აკვარიუმის თევზების დაავადებები
აკვარიუმის თევზების დაავადებები

აკვარიუმის თევზების დაავადებები


გაფრთხილება: მკურნალობისას ყოველთვის დაიცავით ზუსტი დოზები და მკურნალობის პერიოდი. თუ აკვარიუმში დაავადება რამოდენიმე თევზიდან მხოლოდ ერთს აქვს, სჯობს ის კარანტინში გადასვათ და ცალკე უმკურნალოთ. მთლიანი აკვარიუმის მკურნალობისას კი გაითვალისწინეთ ამ მედიკამენტების სხვა თევზებზე, ლოკოკინებზე, კრევეტებზე, მცენარეებსა და აკვარიუმის ბიოლოგიურ ბალანსზე მოქმედება და უარყოფითი შედეგი.

დახურულ ეკოსისტემაში თევზებს ხშირად უვითარდებათ სხვადასხვა დაავადებები, სამწუხაროდ ბევრი მოყვარული ამ სიმპტომებს გვიან ამჩნევს, ან ყურადღებას არ აქცევს, იმ იმედით, რომ თავისით გაუვლის და ამიტომ მკურნალობაც დაგვიანებული ხდება. ამ პოსტში წაიკითხავთ თევზის სტრესის გამომწვევ მიზეზებზე, თევზის ლორწოვან გარსზე, ბაქტერიულ და პარაზიტულ დაავადებებზე, მათ ამოცნობაზე და მკურნალობაზე.

თევზის დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია გარე პარაზიტები, შიდა პარაზიტები, ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციები. ეს დაავადებები კი ჩვენს აკვარიუმის ბინადრებს ხშირად სტრესის გამო ემართებათ. მკურნალობა დაავადებების საწყის ეტაპზე ეფექტურია, მაგრამ სჯობს თავიდანვე იცოდეთ რა მიზეზით ავადდებიან და გაარკვიოთ თუ როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება.

რამოდენიმე რჩევა დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
  • ახალი თევზის მოყვანისას ძველი წყალი, რომელშიც თევზი ტრანსპორტირებისას იმყოფებოდა აუცილებლად უნდა გადაასხათ. შეიძლება ახლად მოყვანილ თევზს გარეგნულად არ ეტყობოდეს დაავადება, მაგრამ წყალს მოჰყვეს პარაზიტები, ბაქტერიები და სხვა არასასურველი მიკრო ორგანიზმები. მაგალითად ჰიდრა, სხვადასხვა მატლები, მათი კვერცხები, ბაქტერიები, რომლებიც თვალით არ ჩანან, ან ინვაზიური პარაზიტები.
  • საჭიროა ახალი მცენარეების დეზინფექციაც, რადგან მცენარეზეც შესაძლოა იყოს პარაზიტების კვერცხები და ბაქტერიები. ამ პოსტში წაიკთხავთ თუ როგორ ხდება მცენარის გასუფთავება მცენარეების დეზინფექცია
  • თუ არ გსურთ გარისკვა, ყველა ახლად შეძენილი თევზი სასურველია კარანტინში მოათავსოთ, რადგანაც მაღაზიებში, ან ტრანსპორტირებისას სტრესში იმყოფებიან. როგორც ავღნიშნეთ სტრესში მყოფი თევზი დაავადებების მიმართ მიდრეკილია და შეიძლება თქვენს უკვე არსებულ აკვარიუმში გაავრცელონ სხვადასხვა ბაქტერიული თუ პარაზიტული დაავადებები. კარანტინისთვის არ არის აუცილებელი გქონდეთ ცალკე აკვარიუმი, შეიძლება მოზრდილი კონტეინერიც გამოიყენოთ. რა თქმა უნდა ფილტრით და გათბობით(თუ თბილი წყლის თევზი გყავთ). წინასწარ კი ყოველთვის სჯობს დაგეგმოთ და არ შეიძინოთ თევზი იმპულსურად, ამგვარად კარანტინითაც მომზადებული შეხვდებით. კარანტინი 2დან 4 კვირამდე გრძელდება, გააჩნია რომელ მეთოდს აირჩევთ , მედიკამენტების თუ მათ გარეშე. პრევენციის მიზნით შეგიძლიათ წამლით უმკურნალოთ ვიზუალურად ჯანმრთელ თევზსაც . 2 კვირაში წამლით მკურნალობა შედეგს გამოიღებს და მოკლავს ბაქტერიებს და პარაზიტებს.
კარანტინისთვის გამოყენებული პლასტმასის კონტეინერი

აუცილებლად წაიკითხეთ:

რჩევები დამწყებს

აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი

წყლის პარამეტრები

სტრესი და თევზის ლორწოვანი გარსი

რა გავლენას ახდენს სტრესი თევზზე? მოდით ჯერ გავარკვიოთ თუ რას წარმოადგენს თევზის კანი და რა როლს ასრულებს თევზის ჯანმრთელობაში მისი კანის პირველი შრე- ლორწოვანი გარსი.

თევზის სხეული ლორწოვანი გარსითაა დაფარული, ის შედგება გლიკოპროტეინისგან (ცილისა და ნახშირწყლის ნაერთი) და დამცავი ბარიერის როლს ასრულებს. იცავს როგორც ფიზიკური დაზიანებისგან , ასევე მავნე ნივთიერებებისა და ინფექციებისგან. ლორწოვანი გარსი თევზს წყლის წინაღობის დაძლევაშიც ეხმარება.

თევზის კანს რამოდენიმე ფენა აქვს. დერმისი წარმოქმნის ფარფლების ფენას, თვითონ ფარფლები კი თხელი ეპიდერმისის ფენითაა დაფარული. ლორწოს გამოყოფს ფიალისებრი (გობლეტის) უჯრედები , რომლებიც ეპიდერმისშია განლაგებული.

თევზს ლორწოვანი გარსი უზიანდება ორი ძირითადი მიზეზით. ეს არის მექანიკური დაზიანება და სტრესი.

თევზის კანის ლორწოვანი ნაწილის ფიზიკური დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა. მაგალითად ბადით ამოყვანისას თევზი ფართხალს იწყებს და ლორწოვანი გარსი მექანიკურად უზიანდება, ეს რომ არ მოხდეს საჭიროა ბადით დაჭერის შემდეგ, წყალშივე გადასვათ ჭიქაში და შემდე უკვე კონტეინერში თუ პარკში. ფიზიკური დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ასევე უხეშმა გრუნტმა, დეკორაციებმა, სხვა თევზების ნაკბენმა.

