმი, სადაც დღის სინათლე არ აღწევს, მაშინ აუცილებელია განათება ტაიმერზე დააყენოთ, რათა თევზი მიხვდეს დღე არის თუ ღამე. თუ აკვარიუმში მხოლოდ თევზები არიან და დღის სინათლეც ხვდება, შეგიძლიათ განათება მხოლოდ მაშინ ჩართოთ როდესაც სახლში იქნებით.


რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ მცენარეებიანი აკვარიუმის განათება?

განათების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • აკვარიუმის სიმაღლე: რაც უფრო მაღალია აკვარიუმი მით მეტად ძლიერი განათებაა საჭირო, რათა სინათლემ მიაღწიოს მცენარეებამდე.
  • აკვარიუმის სიგანე: სინათლე რომ თანაბრად გადანაწილდეს როგორც აკვარიუმის შუაში , ასევე კუთხეებში მოთავსებულ მცენარეებზე საჭიროა მთელ სიგრძეზე იყოს განათებაც.
  • რა სახეობის მცენარეებია აკვარიუმში: ზოგიერთ მცენარეს არ სჭირდება ძლიერი განათება, ზოგ სახეობას კი პირიქით, დიდი განათება ესაჭიროება ზრდისთვის.


განათების წყაროს ტიპები

განათების წყაროს რამოდენიმე ტიპი არსებობს. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ინკანდესცენტური (სტანდარტული) ვარვარას ნათურა
  • არაენერგოფექტურია
  • ენერგიის მხოლოდ 5-10% ხმარდება განათებას, დანარჩენი კი სითბოს გამოყოფაზე იხარჯება

ჰალოგენური ნათურა (მეტალ ჰალიდი)
  • არ იკავებს დიდ ადგილს;
  • გამოყოფს ინტენსიურ სითბოს;
  • მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 25-45% გამოიმუშავებს სინათლეს.

ფლუორისცენტული
  • არ გამოყოფს დიდ სითბოს;
  • ენერგიის 40-60% ხმარდება განათებას;
  • იაფი და ენერგოეფექტური, ამიტომ აკვარიუმის ჰობიში ხშირად გამოიყენება.

შუქდიოდური ანუ LED განათება
  • ენერგოეფექტური
  • სითბოს ნაკლებად გამოყოფს და მოხმარებული ენერგია ძირითადად სინათლედ გარდაიქმნება
  • გამძლე
  • სინათლის გაბნევა ეფექტურად ხდება
  • საუკეთესოა წყლის მცენარეების ზრდისთვის

მცენარეებიანი აკვარიუმისთვის უდაოდ შუქდიოდური(LED) განათებაა საუკეთესო.


მცენარეებიანი აკვარიუმის განათების ხანგრძლივობა და პერიოდი

მცენარეებისთვის განათების ხანგრძლივობას და სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 24 საათით თუ დატოვებთ განათებას ჩართულს, აკვარიუმში აუცილებლად გაჩნდება ალგე და თევზებიც დაისტრესებიან. მთავარია განათება ყოველ დღიურად დილით ერთი და იგივე დროს ჩაირთოს და გამოირთოს საღამოს. ამისათვის კი ტაიმერი საუკეთესო გამოსავალია. არსებობს მექანიკური და ციფრული ტაიმერებიც, ზოგიერთი ტაიმერი კი აპლიკაციით შეგიძლიათ მართოთ Wifi-ს საშუალებით. მცენარეებიანი აკვარიუმისთვის რეკომენდებულია დღეში 8 საათი განათება. თუმცა 10 საათითაც შეიძლება იყოს ჩართული თუ დაბალანსებული გაქვთ მცენარეებისთვის საჭირო მიკრო მაკრო ელემენტების მიწოდებაც.

ელექტრონული ტაიმერი

განათების ინტენსივობა

ალბათ დაგისვამთ კითხვა “არის თუ არა საკმარისი აკვარიუმის განათება მცენარეებისთვის?” სამწუხაროდ ზუსტი ციფრებით პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგანაც ეს დამოკიდებულია თქვენივე აკვარიუმის ზომებზე, რა მცენარეები გაქვთ და თუ რა ტიპის განათებას იყენებთ.

მცენარეებიანი აკვარიუმის განათების არჩევისას კითხულობენ თუ რამდენ ვატიანია განათება, უფრო მეტად ვინც ერკვევა კი ლუმენებსაც აქცევს ყურადღებას. ვატებით იზომება თუ რამდენი ელექტრო ენერგია იხარჯება და ლუმენით იზომება ადამიანის მიერ აღქმული სინათლე, რაც უფრო მაღალია ლუმენი მეტად მკვეთრია განათებაც. მცენარის ზრდისთვის კი არც ვატს და არც ლუმენს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის PAR-ი (ფოტოსინთეზისთვის აქტიური გამოსხივება), რომლითაც განისაზღვრება სინათლის წყარო რა განათებას გამოყოფს მცენარის ზრდისთვის.

თუ მხოლოდ თევზებიანი აკვარიუმი გაქვთ ამ შემთხვევაში PAR-ს არ აქვს მნიშვნელობა და შეგიძლიათ უფრო მარტივად აარჩიოთ თქვენთვის სასურველი განათება.


