აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა
აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა

აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა

აკვარიუმის ფილტრი აკვარიუმის წყალს ასუფთავებს მექანიკურად, ბიოლოგიურად და ქიმიურად.

არსებობს ორი სახის ფილტრი, გარე და შიდა. ორივე ტიპს აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. საერთო კი ის აქვთ, რომ ორივე ემსახურება აკვარიუმის წყლის ცირკულაციას და გასუფთავებას. ცირკულაცია კი მნიშვნელოვანია ჯანსაღი აკვარიუმის მცენარეებისთვის და აკვასკეიპისთვის.

მექანიკური ფილტრაცია

მექანიკური ფილტი ყველაზე მარტივი ფორმაა აკვარიუმის წყლის ფილტრებს შორის. წყალი ამ შემთხვევაში გაივლის რაიმე სახის მასალას, რომელიც აკავებს ნარჩენებს და გასუფთავებულ წყალს აბრუნებს აკვარიუმში. მექანიკურ ფილტრად სხვადასხვა ტიპის მასალა შეიძლება იქნას გამოყენებული, ის როგორც წესი ფილტრებს მოყვება.

ხანდახან გამოიყენება ბოჭკოვანი მატერია, რომელიც ძალიან წმინდა ნაწილაკებს აკავებს და წყალსაც კამკამას ხდის. უარყოფითი მხარე აქვს ის, რომ ნადებისგან მალე ბინძურდება და ხშირ წმენდას/გამოცვლას საჭიროებს.

გამოიყენება სხვადასხვა ზომის ფორებიანი ღრუბელიც. შედარებით დიდ ფორიანი ნაკლებად იკიდებს ნადებს და გასაწმენდად მარტივია.

მექანიკური ფილტრი უნდა გაიწმინდოს საჭიროების შემთხვევაში, რომ მოშორდეს მასზე დაგროვებული ბიოლოგიური ნარჩენი,  შეამციროს ალგეს გავრცელება. რაც უფრო ეფექტურად ხდება წყლის ცირკულაცია ფილტრში, მით უფრო მეტად იკვებება ფილტრში მყოფი სასარგებლო ბაქტერია და მრავლდება. 

აღსანიშნავია, რომ მექანიკურმაფილტრმა შეიძლება მოახდინოს ბიოლოგიური და ასევე ქიმიური ფილტრაციაც. 

წინა ფილტრი
ბიოლოგიური ფილტრაცია

ბიოლოგიურ ფილტრაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აკვარიუმის სფეროში. მისი დანიშნულებაა გარდაქმნას ტოქსიკური ნარჩენი პროდუქტი აკვარიუმის ბინადრებისთვის ნაკლებად მავნე ნივთიერებებად.

ამ პროცესს ჰქვია აზოტის ციკლიაზოტის ციკლის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს მომენტი, როდესაც თევზი იწყებს წყალში ნარჩენის გამოყოფას. ეს ნარჩენი გროვდება და წარმოიქმნება ძლიერ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება ამიაკი (NH₃). თუ ამას უყურადღებოდ დავტოვებთ, სამწუხაროდ მოიწამლებიან აკვარიუმის ბინადრები, რაც ბოლოს მათ სიკვდილს გამოიწვევს. ამ ფაქტს აკვარისტები უწოდებენ “ახალი აკვარიუმის სინდრომს”.

არსებობენ ისეთი ბაქტერიებიც, რომლებიც ამიაკს მოიხმარენ, რაც შემდეგ გარდაიქმნება უკვე ნაკლებ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებად – ნიტრიტად. ბოლოს კი,  კიდევ ბაქტერიების სხვა ტიპი მოიხმარს ნიტრიტს და გარდაქმნის ნიტრატად. რომელიც შედარებით უსაფრთხოა თევზებისთვის. 