სხვა მიზეზები კი სტრესს უკავშირდება. არასტაბილური წყლის პარამეტრები, მოუმწიფებელ აკვარიუმში თევზების გაშვება, ჟანგბადის არასაკმარისი დონე, არასტაბილური ტემპერატურა, ამიაკი, ქლორი და სხვა მავნე ნივთიერებები თევზის სტრესს იწვევენ , სტრესში მყოფი თევზის კანის უჯრედები აღარ გამოყოფენ საკმარის ლორწოს და თევზი ხდება სრულიად დაუცველი, ბაქტერიები თუ პარაზიტები ადვილად აღწევენ მის კანში.

თევზების დაავადებები

თევზის ძირითადი დაავადებები ბაქტერიებისგან და პარაზიტებისგანაა გამოწვეული, ეს ორგანიზმები ჯანმრთელ თევზში ვერ ახერხებენ შეღწევას, მაგრამ როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო ლორწოვანი გარსის მთლიანობა დარღვეულია (სტრესის ან მექანიკური დაზიანების გამო) თევზის ორგანიზმი ვეღარ ახერხებს მათთან გამკლავებას.

თევზი, რომელიც კარგავს ლორწოვან გარსს, კარგავს ასევე საჭირო მინერალებს, ელექტროლიტებს, რომელიც უზრუნველყოფს თევზში სითხის მიმოცვლას . მტკნარი წყლის თევზი ამ დროს ზედმეტ წყალს იწოვს დაზიანებული კანიდან და იბერება. საბედნიეროდ არსებობს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ეხმარება თევზს აღადგინოს დაზიანებული გარსი, მაგრამ სანამ დაზიანდება უმჯობესია მანამდე გავუფრთხილდეთ.

თევზების დაავადებები შეიძლება დავყოთ კატეგორიებად . შიდა პარაზიტები, გარე პარაზიტები, ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი.

იხტიოფტირიოზი/გარე პარაზიტი

იხტიოფტირიოზი პარაზიტია, რომელიც თევზს გარსზე მიემაგრება, იკვებება კანით. მას სიცოცხლის 21-28 დღიანი ციკლი აქვს და ციკლის ხანგრძლივობაც წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ( ეტაპები: თევზზე მიმაგრება, ზრდა, თევზიდან მოცილება, გამრავლება და ახალი მასპინძლის ძებნა) თავიდან დაავადებული თევზის კანზე, ლაყუჩებზე, კუდზე თეთრი ფერის წერტილები ჩნდება, ამ ცისტებში პარაზიტი ბუდობს და აზიანებს თევზის ლორწოვან გარსს. რამოდენიმე დღეში ცისტა მწიფდება და ძვრება. უკვე ჩამოცვენილი პარაზიტის ცისტიდან 1000ჯერ მეტი პარაზიტი გამოდის, რომლებიც წყალში დაცურავენ და ისევ ახალ მასპინძელს ეძებენ. ზუსტად ამ დროსაა ეფექტური მკურნალობა.

რადგანაც ზუსტად არ ვიცით როდის მოძვრება ცისტა თევზს, საჭიროა სიმპტომების გაჩენისთანავე დავიწყოთ მკურნალობა. თუ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, ცისტები გამრავლდებიან, მიემაგრებიან ლაყუჩებში, ფარფლებზე კუდზე, თვალებზე, ხელს შეუშლიან ჟანგბადის ათვისებაში, თევზები შესაძლოა დაბრმავდნენ და მოკვდნენ. დამატებით დაზიანებულ კანში შესაძლოა მეორადი, ბაქტერიული დაავადება გაჩნდეს. საკმაოდ უცებ ხდება სხვა თევზებზე გავრცელებაც. თუ უკვე გაქვთ “იხტიოსთან” ბრძოლის გამოცდილება , შეამჩნევდით, რომ ზოგიერთ თევზს გაცილებით ცოტა რაოდენობის ცისტა აქვს ტანზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ლორწოვანი გარსი გაცილებით ჯანმრთელი და მთლიანი იყო. რაც უფრო ჯანმრთელია თევზი, მით ნაკლები ცისტა შეაღწევს მის კანში.

იხტიოფტირიოზის სიმპტომები

●    წვრილი თეთრი წერტილები, თავიდან ბრჭყვიალა მარილის კრისტალებს ჰგავს, შემდეგ მომწიფებისას კი გლუვი თეთრი ფერი აქვთ

●    მძიმე და გახშირებული სუნთქვა

●    ლეთარგიულობა და მადის დაქვეითება

●    ქავილი, თევზი ცდილობს გათავისუფლდეს პარაზიტისგან, გრუნტზე, მცენარეებზე და დეკორაციებზე ხახუნით

როგორ ვუმკურნალოთ იხტიოფტირიოზით დაავადებულ თევზს

“იხტიოს” მკურნალობის დასაწყისში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი

  • რა სახის თევზები გყავთ
  • არის თუ არა აკვარიუმში კრევეტები, ლოკოკინები და კიბოსნაირები
  • მცენარეებიანია თუ არა აკვარიუმი.

ზეპირად სხვის რჩევებს ნუ გაითვალისწინებთ, სხვადასხვა წამლის გამოყენებით შესაძლოა გააფუჭოთ მცენარეები, ავნოთ თქვენს აკვარიუმის ბინადრებს, ამიტომ სჯობს თქვენი აკვარიუმის და მასში მყოფი თევზების მიხედვით აარჩიოთ მკურნალობის მეთოდიც.

“იხტიოს” ციკლი შეიძლება ტემპერატურის აწევით დავაჩქაროთ და გავზარდოთ მაგალითად 30 გრადუსამდე, მაგრამ ამ ნიშნულზე პარაზიტი არ მოკვდება. ზოგიერთი შტამი ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მდგრადია. ტემპერატურის მომატება უნდა მოხდეს ეტაპობრივად (2 გრადუსი ყოველ 12 საათში) ტემპერატურის აწევისას უნდა გაითვალისწინოთ თევზის სახეობაც, თუ რამდენად გაუძლებს ის ამ ცვლილებას.

