აკვარიუმის გრუნტის ტიპები
აკვარიუმის გრუნტის ტიპები

აკვარიუმის გრუნტის ტიპები

გადაწყვიტეთ აკვარიუმის შეძენა და გაინტერესებთ თუ რა ტიპის გრუნტი გამოიყენოთ? გჭირდებათ თუ არა ის საერთოდ? ამ პოსტში გაგაცნობთ აკვარიუმის ჰობიში გავრცელებულ გრუნტის სამ ტიპს: კენჭებს, ქვიშას და აკვასოილს.

აკვარიუმი გრუნტის გარეშე

აკვარიუმში გრუნტს არ იყენებენ რამოდენიმე შემთხვევაში.  უგრუნტო აკვარიუმი ადვილი მოსავლელია, ამ დროს თევზის ნარჩენი აკვარიუმის მინის ძირზე გროვდება და სიფონით შეიძლება მარტივად გასუფთავდეს. 

აკვარიუმები ცარიელი ძირით გამოიყენება სალიფსიტესთვის, გასამრავლებლად, დაავადებული თევზის დროებით კარანტინისთვის, ან თევზის მაღაზიებში. ასეთ შემთხვევებში თევზის ჯანმრთელობა აკვარიუმის ვიზუალურ მხარეზე მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ მოსავლელად მარტივია, ესთეთიკური თვალსაზრისით არ არის ლამაზი. ცარიელი მინის ძირი სარკისებურად ირეკლავს განათებას,  ხშირად ჩანს მოწყობილობებიც, თევზის და საკვების ნარჩენი ადვილად ემჩნევა  და ა.შ

გრუნტი კი აკვარიუმს ბუნებრივობას სძენს, ბუნებრივობა კი აკვასკეიპში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.

აკვარიუმის გრუნტი მნიშვნელოვანია ასევე ქვემოთ მცურავი თევზებისთვის.

კორიდორასები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და საკვებს გრუნტში ეძებენ
აკვარიუმის გრუნტის ტიპები

სხვადასხვა ზომის, სახის, ფორმის თუ ფერის გრუნტი არსებობს, თუმცა ძირითადად სამ ტიპად შეიძლება დავყოთ: კენჭები, ქვიშა და აკვარიუმის მიწა(რომელსაც შემდეგში აკვასოილად მოვიხსენიებ).

ბლოგ პოსტის ამ ნაწილში განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

კენჭები

კენჭების გრუნტი შეიძლება შეგვხდეს სხვადასხვა ტიპის, წვრილი თუ მსხვილი ფრაქციის. ახალბედები ხშირად ამ ტიპის გრუნტს იყენებენ, ის ხელმისაწვდომია და ფერის არჩევანიც დიდია. ზოგს ბუნებივი ფერი მოსწონს, ზოგს შეღებილი; ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი და ა.შ. აკვასკეიპში ამგვარი ფერადი კენჭები და ხელოვნური დეკორაციები არ გამოიყენება და ამ ბლოგშიც შესაბამისად არ დაეთმობა განსაკუთრებული ადგილი ამ თემას, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ ფერადი კენჭების შეძენას, გაარკვიეთ რას ყიდულობთ. თუ ხარისხში ეჭვი შეგეპარათ სჯობს მეტი გადაიხადოთ და გამოიწეროთ უსაფრთხო ფერადი კენჭები. მაგალითად ბრენდი “GloFish”ის გრუნტი დამზადებულია ისეთი მასალისგან რომელსაც არც ფერი გასდის და არც თევზებისთვისაა მომწამვლელი.

გრუნტის არჩევისას დარწმუნდით, რომ არ იყოს ბასრი, აარჩიეთ მრგვალ კიდეებიანი მასალა. ბასრ გრუნტზე ქვემოთ მცურავ თევზებს უზიანდებათ ფარფლები. დაზიანებულ ადგილებში კი ბაქტერიული ინფექციების განვითარების დიდი რისკია. მიუხედავად იმისა, რომ არ შეიცავს მცენარის ზრდისთვის საჭირო საკვებს, მაინც შეიძლება მარტივი მცენარის გაზრდა თუ მივაწვდით დამატებით მინერალურ საკვებს ტაბლეტების ან კაფსულების სახით.

ვულკანური წარმოშობის კენჭები
დადებითი მხარე
  • ხელმისაწვდომია;
  • მასალის, ფერის დიდი არჩევანია;
  • მძიმეა , წმენდის დროს ადვილად არ მოძრაობს და არც სიფონში ხდება შეწოვა;
  • ინერტულია, ანუ არ გამოყოფს მინერალებს და შესაბამისად წყლის პარამეტრებს არ ცვლის. 
  • არ გამოყოფს ამიაკს
უარყოფითი მხარე: 
  • არ შეიცავს მცენარისთვის საჭირო საკვებს.
  • ხშირად სჭირდება ვაკუუმით წმენდა, რადგანაც ადვილად ჩადის თევზის ნარჩენი კენჭებს შორის. 
  • შეიძლება იყოს ბასრი;
ქვიშა

რადგანაც ქვიშა წვრილი და რბილი მასალაა, ის იდეალურია ქვემოთ მცურავი, რბილ მუცლიანი თევზებისთვის. 

კენჭებიან გრუნტთან შედარებით არც ფერების დიდი არჩევანია, ძირითადად გვხვდება თეთრ, შავ, ღია ყავისფერ და ბეჟ ფერებში.