ეს ციკლი მუდმივად მიმდინარეობს აკვარიუმის ფილტრში, რაც უზრუნველყოფს თევზების, კრევეტების და სხვა ბინადრების ჯანმრთელობას აკვარიუმის ჩაკეტილ გარემოში. ზუსტად წყლის ცვლით ხდება ნიტრატის ამოღება წყლიდან. დროთა განმავლობაში, თუ არ მოხდება წყლის ხშირი და საკმარისი ოდენობით ცვლა, ნიტრატი აკუმულირდება წყალში. აკვარიუმის თევზი თანდათან შეეგუება ნიტრატის მაღალ კონცენტრაციას, თუმცა, როდესაც მაღალი ნიტრატის მქონე აკვარიუმში დაემატება ახალი თევზი, მას განუვითარდება ტოქსიკური შოკი, ეწ. “ძველი აკვარიუმის სინდრომი”.

მცენარეებს ესაჭიროებათ აზოტი, როგორც მათი ერთ-ერთი მთავარი საკვები ნივთიერება, ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი არის აზოტის ნაერთები და შესაბამისად ისინი წარმოადგენენ ჩვენი მცენარეებისთვის აუცილებელი საკვების წყაროს. ასე რომ,  მცენარეებითაც შესაძლებელია გავაუმჯობესოთ ბიოლოგიური ფილტრაცია ჩვენს აკვარიუმებში. მცენარეები ასევე გამოიმუშავებენ ჟანგბადს ფოტოსინთეზით, რომელიც თავის მხრივ სასარგებლო ბაქტერიების ეფექტურობას უწყობს ხელს.

ამიტომ თევზებთან ერთად გირჩევთ გქონდეთ ბუნებრივი მცენარეებიც. ეს მთელი პროცესი ისე არ უნდა გავიგოთ , რომ აზოტის კონცენტრაციის გასაზრდელად მეტი თევზის ჩასმაა აკვარიუმში საჭირო. ბევრი თევზი გამოიწვევს მეტ ნარჩენს, ფილტრის გადატვირთვას, მეტი ორგანული ნარჩენი დაგროვდება, რომელიც წყლის ხარისხს გააუარესებს და ალგეც აღმოცენდება ალგეს ყველაზე დიდი ხელშემწყობი არის ამიაკის მატება წყალში. აზოტის ციკლზე დამატებით ინფორმაციას ამ პოსტში წაიკითხავთ: აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი

ბიოლოგიური ფილტრაციის მასალები

ბიოლოგიური ფილტრაციის უამრავი ტიპის მასალა არსებობს, მათ შორისაა მექანიკური ღრუბელი,რომელიც უკვე დევს თქვენს ფილტრში.  

არსებობს კერამიკული ბურთულები, პლასტმასის ჩამოსხმული დეტალები, ვულკანური წარმოშობის მცირე ფრაქციის ქვები. რაც უფრო მეტი ზედაპირი ექნება მასალას, მით მეტი სასარგებლო ბაქტერია დასახლდება მასზე. 

ქიმიური ფილტრაცია 

ქიმიური ფილტრაცია დამოკიდებულია სპეციალურ ფილტრაციის მასალაზე. ის შეიწოვს აკვარიუმში არსებულ ქიმიურ ნაერთებს. 

ყველაზე პოპულარული ქიმიური ფილტრაციის ტიპია აქტივირებული ნახშირი. ის აკავებს მძიმე მეტალებს და ბიოლოგიურ ნარჩენებს. ძირითადად გამოიყენება წყლის გამჭვირვალეობის დასაბრუნებლად.ხანდახან დროებით იყენებენ აკვასკეიპში, რომ დეკორაციად გამოყენებული ხისგან გამოყოფილი ტანინისგან გაიწმინდოს წყალი.

საკამათო საკითხია, თუ რამდენად მისაღებია აქტივირებული ნახშირის გამოყენება, როდესაც ვიყენებთ ასევე მცენარის თხევად სასუქს. რადგანაც აქტივირებული ნახშირი ასევე ფილტრავს მცენარის თხევად სასუქში არსებულ ქიმიურ ელემენტებსაც. თუმცა აკვასკეიპერები წარმატებას აღწევენ აქტივირებული ნახშირით ფილტრაციით და პარალელურად სასუქების რეგულარული გამოყენებით. მთავარია ეს ბალანსი დაიცვათ. 