განათების გაზომვა ვატებით

ადრე მხოლოდ ინკანდესცენტური, ვარვარას ნათურა იყო ხელმისაწვდომი და შესაბამისად ვატებით ხდებოდა გაზომვა სინათლის ნაკადის. მაგალითად 100 ვატიანი სტანდარტული ნათურა გამოყოფს დაახლოებით 1600 ლუმენ შუქს, მაშინ როცა იგივე ლუმენს გამოყოფს 18 ვატიანი LED ნათურა. ვიზუალურად ყველამ იცოდა რამდენ შუქს ასხივებდა 100 ვატიანი ნათურა და საზოგადოებაშიც ნათურის ვატები დამკვიდრდა საზომ ეტალონად. ახლაც , ამ მიზეზით ბევრი მწარმოებელი აწერს თავის პროდუქციაზე ასეთ განმარტებებს მაგალითად: “ეს 6 ვატიანი LED ნათურა გამოსცემს ისეთ შუქს, როგორსაც 60 ვატიანი ვარვარა ნათურა”.

ქვემოთ არის სქემა , რომლითაც დაახლოებით იზომება განათება ვატებში. მცენარე ანუბიასი ან ჯავას გვიმრა დაბალი განათების ტიპის მცენარეს განეკუთვნებიან. თუ მაგალითად ეს მცენარეები გაქვთ 25 ლიტრიან აკვარიუმში, მაშინ ამ სქემის მიხედვით 6 ვატიანი განათება საკმარისი იქნება (25×0.25)

მცენარის მოთხოვნავატი/ლიტრზე
დაბალი განათება 0.25
საშუალო განათება0.5
მაღალი განათება0.8 და მეტი

განათების გაზომვა ლუმენით

განათების ინტენსივობის უფრო ზუსტი საზომი არის ლუმენი. ლუმენი არის სინათლის ნაკადის საზომი ერთეული , რომელიც განსაზღვრავს ადამიანის თვალის მიერ აღქმად სინათლის რაოდენობას. ამიტომ ლუმენით უკეთესად შეიძლება განისაზღვროს განათება ვიდრე ვატებით. (შესადარებლად მზისგან დედამიწა ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე იღებს 133,200 ლუმენ სინათლეს). აკვარიუმი რომ პირდაპირ მზის სინათლეზე დავდგათ ეს გამოიწვევს ბევრ პრობლემას, მაგალითად წყლის გაცხელებას, ალგეც ისე მალე გავრცელდება, რომ თევზებს წყალში კიარა ალგეში მოუწევთ ცურვა.

მცენარის მოთხოვნალუმენი/ლიტრზე
დაბალი განათება15-25
საშუალო განათება25-50
მაღალი განათება50 და მეტი

განათების გაზომვა PAR-ით

არც ვატები და არც ლუმენები არ არის ის საზომი ერთეულები, რომლითაც განისაზღვრება მცენარის ზრდისთვის საჭირო გამოსხივება. ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს PAR (ფოტოსინთეზურად აქტიური გამოსხივება). PAR არის სინათლის ტალღის სიგრძის საზომი, რომელიც სჭირდება მცენარეს ფოტოსინთეზისთვის.

მწვანე ფერს ადამიანი ყველაზე მეტად აღიქვამს და შესაბამისად მეტი ლუმენი აქვს, თუმცა წითელი და ლურჯი ფერი ყველაზე მეტად მონაწილეობენ მცენარის ფოტოსინთეზის პროცესში და ადამიანის მიერ ნაკლებად აღიქმება, ანუ ნაკლები ლუმენი აქვს და მაღალია PAR. თუ დაწვრილებით გსურთ გაეცნოთ ფოტოსინთეზის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ ფოტოსინთეზი


PAR-ის მიხედვით განათების შერჩევა ამ სქემითაა შესაძლებელი.

PAR მცენარეების მოთხოვნილება განათებისადმი
75-100 მიკრო მოლიდაბალი განათების მცენარეები
~150 მიკრო მოლისაშუალო განათების მცენარეები
200 მიკრო მოლი და ზემოთმაღალი განათების მცენარეები

აკვარიუმის სპეციალურ ხარისხიან განათებას მწარმოებელი აუცილებლადად უთითებს PAR-ს რაოდენობას და არჩევაც მარტივდება.

იმედია ამ ინფორმაციამ არ დაგაბნიათ და ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ განათებაზე. სამწუხაროდ ზუსტი ფორმულა არ არსებობს, თუ როგორი ინტენსივობის განათებაა კონკრეტულად თქვენი აკვარიუმისთვის საჭირო, რადგანაც როგორც იცით ყველა აკვარიუმი ინდივიდუალურია . თუ მცენარეების გაზრდა გსურთ და ბიუჯეტიც გამოყოფილი გავქთ, რა თქმა უნდა ხარისხიანი ბრენდული განათების შეძენა სჯობს, რომელშიც სპექტრი ,PAR გათვალისწინებულია, აქვს ჩაშენებული ტაიმერი და დიმერიც მოყვება, ანუ განათების ინტენსივობის სარეგულირებელი, რომ დააბალანსოთ განათება თქვენი მცენარეების მოთხოვნის შესაბამისად. განათების ცნობილი ბრენდებია Chihiros, ADA aquasky, ONF, Twinstar, Ultum Nature Systems (UNS) , Dennerle და ა.შ.

და ბოლოს, დაბალი განათების მოთხოვნის მცენარეებითაც შეიძლება ლამაზი აკვასკეიპის შექმნა.

აკვ
დაბალი განათების მცენარე ეგერია დენსა

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.