ტემპერატურით მკურნალობის მეთოდს აქვს რისკებიც. უკვე დაავადებული თევზისთვისაც დამატებითი სტრესია ტემპერატურის მომატება, ისედაც დასუსტებულ თევზს მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა გაუუარესდეს ჟანგბადის ათვისება და მოკვდეს. “იხტიო” კვდება 32 ცელსიუსის ზემოთ, ამიტომ ამ შემთხვეევაში თევზის კარანტინში გადასმაა საჭირო ფილტრიანად, რადგან მაღალ ტემპერატურაზე სასარგებლო ბაქტერიებიც კვდებიან. მაღალ ტემპერატურაზე აკვარიუმში მყოფი პარაზიტი მოკვდება, მაგრამ კარანტინში მყოფი თევზების ცალკე მკურნალობაც იქნება საჭირო.

ზოგიერთი მიმართავს მარილით მკურნალობას, მაგრამ ეს მეთოდიც არ არის დამტკიცებული, რომ ბოლომდე კლავს და მკურნალობს “იხტიოს” პარაზიტს. არ გამოიყენოთ თუ გყავთ ლოკოკინები, მცენარეები, გარკვეული სახეობის თევზები, მაგალითად კორიდორასები მგრძნობიარეები არიან მინერალების მიმართ.

ყველაზე ეფექტური მედიკამენტით მკურნალობაა. სამწუხაროდ, მედიკამენტებით მკურნალობაც სტრესია თევზისთვის და შეიძლება მკურნალობა ვერ გადაიტანონ. საშუალო სიძლიერის წამლის გამოყენებით მკურნალობა 14 დღე გრძელდება, თუმცა თუ პარალელურად ტემპერატურას რამოდენიმე გრადუსით გავზრდით ( და არა მაქსიმუმამდე) ამით პარაზიტის ციკლიც მალე დასრულდება.

წამლით მკურნალობის დროსაც გასათვალისწინებელია წამლის შემადგენლობა. ყველაზე ეფექტურად იხტიოფტირიოზთან ბრძოლა შესაძლებელია სპილენძის (Cu+2)შემცველობის წამლით. მაგრამ თუ გაქვთ მცენარეებიანი აკვარიუმი, გყავთ მგრძნობიარე თევზები, ლოკოკინები და კრევეტები ამ ძლიერმოქმედი და ეფექტური წამლით მკურნალობა არ შეიძლება. სპილენძის შემცველობის წამლით მკურნალობისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ამოიღეთ ქიმიური ფილტრაცია
  • არ გამოიყენოთ ქლორის , ქლორამინის და მეტალების გამანეიტრალებელი ხსნარი
  • არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორი
  • არ გამოიყენოთ მცენარეებიან აკვარიუმში
  • ამოსვით კიბოსნაირები, მათ შორის კრევეტები ლოკოკინებიც

მკურნალობის პერიოდში, საჭიროა გრუნტი დაასიფონოთ და წყალი გამოცვალოთ 20-25%ით, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლად მცურავი პროტოზოა მოშორდეს წყალს.

შორსწასული იხტიოფტიროზის დაავადების მკურნალობის შემდეგ , ხშირად საჭირო ხდება მეორად , ბაქტერიულ ან სოკოვან დაავადებებზე მკურნალობაც. დაზიანებულ კანში უკვე ბაქტერიული ან სოკოვანი დაავადებების შეჭრა ხდება, ერთ ერთი სიმპტომი მაგალითად ფარფლების ლპობაა.

იხტიოფტირიოზი, ცისტებით დაფარული თევზი
ფარფლების ლპობა/ბაქტერიული და სოკოვანი

ფარფლების ლპობა ხშირად უვითარდებათ სტრესულ გარემოში მყოფ თევზებს ან დაბინძურებულ წყალში მყოფებს. ამ დროს ფარფლების ბოლოები ეხევათ და ხდება მათი თანდათან ლპობა და განლევა. საბოლოოდ მთლიანად განილევა კუდი და ფარფლები, თევზი ვეღარ ცურავს და კვდება.

ფარფლების ლპობის სიმპტომები

●    დანაწევრებული, გახეული ფარფლები

●    ფარფლების განლევა

●    მადის დაქვეითება და ლეთარგიულობა

ფარფლების ლპობის მკურნალობა

პირველ რიგში უნდა გაირკვეს რას შეეძლო გამოეწვია ეს პრობლემა, უძღოდა თუ არა ამას წინ სხვა დაავადება, უნდა შემოწმდეს წყლის ხარისხი. თუ დაბინძურებულ წყალში იმყოფება თევზი უნდა მოხდეს წყლის გამოცვლა. შეამოწმეთ წყლის პარამეტრები. არ გადატვირთოთ აკვარიუმი თევზებით. არ ჩაუყაროთ ბევრი საკვები.

რადგანაც ფარფლების ლპობა გამოწვეულია ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით, უმჯობესია კომბინირებული მედიკამენტი გამოიყენოთ. მაგრამ უნდა დარწმუნდეთ , რომ ორი მედიკამენტის ერთდროული გამოყენება უსაფრთხოა. მაგალითად ერითრომიცინის შემცველობის ანტიბიოტიკი და სოკოვანი ინფექციის სამკურნალო, მეთილენის ლურჯის ერთდროულად გამოყენება არ შეიცავს საფრთხეებს.

რჩევა: ნებისმნიერი წამლით მკურნალობისას ფილტრიდან ამოიღეთ აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი, რადგანაც ის ანეიტრალებს წამლების შემცველობას და მკუნრალობაც არაეფექტურია.

ნეონ ტეტრას ფარფლების ლპობა. საწყისი სტადია
შიდა პარაზიტები

“შიდა პარაზიტები” პარაზიტების სახეობების ფართე კატეგორიაა და მოიცავს დაავადებებს, რომლებსაც იწვევენ ჰელმინთები ან ბრტყელი ჭიები, რომლებიც თევზის ორგანიზმში ცხოვრობენ. ეს პარაზიტები იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თევზის სიგამხდრე, თავის მიდამოში ჩაღრმავების გაჩენა. შიდა პარაზიტები თევზით იკვებებიან და თანდათან აცლიან სასიცოცხლო უნარს. პარაზიტი მრავლდება მასპინძელ სხეულში და შემდეგ უკვე დაავადებული თევზის მიერ გამოყოფილი ნარჩენით ვრცელდება სხვა თევზებზე.

შიდა პარაზიტებით დაავადებული თევზის სიმპტომები

●   შევარდნილი მუცელი და სიგამხდრე ან გაბერილი მუცელი, რომელშიც შეიმჩნევა მოძრაობა.