ქიმიური ცნობილი ფილტრაციის მასალაა ასევე ცეოლიტი (ამიაკის შესამცირებლად) და  ნიტრიტის და ფოსფატის გასანეიტრალებელი გრანულებიანი სპეციალური პოლიმერული ნივთიერებებისგან შექმნილი მასალა (Resin). მცენარეებიან აკვარიუმში მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ამ შენაერთებსაც  მცენარეები მოიხმარენ. არსებობს ისეთი რეზინები, რომელიც შეიძლება მრავალჯერადადი მოხმარებისაა. ქლორში ჩადებით რეზინი ისევ თეთრდება და თავიდან შეიძლება იქნეს გამოყენებული. 

შიდა ფილტრები

შიდა ფილტრები უშუალოდ აკვარიუმშია მოთავსებული, ფილტრაციის მასალის მცირე ადგილი აქვთ, მაგრამ საკმარის დინებასაც წარმოქმნიან.

ამ ფილტრში მოთავსებული ღრუბელი როგორც მექანიკურ ასევე ბიოლოგიურ ფილტრაციის როლს ასრულებს. არსებობს აქტივირებული ნახშირის კარტრიჯიანი ფილტრებიც.

ფილტრის ეს ტიპი ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა უარყოფითი მხარე მისი გაბარიტები აკვარიუმში და ვიზუალური მხარეა. არიან მწარმოებლები, რომლებსაც შიდა ფილტრშივე დამონტაჟებული გამათბობელს გვთავაზობენ . ასევე აკვარიუმებშივე არის კედლით გამოყოფილი ადგილი რაც ფარავს ფილტრს და გამათბობელს, რომელიც ხშირად ერევათ ე.წ. სამპში , რომელიც სულ სხვა რამ არის ვიდრე უბრალოდ აკვარიუმში გადატიხრული ნაწილი.

გარე ფილტრები

გარე, იგივე კანისტრული ფილტრები აკვარიუმის გარეთაა მოთავსებული, ძირითადად დაფარული აქვთ აკვარიუმის სადგამის ქვეშ, კარადაში.

მასში შესაძლებელია ფილტრაციის მასალის დიდი რაოდენობა მოთავსდეს. მოყვება კალათები, რომლებიც ერთმანეთის თავზე ეწყობა, კალათები ივსება სხვადასხვა ქიმიური, ბიოლოგიური თუ მექანიკური ფილტრაციის მასალებით. 

ამ ფილტრს აქვს ერთი შემავალი და ერთი გამომავალი მილი. შემავალ მილში აკვარიუმის წყალი გაივლის ფილტრის შრეებს  და ბრუნდება აკვარიუმში გამომავალი მილის საშუალებით. გარე ფილტრი საუკეთესო ვარიანტია აკვასკეიპერებისათვის.

აკვარიუმზე საკიდი ფილტრები 

აკვარიუმის საკიდი ფილტრები აკვარიუმში ნაკლებ ადგილს იკავებენ, რადგანაც ერთი შესასვლელი მილია მხოლოდ ვიზუალურად რაც ჩანს. გამოიყენება ნანო აკვარიუმებში.

გაცილებით ხელმისაწვდომია ვიდრე გარე ფილტრი, უარყოფითი მხარე კი მისი ცირკულაციაა, წყლის ჩაბრუნება აკვარიუმში ხდება ჩანჩქერისებურად და არა აკვარიუმის წყლის ზედაპირის პარალელურად. 

სამპი (იგივე ფილტრ-რეზერვუარი)

გაცილებით დიდი აკვარიუმებისთვის  გამოიყენება გარე რეზერვუარი, რომელშიც მოთავსებულია ყველანაირი მოწყობილობა და ფილტრაცია.

სამპი დამატებით მცირე ზომის აკვარიუმია, რომელსაც ძირითადი აკვარიუმის ქვეშ განათავსებენ ხოლმე. მასში დიდი რაოდენობის ფილტრის მასალა ეტევა, გამათბობელი, ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი და სხვა.

