წყლის პარამეტრები აკვარიუმში
წყლის პარამეტრები აკვარიუმში

წყლის პარამეტრები აკვარიუმში

წარმატებული მცენარეებიანი აკვარიუმისთვის მნიშვნელოვანია განათება, ფილტრაცია, გრუნტი და სასუქები, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც წყლის პარამეტრებია.

იმისათვის რომ შევქმნათ და ხანგრძლივად შევინარჩუნოთ ჯანსაღი აკვასკეიპი, აუცილებელია გავერკვეთ თუ რას ნიშნავს “კარგი წყალი” და წყლის პარამეტრები.

pH, GH, KH და TDS

ყველაზე ხშირად აკვარისტები ამოწმებენ pH, GH, KH და TDS ის დონეებს.

დავიწყოთ pH-ის განხილვით.

pH -ით იზომება სითხეში წყალბადის იონების რაოდენობა და განსაზღვრავს მის მჟავიანობის დონეს, რაც უფრო დაბალია pH, მით უფრო მეტია მჟავიანობა. 0-დან 14-მდე შკალაზე ნეიტრალური, 7.0 pH არის ოთახის ტემპერატურის(25°C) სუფთა წყალი.

ფორთოხლის წვენის pH 7.0-ზე დაბალია. მწვანე ჩაის ან თხევადი საპნის pH კი 7.0ზე მაღალია (ანუ ტუტეა) .

მტკნარი წყლის თევზებისთვის pH-ის ნორმალური დონე 6.5-8 მდეა, თუმცა მაგალითად სამხრეთ ამერიკული თევზებისთვის ან კარიდინა კრისტალის კრევეტისთვის pH ის მაჩვენებელი დაბალი უნდა იყოს. თუ თევზების გამრავლება და ლიფსიტების გაზრდა გსურთ, მაშინ pHის დონის კონტროლი აუცილებელი გახდება.

აკვარიუმში დღე-ღამის განმავლობაში pH ბუნებრივად იცვლება, მთავარია სტაბილური დონე შევინარჩუნოთ, უეცარი ჩავარდნების გარეშე. თევზების სახეობის უმრავლესობა pH-ის ფართო სპექტრს შეეგუება.

წყალში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილები

წყლის სიხისტეს განსაზღვრავს წყალში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილები, რომელსაც ასევე უწოდებენ “სიხისტის მარილებს” .

ზოგადი სიხისტე შედგება KH დროებითი (კარბონატული) და GH მუდმივი სიხისტისგან (არაკარბონატული).

დროებითი სიხისტის მოშორება შესაძლებელია წყლის ადუღებით, რის შედეგადაც  ჩნდება ნადები. არაკარბონატული სიხისტე კი იქმნება კალციუმის და მაგნიუმის სულფატებით, ქლორიდებით, ნიტრატებით, სილიკატებით, ფოსფატებით, მისი მოშორება ადუღებით შეუძლებელია. დროებითი სიხისტის შემცირებით მცირდება წყლის საერთო სიხისტეც, ამიტომ ეს მაჩვენებელი ისეთივე არამდგრადია, როგორც წყლის სხვა მახასიათებლები.

KH(კარბონატული სიხისტე) ანეიტრალებს მჟავიანობას და ხელს უშლის pH-ის სწრაფ ცვლილებას აკვარიუმში, რაც თევზისთვის და ცოცხალი ბინადრებისთვის საზიანოა.

მაღალი KH ის დროს წყალში pH-ის დონე სტაბილურია, მისი ცვლილება მკვეთრად არ ხდება. თუ აკვარიუმში იყენებენ ონკანის წყალს, რომელშიც KH-ის დონე დაბალია, მის მოსამატებლად გამოიყენება დაფშვნილი ნიჟარები, რომელიც თანდათან ზრდიან კარბონატულ სიხისტეს(KH), რაც თავის მხრივ pH-ის სტაბილურობას უწყობს ხელს.