აკვარიუმის ნატურალური ქვიშა
დადებითი მხარე: 
  • რადგანაც ის საკმაოდ წვრილი ნაწილაკებისაგან შედგება, ნარჩენები ადვილად არ ჩადის აკვარიუმის ძირამდე. ზედაპირზე იყრის თავს და ამიტომ მარტივი ხდება გასუფთავებაც. სიფონის ზედაპირთან მიტანითაც შეიძლება ნარჩენების ამოღება.
  • არ გამოყოფს ამიაკს
უარყოფითი მხარე
  • დასიფონების დროს ქვიშის ნაწილაკები ადვილად  შეიწოვება, ამიტომ ხშირად საჭიროებს ქვიშის დამატებას;
  • ქვიშის ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს ფილტრებში, პომპაში, ეს კი მოწყობილობების დაზიანებას იწვევს;
  • წყლით ავსება სიფრთხილით უნდა მოხდეს, რომ არ გაიბნეს ნაწილაკები მთელს აკვარიუმში.
  • ქვიშა არ შეიცავს მცენარის ზრდისთვის საჭირო მინერალებს, დამატებით სასუქის მიწოდებაც არ არის ეფექტური ქვიშაში მცენარის გასაზრდელად, რადგანაც მისი კომპაქტურობა ხელს უშლის მცენარის ფესვის განვითარებას. 
  • ცნობილია რომ კომპაქტურობის გამო, ამგვარ გრუნტში ჟანგბადის მიმოცვლა არ ხდება და ფორმირდება ანაერობული ადგილები.  ამ ანაერობულ სივრცეებში ჩნდება ბაქტერიები, რომელიც ნიტრატებს ამიაკად გარდაქმნის. 
  • ამიტომ თუ მაინც გადაწყვეტთ ქვიშის გრუნტს, მოათავსეთ მხოლოდ თხელი ფენა, იყოლიეთ ქვემოთ მცურავი თევზები, რომლებიც მუდმივად ეხებიან გრუნტს, ასევე შეგიძლიათ ხელით გაშალოთ და გადაანაწილოთ წყლის ცვლის დროს.
აკვასოილი (სუბსტრატი)

აკვასოილი (აკვარიუმის მცენარეების მიწა,იგივე სუბსტრატი) გვხვდება გრანულების სახით. ის თიხით ან ვულკანური მიწის დამუშავებით მიიღება. აკვასკეიპში პოპულარული სუბსტრატის ბრენდებია თიხაზე დამზადებული UNS Controsoil, Aquario NEO Soil და ვულკანური წარმოშობის ADA Amazonia და Fluval Stratum. 

აკვასოილს არ აქვს ფერის ან ზომის არჩევანი, მისი დანიშნულებაა წყლის მცენარეების გაზრდაა აკვარიუმში და არა ვიზუალური მხარე. გრანულები შეიცავენ სასარგებლო მინერალებს და მცენარეების ფესვების გაშლაც მარტივად ხდება. გრანულებს ზედაპირის საკმარისი მოცულობა აქვთ იმისათვის რომ სასარგებლო ბაქტერიები დასახლდნენ. სასარგებლო ბაქტერიების მნიშვნელობაზე გაიგებთ ამ ლინკზე აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი.

თიხის აკვასოილი

აკვასოილი არის აქტიური გრუნტი, ეს იმას ნიშნავს რომ წყლის პარამეტრებს ცვლის . მაგალითად ამცირებს წყლის მჟავიანობას (pH) და არბილებს წყალს. ეს კი ტროპიკული თევზისთვის და კრევეტისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

გაითვალისწინეთ, რომ ვულკანური წარმოშობის აკვასოილები თავიდან გამოყოფენ ამიაკს, რაც თავის მხრივ აკვარიუმის აზოტის ციკლის დაწყებას უწყობს ხელს,მაგრამ

სანამ არ დასრულდება ეს ციკლი, ანუ ამიაკი და ნიტრიტის დონე ნულს სანამ არ მიაღწევს არ იქნება შესაძლებელი თევზის ჩასმაც. დამწყებებს ვურჩევ შეისწავლონ აზოტის ციკლი.

გარკვეული დროის შემდეგ ( 1-2 წელიწადში )აკვასოილი იფიტება და მცენარის კვებისთვის საჭირო ხდება დამატებით ფესვების სასუქის მიწოდება.

შერეული გრუნტი

აკვასკეიპინგში შეიძლება სხვადასხვა ტიპის გრუნტიც გამოვიყენოთ ერთად. მაგალითად,  თუ გსურთ რომ მცენარეებიან აკვარიუმში იყოს ღია ადგილი, შეგიძლიათ აკვარიუმის წინ განათავსოთ ქვიშა და აკვარიუმის უკანა მხარეს  – აკვასოილი, რომელშიც ჩარგავთ მცენარეებს. იმისათვის, რომ მცენარეებს ფესვთა სისტემა განუვითარდეთ საჭიროა აკვასოილის მინიმალური სიღრმის წესის დაცვა. ის დაახლოებით 5-დან 7 სმ სიღრმის უნდა იყოს.

ბარიერებად სჯობს გამოიყენოთ მოზრდილი ზომის ქვები, რადგანაც დროთა განმავლობაში ორი სხვადასხვა გრუნტი ერთმანეთში აუცილებლად აირევა, რაც რა თქმა უნდა ვიზუალურად არ იქნება მიმზიდველი.

დისკუსების აკვარიუმი შერეული გრუნტით

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.