ხშირად დაშვებული შეცდომები
ხშირად დაშვებული შეცდომები

ხშირად დაშვებული შეცდომები


აკვარიუმის ჰობიში გაუაზრებელი შეცდომების დაშვება ჯდება ფული, დრო და ენერგია. ამიტომ ნაკლები დანაკარგებისთვის არ არის ექსპერიმენტების დრო და სჯობს ან სხვის შეცდობებზე სწავლა, ინფორმაციის წაკითხვა ( მაგალითად ჩემი ბლოგის 😜 ) და შეცდომის მიზეზების გარკვევა.

თუ გეზარებათ დეტალურად გაეცნოთ აკვარიუმის ჰობის მნიშვნელოვან საფუძვლებს, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის ნამდვილად არ არის. აღარ გააგრძელოთ კითხვა და როდესაც პრობლემები შეგექმნებათ სხვადასხვა სოც ქსელების ჯგუფებში შეგიძლიათ იკითხოთ თუ “რატომ მოკვდა თევზი” ან “რატომ არის თქვენი აკვარიუმის წყალი მწვანე”, სადაც ბევრი არაკომპეტენტური გაგცემთ თქვენთვის სასურველ “მარტივ” პასუხს და გააგრძელებთ იგივე შეცდომების დაშვებას.

თევზები ყველაზე გამოცდილ აკვარიუმისტებსაც უკვდებათ, ალგე ყველაზე გამოცდილ აკვასკეიპერების აკვარიუმებშია და ეს სრულიად ნორმალურია. მთავარია იცოდეთ მიზეზები. ან სავარაუდო მიზეზები მაინც.


შეცდომა #1: აკვარიუმის გაშვება თევზებთან ერთად

ყველაზე დიდი და გავრცელებული შეცდომა არის აკვარიუმის წყლით ავსება და იმავე დღესვე თევზების გაშვება.

შეიძლება დამწყები ვერც მიხვდეს თუ რა შეცდომას უშვებს, რადგან ჰგონია, რომ თევზს არსებობისთვის მხოლოდ სუფთა წყალი და სტერილური აკვარიუმი სჭირდება. აკვარიუმი სრულიად ” სუფთა” ვერ იქნება. აკვარიუმის ეკოსისტემისთვის საჭიროა სასარგებლო ბაქტერიები, რომლის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო უნდა გავიდეს.

თუ გსურთ თავიდან აიცილოთ თევზების დაავადებები, მათი სიკვდილი, ამისათვის საჭიროა დაიცვათ წესები. პირველ რიგში გაეცნოთ აზოტის ციკლს. აზოტის ციკლის ცოდნის გარეშე აკვარიუმში თევზების ჩასმას შევადარებდი მთიდან თხილამურებით დაშვებას ბრმად, თვალაკრული. ან გაგიმართლებთ ან არა.

ზოგადად, აკვარიუმის გაშვების პროცესი გრძელდება 4-დან 8 კვირამდე, თუმცა შესაძლებელია სპეციალური ხსნარიც შეიძინოთ, რომელშიც უკვე სასარგებლო ბაქტერიებია და აკვარიუმსაც ნაკლები დრო დასჭირდება მოსამწიფებლად. პროდუქტი , რომელსაც მე ვიყენებ არის

Seachem Stability.

სასარგებლო ბაქტერიას არა მხოლოდ ახალი აკვარიუმის გაშვებისას, არამედ წყლის გამოცვლის შემდეგაც ვამატებ. მაშინაც, როდესაც თევზი კვდება და დიდი რაოდენობით წყლის გამოცვლა მიწევს, ან ვცვლი მცენარეების და დეკორაციების განლაგებას, რადგანაც ამ დროს ბიოლოგიური ბალანსი ირღვევა, ამიაკი იმატებს და სასარგებლო ბაქტერიებით “მიხმარება” ხდება საჭირო.