●   თეთრი განავალი

●  დაქვეითებული მადა და ენერგია

● წყლის ზედაპირზე ამოსვლა

შიდა პარაზიტების საწინააღმდეგო მკურნალობა
  1. თუ გაქვთ აქტივირებული ნახშირის ფილტრის კარტრიჯი, ამოიღეთ სანამ წამლით მკურნალობას დაიწყებთ
  2. ჭიის წამალი არ გამოიყენოთ თუ გყავთ აკვარიუმში კრევეტები და ლოკოკინები. (მკურნალობის შემდეგაც დიდი ხნით რჩება წამალი აკვარიუმში)
  3. გამოიყენეთ წამალი, რომელიც შიდა პარაზიტებისთვისაა განკუთვნილი მაგალითად მეტრონიდაზოლის , პრაზიკვანტელის ფენბენდაზოლი, ლევამიზოლის შემცველობით. დაიცავით ზუსტი დოზები. მკურნალობა ძირითადად 5 დღე გრძელდება , გადაამოწმეთ მედიკამენტის ინსტრუქციებში.
  4. მკურნალობის პირველ ეტაპზე თევზის ანუსიდან გამოიყოფა პარაზიტი, რომელიც ვარდება გრუნტზე, ამიტომ მკურნალობის შემდეგ უნდა მოხდეს გრუნტის წმენდა სიფონით.
  5. შიდა პარაზიტებზე მკუნრლობა უნდა გამეორდეს ორ კვირაში, რადგანაც ჩატარებული მკურნალობა პარაზიტის კვერცხებზე არ მოქმედებს, ორ კვირაში კი კვერცხიდან უკვე გამოჩეკილი იქნება პარაზიტი.
ბაქტერიული დაავადებები
ჰემორაგიული სეპტიცემია(ბაქტერიული)

ჰემორაგიული სეპტიცემიის ნიშნებია თევზის სხეულზე წითელი სისხლნაჟღენთები. ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია ხვდება თევზის ორგანიზმში და აზიანებს შინაგან ორგანოებს, სისხლძარღვებსა და გულს.

ჰემორაგიული სეპტიცემიით დაავადებული თევზის გარეგანი ნიშნები
  • გამოხატული წითელი ლაქები, სისხლჩაქცევები ტანზე , ლაყუჩებსა და კანზე
  • წინ წამოწეული თვალები
  • შებერილი მუცელი
  • ღია ჭრილობები
ქცევითი ნიშნები
  • გახშირებული სუნთქვა
  • წყლის ზედაპირზე ამოსვლა
  • უკონტროლო ცურვა
რა იწვევს ჰემორაგიულ სეპტიცემიას?

ჰემორაგიული სეპტიცემია შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანიზმებმა ან ამიაკის მაღალმა დონემ. ამის მიზეზი კი არასაკმარისი ფილტრაცია, ჭუჭყიანი წყალი და დიდი რაოდენობით ხრწნადი ორგანული ნარჩენია.

ჰემორაგიული სეპტიცემიით დაავადებული თვზის მკურნალობა

რადგანაც ეს დაავადება შინაგან ორგანოებს აზიანებს, ამიტომ სამწუხაროდ გარეგან, სიმპტომატურ მკურნალობას შედეგი არ აქვს. ხშირად საკვებში ამატებენ ანტიბიოტიკს, მაგალითად 250მგ-იან ქლორომიცეტინს ან ტეტრაციკლინს. 25 გრამ თევზის საკვებ ფირფიტებში ურევენ 1 კაფსულა ანტიბიოტიკს და აჭმევენ თევზს.

კოლუმნარისი

კოლუმნარისი გადამდები ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ობისმაგვარი თეთრი ლაქების გამო სოკოვან ინფექციაში ერევათ და არასწორად მკურნალობენ.

გარეგანი ნიშნები
  • დაფლეთილი ფარფლები
  • წყლულები
  • დაზიანებული ეპიდერმისის შრე
  • თეთრი, გლუვი, ობისმაგვარი ლაქები კანზე, ძირითადად გვხვდება ლაყუჩებზე
  • ლორწოვანი ლაყუჩები და თავი
  • ლაყუჩები იცვლიან ფერს, ხდება ღია ან ყავისფერი
ქცევითი ნიშნები
  • გაძნელებული სუნთქვა
  • მადის დაქვეითება
გამომწვევი მიზეზები

კოლუმნარისით ხშირად ავადდებიან სტრეულ გარემოში მყოფი თევზები, აკვარიუმში, სადაც დიდი ბიოლოგიური ნარჩენია. რაც თავის მხრივა გამოწვეულია თევზებით გადატვირთული აკვარიუმით, ლორწოვანი გარსის დაზიანებით, არასწორი კვებით, უხარისხო წყლით, არასტაბილური pH-ით.

კოლუმნარისის მკურნალობა

კოლუმნარისის გამომწვევი ბაქტერია ვერ ცოცხლობს ნატრიუმის ქლორიდის 1%იან კონცენტრაციაში, თუ დაავადება გავრცელების საწყის სტადიაშია, ნატრიუმის ქლორიდის აბაზანები მასთან ბრძოლის კარგი საშუალებაა. თუ მცენარეებიანი აკვარიუმი არ გაქვთ , შესაძლებელია მთელი აკვარიუმის მკურნალობაც. მცენარეების შემთხვევაში, ან უკვე შორსწასული დაავადების დროს, ანტიბიოტიკებით მკურნალობა ხდება სჭირო. ოქსიტეტრაციკლინი ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება გრამ-უარყოფითი ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ.

თუ დაავადებული თევზი მოკვდა, ის სასწრაფოდ უნდა ამოიღოთ აკვარიუმიდან, რადგანაც სხვა თევზები თუ ჭამას დაუწყებენ დაავადება უკვე შინაგან ორგანოებში გავრცელდება.

თევზის ტუბერკულოზი

თევზებში, ტუბერკულოზი შესაძლოა ვერც შეამჩნიოთ , რადგანაც არც იოლად ვრცელდება და არც მალევე ხდება სიმპტომების გამოვლენა. ზოგიერთი თევზი ჩვეულებრივად ცოცხლობს. უკვე დაავადებული თევზის სიმპტომები სხვა დაავადებების სიმპტომებს ჰგავს, ასე რომ დიაგნოზის დასმა, ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტის გარეშე რთულია. არ არსებობს მკურნალობის ეფექტური მეთოდიც, ამიტომ, როდესაც სიმპტომები გამოვლინდება თევზს ვეღარ შველიან და ევთანაზიას მიმართავენ, ანუ აძინებენ.

