თევზი ბეტა, ბეტა თევზის მოვლა
თევზი ბეტა, ბეტა თევზის მოვლა

თევზი ბეტა, ბეტა თევზის მოვლა

გამორჩეული ფერების და ინდივიდუალური ხასიათის გამო თევზი ბეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზია აკვარიუმის ჰობიში, მაგრამ სამწუხაროდ არასწორი ინფორმაციის გამო არასათანადო პირობებში ჰყავთ, რის შედეგადაც უვითარდებათ დაავადებები , მაგალითად ულპებათ ფარფლები.

მაღაზიებში ბეტა თევზი დროებით პატარა კონტეინერებში ჰყავთ, რადგანაც ორი მამალი ბეტა ერთ აკვარიუმში ფიზიკურად ვერ იარსებებს. ტერიტორიული თვისებების გამო ერთმანეთს აზიანებენ და კლავენ. დამწყებსაც ჰგონია, რომ ოდნავ მოზრდილ ჭურჭელში თუ ჩასვამს გათბობის და ფილტრაციის გარეშე ეს ბეტასთვის საკმარისი იქნება, რაც რა თქმა უნდა დიდი შეცდომაა. თევზი არ არის დეკორაცია და ისევე როგორც სხვა თევზებს, ბეტა თევზსაც ესაჭიროება ნორმალური ფილტრაცია და წყლის შესაბამისი პარამეტრები.

ხშირად დაუსვამთ კითხვა სჭირდება თუ არა ბეტა თევზს “ჟანგბადი”. ჟანგბადის გარეშე ვერ იარსებებს ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი.

ბეტა განეკუთვნება ლაბირინთულ თევზს, მას დამატებით ლაყუჩზედა სასუნთქი ორგანო აქვს, რომლითაც უბრალოდ შეუძლია დამატებით ატმოსფერული ჰაერით სუნთქვაც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილტრი არ სჭირდება აკვარიუმში და ისევე, როგორც მაღაზიებში, სახლშიც, ჭიქაში შეიძლება მათი დიდი ხნით გაჩერება.

ჟანგბადი ეშლებათ აერაციაში, ანუ ჰაერის ბუშტების გამომყოფ მოწყობილობაში და აკვარიუმის შეძენისას ავტომატურად ამ კომპრესორსაც ყიდულობენ ხოლმე.

მცდარი მოსაზრებაა, რომ თითქოს ამ ბუშტულებით ხვდება ჟანგბადი წყალში. სინამდვილეში წყლის ჟანგბადით გამდიდრება ხდება ატმოსფეროდან, ანუ წყლის ზედაპირიდან. როდესაც აკვარიუმში ნორმალური ფილტრია, ადეკვატური წყლის ბრუნვით, იქ წყლის ზედაპირიც საკმარისად მოძრაობს იმისთვის, რომ მარტივად რომ ვთქვათ, წყალმა ჟანგბადი მიიერთოს. წყლის გამდიდრება ასევე ხდება ფოტოსინთეზით, წყლის მცენარეების და სხვადასხვა ორგანიზმები გამოყოფენ ჟანგბადს. ამიტომ ჯანსაღ მცენარეებიან აკვარიუმში, სადაც ნორმალური ფილტრაციაა “ბუშტულების ფარდა” არაა საჭირო.

წყალში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობაზეა დამოკიდებული წყლის ხარისხიც, დაბინძურებულ წყალში ნაკლებად არის ჟანგბადი. ჟანგვადის მოხვედრაზე წყალში წაიკითხავთ ამ პოსტში: როგორ ხვდება ჟანგბადი აკვარიუმში და რა იწვევს წყალში ჟანგბადის ნაკლებობას

რაც შეეხება ფილტრს, ის ყველა თევზებიან აკვარიუმში აუცილებელია.

დავუბრუნდეთ ბეტას. 150 წლის წინ ტაილანდში, (ყოფილი სიამი) ბრინჯის პლანტაციებში მამალ ბეტა თევზებს იჭერდნენ და შემდეგ ერთმანეთში აჩხუბებდნენ გასართობად, შემდეგ ეს ერთგვარ სპორტადაც ჩამოყალიბდა, იმდენად პოპულარული გახდა, რომ სიამის მეფემ რეგულაციები და გადასახადი დანიშნა ამ სპორტზე. აქედან გამომდინარეობს მისი მეორე სახელწოდებაც “სიამის მოჩხუბარი თევზი”, ბეტა თევზის მეცნიერული სახელწოდება კი ბეტა სპლენდერსია.