შეცდომა #2: წყლის პარამეტრების შეუმოწმებლობა

წყლის პარამეტრების შემოწმება , განსაკუთრებით კი pH დონის დადგენა მნიშვნელოვანია. აკვარიუმის წყლის pH დონე მერყეობს 6.5 – 7.5მდე. თუმცა გარკვეული სახეობის კრევეტისა და თევზისთვის ამ პარამეტრების ზუსტი დაცვაა საჭირო. როდესაც თქვენ დამატებით აწვდით აკვარიუმში CO2-ს წყლის მჟავიანობაც იცვლება და შეიძლება ისე დავარდეს ეს მაჩვენებელი , რომ გამოიწვიოს აკვარიუმის ბინადრების სიკვდილი.

ზოგადად ამიაკის, ნიტრიტის და ნიტრატების დონის პერიოდული შემოწმებაც საჭიროა, მაშინაც კი , როდესაც ყველაფერი რიგზეა.

წყლის პარამეტრებზე დაწვრილებით აქ წაიკითხეთ წყლის პარამეტრები აკვარიუმში.


შეცდომა #3: აკვარიუმის სისუფთავის უგულებელყოფა

ხშირად არ ექცევა აკვარიუმის სისუფთავეს ყურადღება. აკვარიუმის სისუფთავის დაცვაში იგულისხმება გეგმიური გრუნტის დასიფონება, წყლის ცვლა, ფილტრის და მინის წმენდა. ეს ყველაფერი კი თევზისთვის, კრევეტისთვის და მცენარისთვის აუცილებელია. იშვიათია შემთხვევა, როდესაც წყლის ცვლის გარეშე აქვთ წარმატებული აკვარიუმები, თუმცა ეს მცენარეების რაოდენობაზე, თევზების ბიოლოგიურ ნარჩენებზეა დამოკიდებული, ასევე აკვარიუმის ასაკზე. რაც ვერანაირად მიიღწევა ახალგაშვებულ და ისეთ აკვარიუმში, სადაც მცენარეები არ არის.

წყლის პერიოდულად ცვლით დაგროვებული ნიტრატების ამოღება ხდება, ზედმეტი ნიტრატი კი როგორც იცით იწვევს ალგეს გაჩენას, ნორმაზე მეტი რაოდენობა კი თევზების სიკვდილის გამომწვევი მიზეზიცაა.


შეცდომა #4: აკვარიუმის ზედმეტად წმენდა

ხშირად აკვარიუმს ზედმეტადაც წმენდენ, მაგალითად ფილტრის ღრუბელს ჭურჭლის ჟელეთი რეცხავენ, ხშირად ამოაქვთ და ხარშავენ გრუნტს. რა თქმა უნდა ამ დროს სასარგებლო ბაქტერია კვდება და აკვარიუმის ბიოლოგიური ბალანსი ირღვევა, სასარგებლო ბაქტერია ვეღარ გარდაქმნის ამიაკს ნიტრიტად და ნიტრიტს ნიტრატად, გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები, და იწყება ე. წ. “ახალი აკვარიუმის სინდრომი”, ასეთ დროს კი ჩათვალეთ თავიდან გაქვთ გასავლელი აკვარიუმის გაშვების პროცესი

წაიკითხეთ აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი

აკვარიუმის ფილტრი არ უნდა გარეცხოთ ონკანის გამდინარე წყალში! ონკანის სასმელი წყალი შეიცავს ქლორს, რომელიც კლავს ბაქტერიას, მათ შორის აკვარიუმში საჭირო სასარგებლო ბაქტერიასაც. ფილტრი უნდა გაავლოთ ან აკვარიუმის გამოცვლილ წყალში (ცალკე ჭურჭელში და არა აკვარიუმშივე) ან დექლორირებულ წყალში.

დაიმახსოვრეთ, რომ სასარგებლო ბაქტერია ამ ფილტრის ღრუბლების ზედაპირებზე ცხოვრობს, ასევე გრუნტზე, კენჭებზე და დეკორაციებზე, გამათბობელის ზედაპირზეც კი, ამიტომ არც უხეში ხეხვაა საჭირო. ჩემს გარე ფილტრს მხოლოდ თვეში ერთხელ ვხსნი და ვავლებ, აკვარიუმის წყალი კი როგორც ქვემოთ ხედავთ კრისტალურად სუფთაა.

აკვარიუმის ფილტრაციაზე აქ წაიკითხეთ: აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა


შეცდომა #5: კარანტინი და აკლიმატიზაცია

ახლად მოყვანილ თევზს სჭირდება სწორი აკლიმატიზაცია, რათა სტრესი ავარიდოთ თავიდან.