ნორმის ფარგლებში მაღალ KH-ს პირდაპირი კავშირი არ აქვს თევზის ჯანმრთელობასთან, მაგრამ ზოგიერთი სახეობის მცენარის გასახარებლად და კრევეტისთვის დაბალი KH და დაბალი pH მნიშვნელოვანია.

pH-ის ცვლილება განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც KH დაბალია წყალში და პარალელურად ხდება CO2ის მიწოდება ხელოვნურად. CO2 დროებით მატებს წყალს მჟავიანობას. ანუ დღის განმავლობაში, როცა ჩართულია CO2 სისტემა, pH დონე იკლებს და ღამე უეცრად იმატებს, რაც აკვარიუმის ბინადრებისთვის დიდი სტრესია, განსაკუთრებით კი კრევეტებისთვის. თუ KH 4.5 გრადუსზე ნაკლებია აუცილებელია დღისით მოხდეს pHის მონიტორინგი.

KH იზომება გრადუსებით(dkH) ან მოლეკულების კონცენტრაციით (ppm).

1 კარბონატული სიხისტის გრადუსი (dKH) უდრის 17.9 ppm-ს.

მტკნარი წყლის აკვარიუმისთვის იდეალური KH არის 4-8 dKH (გრადუსი).ზოგიერთი სახეობის თევზისთვის დაბალი pH მნიშვნელოვანია, ამისათვის კი საჭიროა KHის შემცირება 0-3 გრადუსამდე (ან იგივე 0-50ppmმდე, გააჩნია რომელ საზომის სისტემას იყენებთ). აფრიკული ციხლიდებისთვის კი პირიქით საჭიროა მაღალი KH-10 dKH (180ppm) და შესაბამისად მაღალი pH.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ GH ით იზომება წყალში გახსნილ კალციუმის და მაგნიუმის იონების დონე. “რბილი” და “ხისტი” წყალი ამ მაჩვენებლით განისაზღვრება. მარტივად კი, GH გვიჩვენებს წყალში საკმარისია თუ არა მარილები და მინერალები, რომლებიც ბიოლოგიური ფუნქციებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მაგალითად თევზებში – კუნთოვანი და ჩონჩხის ჩამოყალიბებაში, კრევეტებში – გარსის გამოცვლში, მცენარეებში კი ზრდაში. ყველაზე კარგად აკვარიუმის ბინადრები იტანენ 4-8 dH-ს ანუ რბილ წყალს. ცოცხლადმშობიარეებს(გუპები) ოქროს თევზებს, აფრიკულ ციხლიდებს კი მაღალი GH სჭირდებათ.

და ბოლოს, TDS ზომავს წყალში გახსნილ ყველა მყარ ნაწილაკს. მაღალი TDS უხარისხო წყლის მაჩვენებელია. ამიტომ აკვარისტები ამ შემთხვევაში მიმართავენ წყლის ფილტრაციის სისტემას. რომლითაც მიიღება სუფთა წყალი.

GH და KHის გაზომვა სპეციალური ტესტერებითაა შესაძლებელი, არსებობს ლაკმუსის ქაღალდის ჩხირები და ასევე ტესტერი წვეთების სახით.

მე ვიყენებ API-ს ბრენდის კოლბის ტესტერებს API GH & KH TEST KIT

TDS-ის გასაზომად კი ელექტრონული მოწყობილობა არსებობს , მაგალითად Water TDS Meter

pH-ის გაზომვა შესაძლებელია ტესტერებით, ლაკმუსის ჩხირებით ან წვეთებით , ასევე არის ელექტრონული მოწყობილობებიც API PH TEST KIT

ქლორი და ქლორამინი

სანამ წყალი ონკანიდან ჩვენს აკვარიუმებში მოხვდება, ის თავისუფალი უნდა იყო ქლორისგან, ქლორამინისგან და სხვა
დამბინძურებლებისგან . წყლის გამოცვლის შემდეგ თევზების სიკვდილის მიზეზი ხშირად არის ქლორიანი და ქლორამინიანი წყალი. 24 საათით წყლის გაჩერება საკმარისი არ არის, რადგან ქლორამინი არ ორთლქლდება. ქლორის გარდა წყალს შეისაძლოა მოყვებოდეს ნიტრატი, ნიტრიტი, ამიაკი, ფოსფატები, სილიკატები, რომელიც ხელს შეუწყობს ალგეს, კერძოდ დიატომის გავრცელებას. შეიძლება ასევე შეიცავდეს მძიმე მეტალებს, როგორიცაა სპილენძი, რაც განსაკუთრებით სახიფათოა კრევეტებისთვის. სამწუხაროდ ამ ყველაფერს წყლის კონდიციონერი ვერ აქრობს, ასეთ შემთხვევებში კი რევერსული ოსმოსის გზით მიღებული გაფილტრული წყალია გამოსავალი.