მამალი ბეტა აგებს ბუდეს წყლის ზედაპირთან ახლოს და შემდეგ თავადვე უვლის და იცავს შთამომავლობას. ეს თევზი გვხვდება აზიაში, ტბორებში, ბრინჯის პლანტაციებში, დაბალი დინების თბილ წყლებში. ანუ შესაბამისად იქ, სადაც ბევრი მცენარეა და ბეტასაც ბევრი სამალავი ადგილი აქვს, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი შევუქმნათ მას შესაბამისი პირობები აკვარიუმებში.

წყლის როგორი პარამეტრები ესაჭიროება ბეტა თევზს?

პატარა, იგივე ნანო აკვარიუმებისთვის მოყვარულები ბეტა თევზს ირჩევენ, თუმცა გაითვალიწინეთ, რომ რაც უფრო პატარაა აკვარიუმი და წყლის მცირე მოცულობაა, სწრაფად იცვლება მჟავიანობაც, ტემპერატურა, მალე ფუჭდება წყლის ხარისხი და რთულდება აკვარიუმში სტაბილური პარამეტრების დაცვა. ზედმეტი ლპობადი საკვები, თევზის ნარჩენი გამოყოფს ამიაკს, რაც მომწამვლელია თევზისთვის, პატარა აკვარიუმში განსაკუთრებით სწრაფად გროვდება ტოქსიკური ნივთერებები, ამიტომ საჭიროა აკვარიუმი წინასწარ მოამზადოთ, ანუ თევზის მოყვანამდე მინიმუმ 3 კვირა მაინც უნდა იყოს გაშვებული ფილტრიანად. თუ არ გაქვთ ინფორმაცია აზოტის ციკლზე და მის მნიშვნელობაზე, გირჩევთ წაიკითხოთ ეს პოსტი: აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი  ასევე აკვარიუმის წყლის პარამეტრები.

პატარა აკვარიუმში ნიტრატების დონეც სწრაფად იმატებს, ამიტომაა მნიშვნელოვანი მცენარეები განსაკუთრებიუთ პატარა აკვარიუმებში, ისინი ბუნებრივ, დამატებით ფილტრაციას ახდენენ და ითვისებენ წყალში არსებულ ზედმეტ ნიტრატებს და ამიაკს.

როგორ უნდა შევუქმნათ კომფორტული გარემო ბეტა თევზს

ბეტა თევზი სოციალური თევზია, არის მოსაზრება, რომ ის თავის პატრონსაც სცნობს. მოსწონს აკვარიუმის დათვალიერება, ამჩნევს სიახლეებს, ახალ დეკორაციებს თუ მცენარეებს.

თუ ბეტას მხოლოდ ცარიელ აკვარიუმში ჩასვამთ ის აუცილებლად მოიწყენს, ხშირად ეს მოწყენილობა თვითდაზიანების ქცევითაც გამოიხატება, მაგალითად საკუთარ ფარფლებს და გრძელ კუდს კბენენ, რაც კანის გარსის რღვევას იწვევს და უვითარდებათ ინფექციებიც.

მცენარეებიან აკვარიუმში კი ბევრი ისეთი დეტალია, რაც ბეტა თევზისთვის საინტერესოა და მოწყენილობის რისკიც მცირდება. ჯანსაღ პირობებში მცენარეები მუდმივად იცვლებიან , იზრდებიან, ყოველი ახალი ფოთოლი ბეტას ყურადღებას იქცევს და მეტი თავგადასავალი აქვს ასეთ გარემოში.

ბეტას პერიოდულად შესვენებაც მოსწონს, აკვარიუმის დეკორაციებზე, მცენარეებს შორის ან გრუნტზე წვება. მცენარე ანუბიასი მყარი ფოთლებით გამოირჩევა და ხშირად ანუბიასზე “ჩამომჯდარსაც” ნახავთ. ბეტას არ მოსწონს დიდი განათება, ამიტომა მოტივტივე წყლის მცენარეებიც შეიძლება დაამატოთ. ბეტა თევზს ღამე სძინავს, აუცილებელია დაიცვათ განათების პერიოდიც.