ზოგიერთ თევზი საკმაოდ გამძლეა და მხოლოდ ტემპერატურით აკლიმატიზაცია სჭირდება (პარკით ჩაკიდება აკვარიუმში, რომ გათანაბრდეს ტემპერატურა). თუმცა კრევეტებისთვის აუცილებელია სწორი, წვეთოვანი აკლიმატიზაცია. კრევეტებზე წაიკითხავთ ამ პოსტში : კრევეტები დამწყებთათვის

ამ ფოტოზე ჩანს კრევეტების აკლიმატიზაციის პროცესი. კონტეინერში ვათავსებთ კრევეტებს თავის წყლიანად და წვრილი მილით აკვარიუმის წყლის ჩადინება ხდება წვეთებით. სასურველია წვეთებმა იდინოს ნელა, ორი, სამი საათის განმავლობაში რომ გაორმაგდეს წყალი კონტეინერში. ამგვარად არც სტრესი ექნებათ კრევეტებს და ადვილად შეეგუებიან ახალი აკვარიუმის წყლის პარამეტრებს.

ყველა ახლად შეძენილი თევზი სასურველია კარანტინში მოათავსოთ, რადგანაც მაღაზიებში, ან ტრანსპორტირებისას სტრესში იმყოფებიან. სტრესში მყოფი თევზი კი დაავადებებს ვერ ერევა და შეიძლება თქვენს უკვე არსებულ აკვარიუმში გაავრცელონ სხვადასხვა ბაქტერიული თუ პარაზიტული დაავადებები.

კარანტინისთვის გამოყენებული პლასტმასის კონტეინერი

კარანტინისთვის არ არის აუცილებელი გქონდეთ ცალკე მინის აკვარიუმი, შეიძლება მოზრდილი პლასტმასის კონტეინერიც გამოიყენოთ. რა თქმა უნდა ფილტრით და გათბობით (თუ თბილი წყლის თევზი გყავთ). წინასწარ კი ყოველთვის სჯობს დაგეგმოთ და არ შეიძინოთ თევზი იმპულსურად, ამგვარად კარანტინითაც მომზადებული შეხვდებით.


შეცდომა #6: ზედმეტი საკვები

ყველაზე ხშირად ამ შეცდომას უშვებენ, ფიქრობენ რომ გულუხვად საკვების ჩაყრა მათ ბინადრებზე მზრუნველობაა. რაც არასწორია. ბევრი და ზედმეტი საკვები წყლის ხარისხს აფუჭებს, ხდება მათი გახრწნა და მავნე ნივთიერებების გამოყოგა, რაც შესაბამისად იწვევს ინფექციებს და დაავადებებს, მცენარეებიან აკვარიუმში კი ზედმეტი საკვები ალგეს იწვევს. განსაკუთრებით კრევეტების აკვარიუმშია საშიში ზედმეტი საკვები.

დაიმახსოვრეთ, რომ სჯობს ნაკლები კვებოთ ვიდრე ბევრი. დღეგამოშვებით კვებაც საკმარისია თევზის ბევრი სახეობისთვის. თევზს აქვს ძალიან ნელი მეტაბოლიზმი, ასე რომ შეუძლია დიდხანს გაძლოს საკვების გარეშეც. ლიფსიტებს კი ყოველდღიური კვება უნდათ. მოკლედ თევზის ზომასაც და ასაკსაც რა თქმა უნდა გააჩნია. ზრდასრულ თევზს არ სჭირდება ყოველდღიური კვება.


შეცდომა #7: მედიკამენტების ხშირი და არასწორი გამოყენება

ახალი აკვარიუმისტები ზედმეტად ნერვიულობენ, როდესაც თევზს ან კრევეტს დაავადება უჩნდება და პირველი რაზეც ფიქრობენ არის მთელს აკვარიუმში მედიკამენტის გამოყენება. რაც არასწორი მიდგომაა, როდესაც შეამჩნევთ თევზს პრობლემას სჯობს ის გადაიყვანოთ კარანტინში. მხოლოდ ერთი თევზის გამო არ ღირს წამლის გამოყენება, ხშირად ზოგიერთი მედიკამენტი უფრო მეტ რისკს შეიცავს ვიდრე სარგებელს.