გარეგანი ნიშნები
  • ლეთარგიულობა
  • შეწეული მუცელი და დაწეული კუდი
  • დიდი თავი
  • ფერის დაკარგვა
  • წყლულები კანზე
  • გახლეჩილი ფარფლები
  • ქერცლის დაკარგვა
  • დეფორმაცია
  • ყვითელი ან მუქი კვანძები თვალებსა და სხეულზე
ქცევითი ნიშნები
  • მადის დაქვეითება
  • არაკოორდინირებული ცურვა
  • თევზი იწყებს მალვას დეკორაციების, ფილტრის უკან.
გამომწვევი მიზეზები

თევზის ტუბერტკულიოზი რამოდენიმე ტიპის მიკობაქტერიითაა გამოწვეული და ძირითადად მოუვლელ აკვარიუმში ჩნდება, სადაც თევზების რაოდენობა ბევრია და ფილტრაცია არასაკმარისი. ის აკვარიუმში შეიძლება მოხდეს აკვარიუმში ჩავარდნილი მწერისგანაც, მიკობაქტერიები ადვილად ვრცელდებიან წყლის დაბალი მჟავიანობის და მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მკურნალობა

სამწუხაროდ თევზის ტუბერკულოზის განკურნების 100% იანი საშუალება ან ვაქცინა არ არსებობს. როდესაც გაქვთ ეჭვი, რომ თევზს ტუბერკულოზი აქვს, სჯობს დააძინოთ, რომ სხვა თევზებზეც არ მოხდეს გავრცელება.

პრაქტიკაში კი მაინც გამოიყენება გარკვეული მეთოდები, თუმცა დამტკიცებული არ არის რომ რაიმე ეფექტი აქვს.

(ეს მეთოდებია: ბიოლოგიური ფილტრაციის გაზრდა, ნაკლები კვება, აერაცია, ულტრაიისფერი სტერილიზაცია და გარკვეული სახის მედიკამენტები)

გაფრთხილება : იშვიათია, მაგრამ მაინც არის რისკი ბაქტერიის თევზიდან ადამიანზე გავრცელების. ამიტომ თუ ხელზე ნაკაწრები და ჭრილობები გაქვთ, შიშველი ხელი არ ჩაყოთ აკვარიუმში და გამოიყენეთ ხელთათმანები .

თევზის ღვიძლის დაავადება (დროპსი)

თევზის ღვიძლის დაავადება გამოწვეულია ბაქტერიით. თევზის ორგანიზმში გროვდება სითხე, რომელიც აზიანებს შინაგან ორგანოებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თევზის გადარჩენა, თუ დიაგნოზის დასმა დაავადების ადრეულ სტადიაზე მოხდება, რაც მარტივი არ არის და სამწუხაროდ მაღალია სიკვდილიანობაც.

გარეგანი ნიშნები
  • შებერილობა
  • ფარფლები არის გარეთ გამოშვერილი, (აშლილი, გირჩისებური ფარფლები)
  • წამოწეული თვალები
ქცევითი ნიშნები
  • ლეთარგიულობა
  • მადის დაქვეითება
  • ლაყუჩების გახშირებული მოძრაობა
გამომწვევი მიზეზები

“დროპსი”(ინგლ.) გამოწვეულია აერომონას ბაქტერიით, რომელიც ზოგადად არსებობს აკვარიუმებში, თუმცა ჯანსაღ თევზს ეს ბაქტერია ვერ ერევა. როდესაც თევზი სტრესშია და ცუდი პირობები აქვს, მხოლოდ მაშინ შეიძლება განუვითარდეს ამ ბაქტერიით გამოწვეული დაავადება.

მკურნალობა

სამწუხაროდ გადარჩენის შანსი ნაკლებია, თუმცა შეიძლება დაავადებული თევზი კარანტინში გადასვათ და მაგნიუმის სულფატით სცადოთ მკურნალობა. ეს დაეხმარება თევზს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში. ერითრომიცინის შემცველობის ანტიბაქტერიული მედიკამენტითაც ხდება აერომონას ბაქტერიის წინააღმდეგ ბრძოლა.

ამოზნექილი თვალი

ეგზოფთალმია, ამოზნექილი თვალი, გამოწვეულია თვალის ბუდეში დაზიანებული კაპილარით, რომლიდანაც ხდება სისხლის გამოჟონვა და თვალის უკანა ნაწილში დაგროვება, სითხე შიგნიდან აწვება თვალს და შესაძლოა ბუდიდანაც ამოვარდეს.

გარეგანი ნიშნები
  • ერთი ან ორივე თვალის წამოწევა
  • ბუნდოვანი თვალი
  • სისხლჩაქცევები თვალში
  • რქოვანას გახლეჩვა
ქცევითი ნიშნები
  • მხედველობის დაკარგვა
  • ლეთარგიულობა
გამომწვევი მიზეზები

თვალის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ორი მიზეზით, წყლის მუდმივად ცუდი ხარისხით, თევზის არამომწიფებულ აკვარიუმში ჩასმით, სადაც აზოტის ციკლი არ არის დასრულებული და ფიზიკური დაზიანებით, მაგალითად ტრანსპორტირებისას ან სხვა თევზთან ჩხუბის დროს.

მკურნალობა

თუ დაზიანება მხოლოდ ფიზიკური მიზეზებითაა გამოწვეული, ვიტამინებით გაჯერებული საკვებით, წყლის სისუფთავით თანდათან აღდგება რქოვანა და შესიებაც.

ბაქტერიული ინფექციის დროს კი ანტიბიოტიკური მკურნალობაა საჭირო, მაგალითად იმავე ნივთიერებების შემცველობის მედიკამენტებით, რაც ფარფლების ლპობის დროს გამოიყენება.

დაბინდული თვალი
გარეგანი ნიშნები
  • თვალზე გადაკრული ბინდი, მოთეთრო ფერის
  • მიმაგრებული წვრილი ჭიები ან ცისტა (პარაზიტული)
ქცევითი ნიშნები
  • მხედველობის დაკარგვა
  • სტრესული ქცევა
გამომწვევი მიზეზები

დაბინდული თვალის მიზეზები შეიძლება იყოს წყლის პარამეტრები, პარაზიტები, სტრესი, ბაქტერიები, თევზის ასაკი ან არასწორი კვება.