ბეტა თევზის თავსებადობა სხვა თევზებთან

როგორც უკვე ავღნიშნეთ ორი მამალი ბეტას პატარა მოცულობის აკვარიუმში ჩასმა არ არის რეკომენდებული, პატარა აკვარიუმში არც სხვა თევზებთან ერთად იქნება სიმშვიდე. თევზების დაავადებების ერთ ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რომ თევზებს შორის აგრესიულობაა , რადგანაც კბენით მიყენებულ დაზიანებულ ადგილებში შემდეგ უვითარდებათ ბაქტერიული თუ სოკოვანი ინფექციები.

მცენარეებით სავსე, დიდი მოცულობის აკვარიუმებში შესაძლებელია მამალ ბეტა თევზთან ერთად სხვა თევზებიც იყოლიოთ. ასეთ აკვარიუმებში აგრესიულობა საგრძნობლადაა შემცირებული. თუმცა თევზების სახეობაც ფრთხილად უნდა აარჩიოთ. არ უნდა ჩასვათ მაგალითად სხვა ლაბირინთულ თევზთან ერთად, გურამისთან ერთად, ან ისეთ თევზთან ერთად , რომელიც ასევე აგრესიული და ტერიტორიულია, არ უნდა ჩასვათ გრძელკუდიანი და ფარფლებიანი თევზი, მაგალითად მამალი გუპი, რადგანაც ბეტა ეცდება მისი ფარფლების დაზიანებას.

ბეტასთან თანაარსებობა მოზრდილ აკვარიუმში შეუძლიათ შემდეგ თევზებს ; ტეტრები, რასბორები, კორიდორასები, ენდლერები, დედალი გუპები, ოტოცინკლუსები და პლეკოები. სჯობს ჯერ ჯგუფური თევზები მოიყვანოთ და რამოდენიმე კვირაში დაამატოთ ბეტა.

დედალი ბეტა ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა, ამიტომ შესაძლებელია რამოდენიმეს ერთ აკვარიუმში ყოლა, ასეთ აკვარიუმებს ბეტას ჰარამხანასაც(ჰარემი) უწოდებენ.

ბეტა თევზის კვება

ბეტა თევზი არ იკვებება მცენარეებით, მათთვის საჭიროა მრავალფეროვანი ცილოვანი საკვები, გაყინული ჭიები, გამხმარი მწერები, არტემია, ხარისხიანი თევზის ქარხნული საკვები, რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები და მდიდარი ვიტამინებით , ბეტა თევზის შეფერილობაც მეტად მკვეთრი ხდება.

თუ აკვარიუმში მხოლოდ ბეტა თევზი გსურთ რომ იყოლიოთ, არ გირჩევთ ფირფიტებიან საკვების შეძენას. შეიძინეთ ბეტას ზომის თევზისთვის დაპრესილი ბურთულები, რომლებიც არ იძირებიან და ტივტივებენ. ზედმეტი ფირფიტებიანი საკვები ჩადის გრუნტზე და იწყებს ხრწნას, რადგანაც ბეტა თევზი ხშირ შემთხვევაში მარტო ზის აკვარიუმში და არ არიან სხვა გრუნტის თევზები, ზედმეტი საკვები გამოიწვევს ამიაკის მომატებას. ბურთულებიან საკვებს კი ბეტა თევზი პირდაპირ ყლაპავს და წყალშიც არ დნება.

თუ გადაწყვეტთ ბეტას შეძენას, წინასწარ გაარკვიეთ რა სჭირდება მას, მოამზადეთ აკვარიუმი, არ ჩასვათ ის მრგვალ ჭურჭელში ფილტრის და გათბობის გარეშე სხვა მამრ ბეტასთან და აგრესიულ თევზებთან ერთად. შეუქმენით შესაბამისი გარემო, დაამატეთ მცენარეები. შეგიძლიათ სახელიც დაარქვათ. ნუ იყოლიებთ ისეთივე პირობებში, როგორშიც მაღაზიებში არიან. როდესაც ბეტა კარგ პირობებში ის აქტიურია და “მკვდარივით” არ არის მხოლოდ ერთ ადგილზე, წყლის ზედაპირზე.

გმადლობთ, რომ კითხულობთ ბლოგს 🙂 იმედია ეს ინფორმაციაც გამოგადგებათ.

ბეტა თევზები მაღაზიაში

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.

დამატებითი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ბეტა თევზის შესახებ შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკთხოთ Betta Fish