თევზების დაავადებებზე ამ ბლოგ პოსტში წაიკითხავთ: აკვარიუმის თევზების დაავადებები


შეცდომა #8: არასწორი გრუნტი

ხშირად არასწორი გრუნტიც იწვევს პრობლემებს. მაგალითად ზოგიერთს მოსწონს ფერადი გრუნტი, რაზეც ვერ ვიკამათებთ, რადგანაც ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ პრობლემაა, როდესაც იყენებენ უხარისხო საღებავით შეღებილ იაფფასიან გრუნტს. ზოგიერთი საერთოდ არც არის აკვარიუმისთვის განკუთვნილი, მაგალითად ფერადი კენჭები დეკორაციებად გამოიყენება ქოთნის მცენარეებისსთვის ზედაპირზე მოსაყრელად. ასეთი უხარისხო კენჭები წყალში მოხვედრისას გამოყოფენ ფერსაც და მავნე ნივთიერებებს. ამიტომ თუ ფერადი გრუნტის მწარმოებელი ეჭვს იწვევს, ან გაქვთ გათვალისწინებული გადაიხადოთ ძვირი ფასი სპეციალურ აკვარიუმის გრუნტში სჯობს გახვიდეთ ქალაქგარეთ, მდინარიდან აიღოთ გრუნტი კარგად გაავლოთ, გამოხარშოთ და ის გამოიყენოთ.

ყურადღება უნდა მიაქციოთ გრუნტის ზომასაც, ზოგიერთი თევზი, მაგალითად ოქროს თევზები პირში იგროვებენ კენჭებს და შეიძლება გაეჭედოთ კიდეც პირში.

გრუნტი იყოფა ორ კატეგორიად: ინერტული და აქტიური

ინერტულია გრუნტი, როდესაც გავლენას არ ახდენს pH-ის დონეზე

აქტიური გრუნტი კი ცვლის წყლის პარამეტრებს, ამიტომ საჭიროა იცოდეთ თუ რა სჭირდება კონკრეტულად თქვენს აკვარიუმს და მის ბინადრებს. როგორი წყალია და საჭიროა თუ არა მაგალითად აქტიური გრუნტის გამოყენება წყლის მჟავიანობის გასაზრდელად ან სიხისტის მოსამატებლად ან დასარბილებლად.

აკვარიუმის გრუნტის ტიპებზე აქ წაიკითხეთ : აკვარიუმის გრუნტის ტიპები


შეცდომა #9: თევზების ერთმანეთთან თავსებადობა და აკვარიუმის გადატვირთვა თევზებით

ერთდროულად შეიძლება სხვადასხვა სახეობის თევზი მოგწონდეთ, მაგრამ საჭიროა მათი სწორად არჩევა, აგრესიული თევზები იწვევენ სხვა თევზების დაზიანებას, სტრესს, ზოგიერთი თევზი ჭამს კრევეტს, ამიტომ კრევეტებთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეირჩეს თევზის სახეობა. ესეთი მარტივი წესი არსებობს “თევზი ჭამს ყველაფერს იმას, რაც მას პირში ჩაეტევა”.

ასევე გასათვალისწინებელია თევზების რაოდენობა. რაც მეტი თევზია აკვარიუმში , მით უფრო ნაკლებია ჟანგბადი, მეტია ბიოლოგიური ნარჩენი და მეტი ფილტრაციაა საჭირო.

თუ მხოლოდ კრევეტები გყავთ აკვარიუმში მათი რაოდენობა პრობლემას არ ქმნის, რადგანაც ძალიან მცირე ბიოლოგიურ ნარჩენს გამოყოფენ.


და ბოლოს, სჯობს ინფორმაცია თავად მოიძიოთ და გაერკვეთ, მხოლოდ სხვისი რჩევებით ნუ შემოიფარგლებით. რაც უფრო მეტი ცოდნით შეუდგებით ამ ჰობის დასაწყისიდანვე მით ნაკლები იმედგაცრუება , დანაკარგი და ხარჯი გექნებათ. წარმატებები !

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.