მაგრამ ყველაზე ხშირად ავადდებიან წყლის ცუდი პარამეტრების გამო

მკურნალობა

როგორც თვალზე გადაკრულ ბინდს შეამჩნევთ, საჭიროა შეამოწმოთ წყლის ხარისხი, განსაკუთრებით კი ყურადღება უნდა მიექცეს pH-ის დონეს.

დიდი თევზი აკვარიუმში ბევრ ნარჩენს გამოყოფს და ბიოლოგიური ფილტრიც შესაბამისად მეტად მუშაობს.(ხდება ტოქსიკური ნივთიერებების გარდაქმნა ) ბიოფილტრაციის შემდეგ გამოყოფილი ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერება კი არის მჟავა. თუ ამას ემატება ისიც, რომ წყლის ცვლა ხშირად არ ხდება, აკვარიუმში წყლის მჟავიანობა საგრძნობლად იმატებს, ანუ pH მაჩვენებელი იკლებს, რაც თევზის ჯანმრთელობასთან პირდაპირ არის კავშირში. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა pH-ის გაზომვა და თუ ის 6.8 ppm ნიშნულზე ქვემოთაა მაშინ წყალი უნდა გამოიცვალოს . წყლის ხარისხის გამო დაზიანებული თვალი თევზს წყლის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად თანდათან აღუდგება.

თვალის პრობლემა შესაძლოა პარაზიტებმა და მეორადმა ბაქტერიულმა ინფექციებმაც გამოიწვიონ, რაზეც შესაბამისი კომპლექსური მკურნალობაა საჭირო. ხშირად კვების რაციონში А ვიტამინის ნაკლებობაც იწვევს თვალის დაზიანებას.

თევზის საცურაო ბუშტის დაავადება

თევზის საცურაო ბუშტი არის ჰაერით სავსე ორგანო, რომელიც თევზს საშუალებას აძლევს გაჩერდეს წყალში და არ დაკარგოს ამისთვის ზედმეტი ენერგია. როდესაც თევზს საცურაო ბუშტი უზიანდება ის ან ზემოთ ტივტივებს, ან ფსკერზეა.

ეს დაავადება ძირითადად ბეტა თევზებსა და ოქროს თევზებში გვხვდება. ზოგიერთ ქვემოთ მცურავ თევზში კი საერთოდ გამქრალია ორგანო, მაგალითად ქვემოთ მცურავ თევზებში.

გარეგანი ნიშნები
  • გაბერილი მუცელი
  • მოხრილი ხერხემალი
ქცევითი ნიშნები
  • თევზი იძირება და ვერ ახერხებს ზემოთ ამოსვლას
  • თევზი ტივტივებს და ამოყირავებულია, მუცლით ზემოთ.
  • თევზი დაცურავს თავით ქვემოთ და კუდით ზემოთ (ზოგიერთი თევზის სახეობისთვის ეს ბუნებრივი ცურვაა)
გამომწვევი მიზეზები

საცურაო ბუშტის პრობლემა ხშირად გამოწვეულია ჰაერის ყლაპვით ან საცურაო ბუშტის შეკუმშვით, მაგალითად როდესაც თევზი ბევრ გამხმარ საკვებს ჭამს, საკვები კუჭში ფუვდება, კუჭი იზრდება და აწვება საცურაო ბუშტს.

ხშირად ყაბზობაა პრობლემის მიზეზი, მაგალითად როდესაც მხოლოდ ცილოვან საკვებს იღებს თევზი, ვერ ხერხდება მონელება, ნარჩენი არ გამოიყოფა, ნაწლავებში გროვდება, რაც შემდეგ საცურაო ბუშტს აწვება.

პარაზიტული და ბაქტერიული ინფექციებიც იწვევენ საცურაო ბუშტის ანთებას. ფიზიკურმა დაზიანებამ , მაგალითად ვარდნამაც შეიძლება დააზიანოს თევზის ეს ორგანო.

ხანდახან კი უბრალოდ ფიზიკური დეფექტია.

მკურნალობა

რადგანაც საცურაო ბუშტის დაავადებას შეიძლება რამოდენიმე მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ არც კონკრეტული წამალი არსებობს რომლითაც უმკურნალებთ.

თუ საცურაო ბუშტის პრობლემა ზედმეტი კვებით, ან საკვების მოუნელებლობითაა გამოწვეული, შეგიძლიათ გადაიყვანოთ ცალკე კარანტინში და ორი, სამი გრადუსით მოუმატოთ ტემპერატურას. სამი დღის განმავლობაში არ აჭამოთ და მეოთხე დღეს მისცეთ უჯრედისით გაჯერებული საკვები, მაგალითად მოხარშული ბარდა.

თუ ეს მეთოდი შედეგს არ გამოიღებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ბაქტერიულ ან პარაზიტულ ინფექციას უკავშირდება, რაზეც შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს. ინფექციებით გამოწვეულ საცურაო ბუშტის პრობლემას სხვა გარეგანი სიმპტომებიც ექნება გამოხატული.

სოკოვანი დაავადებები
ბამბისებური ქერცლი

სოკოს სპორები ყოველთვის შეიძლება იყოს აკვარიუმში და ჯანმრთელ თევზს არაფერს ვნებდეს, მაგრამ როდესაც თევზის იმუნური სისტემა დასუსტებულია, ლორწოვანი გარსი დაზიანებულია, კანში ადვილად შეაღწევს სოკოს სპორები და დაავადებაც სწრაფად განვითარდება.

გარეგანი ნიშნები
  • ბამბისებური წანაზარდები სხეულზე, პირზე, ლაყუჩებსა და ფარფლებზე
ქცევითი ნიშნები
  • არ აქვს განსაკუთრებული ქცევითი სიმპტომები
გამომწვევი მიზეზები

ჭუჭყიანი წყალი, უსუფთაო გრუნტი, ბევრი თევზი აკვარიუმში და ნაკლები ფილტრაცია. შეიძლება დაავადება გაჩნდეს ფიზიკური დაზიანების დროსაც. მაგალითად ჩხუბის დროს, როდესაც სხვა თევზის მიერ ხდება თევზის გარსის კბენით დაზიანება.

მკურნალობა

მკურნალობა მარტივია, ანტიფუნგალური მედიკამენტებით შეიძლება პრობლემის მოგვარება. გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდი, მეთილენის ლურჯი, მალაქიტის მწვანე.