სამპის მოწყობას სპეციალური ცოდნა სჭირდება, მაგრამ უფრო მეტად ეფექტურად ახდენს ის აკვარიუმის წყლის გაწმენდას დიდ აკვარიუმებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ აკვარიუმი, რომელშიც უბრალოდ ტიხარია მოწყობილობების დასაფარად სამპი არ არის.

წყლის ცირკულაცია

აკვარიუმის წყლის ცირკულაცია აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს ჟანგბადის მიმოცვლა წყალსა და ჰაერს შორის. ჟანგბადი ესაჭიროება თევზს, კრევეტს, ლოკოკინას და ფილტრის სასარგებლო ბაქტერიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მცენარისთვისაც საჭიროა ჟანგბადი. დღისით, განთებისას ფოტოსინთეზის დროს Co2 შთანთქავს მცენარე და გამოყოფს ჟანგბადს, თუმცა ღამე მას ესაჭიროება ჟანგბადი და პირიქით გამოიყოფა Co2 .

კარგი ცირკულაცია ასევე მნიშვნელოვანია ნახშირბადის დიოქსიდის (იგივე ნახშირორჟანგი) გადასანაწილებლად , როდესაც ხელოვნურად ხდება მიწოდება სპეციალური სისტემით.

რაც უფრო მეტად მაღალი ენერგიის არის თქვენი აკვარიუმი ( მაღალი ენერგიის აკვარიუმს Hi Tech ეძახიან, როდესაც გამოიყენება ძლიერი განათება, co2 სისტემა, სასუქები და ა.შ) მით მეტი ცირკულაცია ხდება საჭირო.

ცირკულაციის მეთოდები

ცირკულაცია ძირითადად ხდება აკვარიუმის ფილტრებით, თუმცა გაძლიერება შესაძლებელია შიდა პომპით, ის დინებას და მიმართულებას აძლევს წყალს.

ძირითადად გამოიყენებენ დიდ აკვარიუმებში , სადაც ერთ ფილტრი ვერ უზრუნველყუოფს წყლის გადანაწილებას აკვარიუმის ყველა კუთხეში.

რა თქმა უნდა ცირკულაციისთვის დიდ აკვარიუმებში რამოდენიმე ფილტრის გამოყენებაც შეიძლება. თუნდაც კომბინირებულად შიდა და გარე ერთად.

წყლის ბრუნვა

აკვარიუმის ფილტრის ეფექტურობა დგინდება აკვარიუმში წყლის ბრუნვის მიხედვით. თუ რამდენ აკვარიუმის წყალს (ლიტრებში) აბრუნებს ფილტრი ერთ საათში. მაგალითად 80 ლიტრიან აკვარიუმში 400 ლ.სთში  ფილტრი იდეალური იქნება. ხშირად უფრო მეტი სიმძლავრის ფილტრაცია უკეთესია, როდესაც ბევრი  მცენარეა და ე.წ. და მაღალი ენერგიის აკვარიუმი გაქვთ (Hi.Tech). 

ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს  ცირკულაციის როგორი დონეა საჭირო აკვარიუმში. ამიტომ მხოლოდ გამოცდილებით და შეცდომებით შესაძლებელია ამის დადგენა.

ფილტრის გამომავალი ნაწილი

ფილტრის გამომავალი ნაწილის დიზაინზე დამოკიდებულია  წყლის ცირკულაცის ეფექტურობაც.

ბევრი ტიპის გამომავალი არსებობს, პირდაპირი ჭავლით, ნახვრეტებიდან გამომავალი და ე.წ. ლილი პაიპი (გარე ფილტრისთვის). ყოველ მათგანს აქვს უარყოფითი და დადებითი მხარე, ამიტომ სანამ არჩევანს გააკეთებთ წინასწარ სჯობს განისაზღვროს აკვარიუმის ზომის, წყლის ზედაპირის სიდიდის და სტილის მიხედვით .

მცენარეებიან აკვარიუმში წყლის ჭავლი ისე უნდა ნაწილდებოდეს, რომ ყველა მცენარე ოდნავ მაინც ირხეოდეს. ადგილებში, სადაც დიდი ჭავლია მცენარე შეიძლება დაზიანდეს.