აკვარიუმში გამოყენებამდე ადგილობრივი წყალი სჯობს შეამოწმოთ წყლის ტესტებით, ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვოთ წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე ინფორმაცია (რომელიც წესით უნდა იყოს საჯარო).

თუ გაფილტრულ წყალს იყენებთ საჭიროა მისი რემინერალიზაცია, ანუ მინერალებით გამდიდრება, რადგანაც სუფთა წყალში ვერც მცენარე და მითუმეტეს ვერც ცოცხალი არსება ვერ იარსებებს. რემინერალიზაციისთვის სპეციალური პროდუქტი არსებობს , მაგალითად SaltyShrimp Shrimp Mineral GH/KH+ 100g

ჩემთან ონკანის წყალი ხისტია, GH 17, KH 8 მოყვება ამიაკიც. მომწიფებული აკვარიუმი ამიაკის 1ppm-ს მოერევა, მარამ როდესაც ახალია აკვარიუმი, ციკლი დასრულებულიც რომ იყოს, პრობლემას შეუქმნის თევზებს. სანამ აღმოვაჩენდი, რომ ონკანის წყალში ამიაკის დონე საკმაოდ მაღალი იყო, რამოდენიმე თევზი მომიკვდა. შემდეგ პრობლემას მივაკვლიე და გადავწყვიტე შემეძინა ფილტრაციის სისტემა.

ჩემს 83 ლიტრიან აკვარიუმში 1/3 გაფილტრულ წყალს ვიყენებ. 2/3 კი ონკანისას, რომელშიც წინასწარ ვაზავებ კონდიციონერს Seachem Prime, რომელიც ამიაკს დეტოქსიფიკაციას ახდენს(მომწამვლელი ნივთიერებების გაუვნებლება ბიოქიმიური პროცესებით).

ამ შეფარდებით GH და KHის ოპტიმალურ მაჩვენებელს ვიღებ.

კრევეტების აკვარიუმში კი 100% გაფილტრულ რემინერალიზებულ წყალს ვიყენებ. რადგანაც თევზთან შედარებით მგრძნობიარე და სუსტები არიან.

არ მინდა შეგაშინოთ ამ ინფორმაციით, მაგრამ აუცილებელია დავამატო.

იდეალურიც რომ იყოს თქვენი წყალი, აკვარიუმში ჩასხმის შემდეგ დიდი ხნით ვერ იქნება იდეალური. წყალი ბუნებრივად ორთქლდება, განსაკუთრებით კი ღია აკვარიუმებში. აორთქლდება ხდება სუფთა წყლის, აკვარიუმში კი რჩება მინერალები, რომლის კონცენტრაციაც საზიანოა თევზისთვის და მცენარისთვისაც, ასე რომ თუ წყალი აკლდება აკვარიუმს, აუცილებელია მისი შევსება გამოხდილი წყლით და არა ონკანის წყლით(თუნდაც უკვე დექლორირებულის და ან რემინერალიზებულის). აქ უკვე TDS მეტრიც გამოგადგებათ. ასევე საჭიროა კვირაში ერთხელ წყლის ცვლაც.

კიდევ ბევრი დეტალია, რაც შეიძლება გამომრჩა ამ თემაზე, მაგრამ ამ პოსტით ძირითადი ცოდნა უკვე მიიღეთ წყლის პარამეტრებზე და მათ მნიშვნელობაზე. ვფიქრობ გამართლებაზეცაა ონკანის წყლის ხარისხიც. თქვენს წყალში თუ ყველანაირი მცენარე ხარობს და თევზები ჩარევის გარეშე მრავლდებიან, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს რომ გაგიმართლათ და წყალია ასეთი პარამეტრების. სხვას კი სხვა წყლის წყარო შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ზეპირად, როდესაც არ იცით სხვისი წყლის პარამეტრები, რჩევების გაცემაც აზრს კარგავს.

ყველა წყალიც არაა ერთნაირი:)

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.

დამატებით ინგლისურენოვანი რესურსი შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ: Water Parameters