ვირუსული ინფექციები
ლიმფოცისტოზი

ლიმფოცისტოზი გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც იშვიათად იწვევს თევზის სიკვდილს, მაგრამ თევზის კანზე იწვევს წანაზარდებს და ამახინჯებს მას. თავიდან დიაგნოზის დასმა რთულია, რადგანაც თეთრი წერტილები იხტიოფტირიოზის ცისტებს ჰგავს.

გარეგანი ნიშნები
  • ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წანაზარდები ფარფლებსა და კანზე
ქცევითი ნიშნები
  • არ აქვთ განსხვავებული ქცევა სხვა ჯანმრთელ თევზებთან შედარებით
  • როდესაც წანაზარდები ვრცელდება ლაყუჩებზე და ფარფლებზე, სუნთქვის და ცურვის გაძნელება შეინიშნება
გამომწვევი მიზეზები

ვირუსი ვრცელდება აკვარიუმში დაავადებული თევზის ჩასმით და დაავადების გადამტანი ცოცხალი საკვებით. რისკების შესამცირებლად ახალი თევზის რამოდენიმე კვირით კარანტინში მოთავსება და ცოცხალი საკვების სანდო წყაროდან შეძენაა საჭირო.

მკურნალობა

სამწუხაროდ არ არსებობს ამ დაავადების სამკურნალო წამალი. ამიტომ თევზს უნდა გავუუმჯობესოთ პირობები, მოვაგვაროთ წყლის ხარისხის პრობლემა, რათა შემცირდეს სტრესი და თევზის ორგანიზმმა შეძლოს ვირუსთან ბრძოლა.

თუ წანაზარდებმა დაფარეს თევზის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, მაგალითად ლაყუჩები, თვალი, პირი, შესაძლოა განუვითარდეთ მეორადი ინფექციები, ბაქტერიული ან სოკოვანი. ამ შემთხვევაში კი მათი კარანტინში გადასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაა საჭირო.


შიდა და გარე პარაზიტები
ღუზისებრი ჭია

სინამდვილეში “ღუზისებრი ჭია” არ არის ჭია. ის მიეკუთვნება უხერხემლო ცხოველების კლასს და ფეხსახსრიანების ტიპისაა. ძირითადად დიდ თევზებში, კოისა და ოქროს თევზებში გვხვდება.

მდედრი თავის არეში არსებული ღუზისებური ნაწილით მიემაგრება თევზის კანს და ღრმად აღწევს კუნთოვან ნაწილში, რეპროდუქციული ნაწილი კი ჭიასავთ გარეთ რჩება ( ამიტომაც აქვს ეს სახელწოდებაც). პარაზიტის უკანა ნაწილიდან ხდება კვერცხების დაყრა.

გარეგანი და ქცევითი ნიშნები

უკვე დაავადებული თევზის სიმპტომებს ადვილად ამოიცნობთ, დაინახავთ მიმაგრებულ “ჭიას”, თევზები ცდილობენ მოიცილონ პარაზიტი დეკორაციებზე და გრუნტზე ხახუნით.

მკურნალობა

დიდ თევზებზე შესაძლებელია მდედრი პარაზიტის ფრთხილად, სათითაოდ ამოცლა ისე, რომ არ დარჩეს ნაწილები. მდედრის მოშორებით სამწუხაროდ არ გვარდება პრობლემა, შემდეგ უკვე გაბნეული კვერცხების თუ ჯერ კიდევ თავისულად ცურვის ფაზაში მყოფ ახალგამოჩეკილ პარაზიტებზე უნდა მოხდეს წამლით მკურნალობა.

თავიდან აცილება კი წინა პოსტში როგორც წაიკითხეთ, ჯანმრთელი თევზის სწორად არჩევაა, მცენარეების დეზინფექცია, ძველი წყლის გადასხმა, რომელშიც თევზი იმყოფებოდა მოყვანამდე და ა.შ.

ნემატოდები, კამალანუსი, (მრგვალი ჭიები)

ეს პარაზიტული ჭია შეიძლება ნებისმიერი სახეობის თევზს გაუჩნდეს, ის შინაგან ორგანოებს აზიანებს, რის შედეგადაც თევზი კვდება. საკმაოდ რთულია მათი აკვარიუმიდან მოშორება.

გარეგანი ნიშნები
  • უკანა ტანიდან მატლების გამოსვლა
  • როდესაც დაავადება შორსაა წასული, მუცელი აქვთ შეზნექილი

ქცევითი ნიშნები

  • მადის დაქვეითება
  • ლეთარგიულობა
გამომწვევი მიზეზები

ნემატოდები აკვარიუმში ვრცელდება უკვე დაავადებული თევზით, ხის დეკორაციით ასევე ცოცხალი საკვებით. გრუნტზე დარჩენილი საკვები ხელს უწყობს მათ აკვარიუმში გავრცელებას. ამიტომაცაა ქვემოთ მცურავი თევზები საჭირო, რომ ქვემოთ ჩამოცვენილი თევზის საკვები ჭამონ.

მკურნალობა

შეგიძლიათ სცადოთ მკურნალობა ქლოროქსილენოლით. შეიძლება თევზის საკვებში გაურიოთ ან გახსნათ წყალში (10 მლ 1 ლიტრზე) და ცოტა ხნით დააყოვნოთ თევზი.

ნემატოდების საწინააღმდეგო კიდევ ერთი საშუალებაა თევზის საკვებში გარეული ტიაბენდაზოლია, ან ფენბენდაზოლი.

კამალანუსი (camallanus)

კამალანუსი თევზის შიდა პარაზიტია, რომელიც თევზის შიგნეულით იკვებება და ფიტავს თევზს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარაზიტი ისე სწრაფად არ კლავს თევზს როგორც სხვა ტიპის პარაზიტები, მოშორება არის საკმაოდ რთული. ჩემს თევზსაც აღმოაჩნდა კამალანუსი, ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად თევზი მოკვდა.