ლილი პაიპები ეფექტურად ანაწილებენ წყალს აკვარიუმში და ზედაპირის მოძრაობასაც ახდენენ ჟანგბადის მიმოცვლისთვის. უარყოფითი აქვს ის, რომ ხშირად წმენდა სჭირდება, რადგანაც ვიზუალურად ეტყობა ნადებიც.

ფილტრის შემავალი ნაწილი და ნადების მოსახდელი ე.წ. სკიმერი 

შიდა ფილტრზე, წყლის შემავალი ნაწილი ზედ ფილტრზევეა . გარე ფილტრის შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტები არსებობს.

ძირითადად გარე ფილტრებს აქვთ U ფორმის მოხრილი, აკვარიუმის კიდეზე ჩამოსადები ნაწილი, რომლის ერთ მხარეზე არის ფილტრისკენ მიმავალი სილიკონის მილი მიერთებული, მეორე მხარე კი ჩადის აკვარიუმში, ბოლოში ე.წ. საცერით, საიდანაც შეიწოვება წყალი. მხოლოდ ვიწრო შესასვლელებია დატოვებული, რომ თევზი არ შეისრუტოს ან დიდი ნარჩენი არ შეყვეს ფილტრს.

შესაძლებელია მინის ან უჟანგავი ფოლადის ფილტრის შემავალი ნაწილით ჩანაცვლდეს ქარხნული, რომლებსაც აქვთ ასევე ტივტივა და წყლის შეწოვა ზედაპირიდანაც ხდება.

მცენარეებიან აკვარიუმში ზედაპირზე ხშირად ჩნდება ორგანული ნარჩენების თხელი ფირი, იგივე ნადები, ასე რომ სკიმერი აუცილებელიც არის. არსებობს ასევე ცალკე მდგომი სკიმერებიც. 

აკვარიუმის წყლის გათბობა

მცენარეებიანი აკვარიუმის ტემპერატურა ძირითადად უნდა იყოს 20 °C დან 28 °C მდე.

ტემპერატურაზე არის დამოკიდებული აკვარიუმში ბიოლოგიური პროცესების სიჩქარე. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, შესაბამისად მეტად სწრაფად სუნთქავს თევზი, მეტი საკვები სჭირდება და მეტ ნარჩენს გამოყოფს. მცენარეებიც უფრო სწრაფად იზრდებიან, მეტ საკვებს მოითხოვენ და მეტ ნარჩენს გამოყოფენ დამპალი, ძველი ფოთლების სახით. ალგეც უფრო სწრაფად მაღალ ტემპერატურებზე ვრცელდება.

წყალშიც გაცილებით ნაკლები ჟანგბადია, როდესაც წყალი თბილია. ასე რომ სჯობს ამის მიხედვით აარჩიოთ თევზები და მათთვის დასაშვებ მინიმალურ ტემპერატურაზე გქონდეთ წყალიც.

გამათბობლის ტიპები

ორი ძირითადი ტიპი არსებობს აკვარიუმის გამათბობელის. შიდა და გარე. 

ორივე ტიპის გამათბობელს აქვს შიდა თერმოსტატი, რაც ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას.

შიდა გამათბობელის დადებითი მხარე მისი ხელმისაწვდომობა და ფასია. ასევე ის, რომ მათი გამოყენებისთვის გარე ფილტრი არ არის საჭირო. უარყოფითი კი მისი ვიზუალური მხარეა. აკვასკეიპის ესთეთიკური თვალსაზრისით (თუმცა მოხერხებულად დამალვაც შეიძლება მცენარეების უკან)

გარე გამათბობლები დამონტაჟებულია გარე ფილრის წყლის გამომავალ მილზე. რეკომენდებულია, რომ თვეში ერთხელ გაიწმინდოს გამათბობელის შიდა კედლები, რადგანაც შიგნით გროვდება ნადები და წყლის ცირკულაციას ხელს უშლის.


არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.