ხშირად, როცა მკურნალობა ხანგრძლივია, პარაზიტებიც რეზისტენტულები ხდებიან წამლის მიმართ და მკურნალობაც არაეფექტურია. ჩემი ბეტა თევზის შემთხვევაშიც ასე მოხდა. თავიდან თითქოს მიიძინა პრობლემამ, მაგრამ შემდეგ გაასმაგებული სიძლიერით შეუტია თევზს. დაემართა გაუვალობა და აეშალა ფარფლები. ჩავსვი მაგნიუმის სულფატის (ეწ. ინგლისური მარილის ) ნაზავ წყალში. მაგნიუმის სულფატის აბაზანები არის საფაღარათო საშუალება და თევზსაც ეხმარება როცა საკვებს ვერ ინელებს. სამწუხაროდ ვერ უშველა აბაზანებმა, მოხდა თევზის კანის შიგნიდან პერფორაცია და გამოიყარა ნაწლავები და უამრავი ჭია ამ ნაწლავებთან ერთად 🙁

ამ პოსტში ნახავთ ჩემი ბეტა თევზის მკურნალობის ვიდეოს . თევზის შიდა პარაზიტის კამალანუსის მკურნალობა

ველვეტი (ოქროსფერი მტვრის დაავადება)

ველვეტის დაავადება გამოწვეულია პარაზიტ ოოდინიუმით, რომელიც თევზს მიემაგრება კანსა და ლაყუჩებზე, აზიანებს უჯრედებს, იკვებება თევზის გარსით. როდესაც მომწიფდება, თევზს ძვრება და შემდეგ ათჯერ მეტად ხდება მისი გამრავლება . ის თევზის მთელ სხეულზე ვრცელდება და ჟანგის მტვერს ჰგავს.

გარეგანი ნიშნები
  • თევზის გარსზე შეინიშნება წვრილი მოყვითალო, მოსერო ან მოყავისფრო ფირი
  • შორსწასულ დაავადების შემთხვევაში ხდება კანის აქერცვლა
  • მოკეცილი საცურაო ფარფლები
ქცევითი ნიშნები
  • დეკორაციებზე, გრუნტზე ხახუნი
  • ლეთარგიულობა
  • გაძნელებული და გახშირებული სუნთქვა
  • სიგამხდრე და მადის დაქვეითება
გამომწვევი მიზეზები

როგორც ბევრი სხვა დაავადება ველვეტიც ცუდად მოვლილ აკვარიუმებში გვხვდება, არასტაბილური ტემპერატურა და პარამეტრები, წყლის იშვიათი ცვლა, ახალი თევზისგან და მცენარეებისგანაც შეიძლება გავრცელდეს დაავადება.

მკურნალობა

სწრაფად ხდება სხვა თევზებზე გადადება, დაავადების იდენტიფიცირებაც გვიან სტადიებში ხდება, ამიტომ თუ ამ სიმპტომებს შეამჩნევთ მალევე უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყება.

ძირითადი ნივთიერებები რომლებიც პარაზიტული დაავადების მედიკამენტებში გვხვდება არის სპილენძი, მეთილენის ლურჯი, ფორმალინი, მალაქიტის მწვანე და აკრიფლავინი. თუმცა სიფრთხილით არის საჭირო მათი გამოყენება, რადგანაც კრევეტები, ლოკოკინები და გარკვეული სახის თევზები მგრძნობიარეები არიან ამ ნივთიერებების მიმართ.

თუ ფილტრაციის სისტემაში გაქვთ აქტივირებული ნახშირი უნდა ამოიღოთ, რადგანაც ის აკავებს წამლებში შემავალ ნივთიერებებს და მკურნალობაც არაეფექტური ხდება.

ველვეტის პარაზიტებს ენერგიისთვის ფოტოსინთეზი სჭირდებათ, ანუ სინათლე, ამიტომ ამ დაავადების მკურნალობის პერიოდში რეკომენდაციაა გამორთოთ განათებაც. ტემპერატურის აწევა ზოგადად აჩქარებს პარაზიტის სასიცოცხლო ციკლს, თუმცა ყველა თევზი განსხვავებულად იტანს ტემპერატურის ცვლილებას რაც მათთვის დამატებითი სტრესი იქნება და შესაძლოა უფრო დაუსუსტდეს იმუნუტრი სისტემა.

ხვრელი თავის არეში (თავის და გვერდითი ხაზის ეროზია)

ეს დაავადება ასევე ცნობილია ჰექსამიტოზის სახელწოდებით, იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, რაც შემდეგ გარეგნულადაც გამოიხატება. თავსა და თევზის გვერდითი(ლატერალური) ხაზზე ჩნდება ეროზიები .სხვადასხვა სახეობის თევზს სხვადასხვა გამოხატული სიმპტომები აქვთ. ზოგიერთი თევზი კი უბრალოდ პარაზიტის მატარებელია.

გარეგანი ნიშნები
  • მოთეთრო ღრმა ჭრილობები თავის არეში
  • თევზი ისე გამოიყურება თითქოს სხვა თევზებთან იჩხუბა და ამოაჭამეს კანი
ქცევითი ნიშნები
  • სანამ მდგომარეობა ძალიან არ გართულდება ქცევითი სიმპტომები არ აქვს
  • ლეთარგიულობა
  • თევზის გვერდით ხაზში განლაგებულია ნეირომასტები, რომელიც თევზს წყალში ბალანსის დაცვაში ეხმარება. როდესაც პარაზიტი ამ ნაწილს აზიანებს, თევზის ცურვაც არაკოორდინირებული ხდება.
გამომწვევი მიზეზები

ამ დაავადების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე დიდი ხანია კამათობენ. დაავადების წყარო შესაძლოა იყოს პარაზიტი, წყლის არასათანადო ხარისხი, არსებობს კვლკევა რომ ფილტრში აქტივირებული ნახშირიც უწყობს ხელს დაავადების განვითარებას.

მკურნალობა

თუ თევზს უკვე განუვითარდა ღრმა ჭრილობები რთულდება მკურნალობაც. რადგან ამ დროს მეორადი ინფექციებიც ემატება. უნდა მოხდეს დაავადებული თევზის გადასმა კარანტინში. სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტი მეტრონიდაზოლის შემცველობით, მრავალფეროვანი საკვებიც დაეხმარება თევზს გამოჯანმრთელებაში.

და ბოლოს, ყველაზე კარგი სამკურნალო საშუალება არის დაავადების თავიდან აცილება.

ყურადღება მიაქციეთ წყლის ხარისხს, გაამრავალფეროვნეთ საკვები, უზრუნველყავით სტაბილური ტემპერატურა და წყლის პარამეტრები, ხშირად დააკვირდით აკვარიუმის მდგომარეობას და თევზებს, თუ არის შესაძლებელი, ახალი თევზი მოათავსეთ კარანტინში და დეზინფექცია გაუკეთეთ ახალ მცენარეებს.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.