რატომ მწვანდება აკვარიუმის წყალი და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?
რატომ მწვანდება აკვარიუმის წყალი და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

რატომ მწვანდება აკვარიუმის წყალი და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

გაფრთხილება: მწვანე წყლის ალგესთან ბრძოლისათვის შეიძლება გირჩიონ ალგიციდები, პრობლემის “მარტივად”მოსაგვარებლად. რასაც მე პირადად არ გირჩევთ . ხშირად ალგიციდების შემადგენლობაში არის სპილენძი, რაც დამღუპველია სხვადასხვა სახეობის ლოკოკინებისთვის და კრევეტებისთვის. როდესაც ამ ნივთიერებას ჩაამატებთ აკვარიუმში, ის გამოიწვევს ალგეს უჯრედების ერთბაშად კვდომას. ეს თავის მხრივ გამოიწვევს ჟანგბადის ნაკლებობას, რამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს თევზებზე და აკვარიუმის სხვა ბინადრებზე.

რა ამწვანებს აკვარიუმის წყალს ?

მწვანე წყალს აკვარიუმში იწვევს მწვანე ერთუჯრედიანი ფიტოპლანქტონი, პლანქტონური ალგე.

გარკვეული მიზეზების გამო ალგეს უჯრედები შეიძლება იმდენად გამრავლდნენ და იმდენად კონცენტრირებული გახდეს წყალში მათი რაოდენობა, რომ ამან გამოიწვიოს წყლის გამჭვირვალეობის დაკარგვა და წყლის სრულიად გამწვანება.

მწვანე წყალი თევზებისთვის საზიანო არ არის, ლიფსიტებისთვის სასარგებლოა, რადგანაც მწვანე წყლით იკვებებიან მიკროორგანიზმები, მაგალითად ინფუზორია, ინფუზორიით კი იკვებება ახალგამოჩეკილი ლიფსიტა.

წყლის მცენარეებისთვის მწვანე წყალი საზიანოა იმ მხრივ, რომ მწვანე წყალში სინათლე ვერ აღწევს მცენარეებამდე და თუ პრობლემა გახანგრძლივდა ეს გამოიწვევს ფოთლების ლპობას.

ნებისმიერი ალგეს მოშორება არის ხანგრძლივი პროცესი და სჭირდება ნებისყოფა. მთავარია დააკვირდეთ თქვენს აკვარიუმს და ეტაპობრივად მოახდინოთ ცვლილებები ბუნებრივად. ებრძოლოთ არა სიმპტომებს, არამედ გაარკვიოთ მიზეზები თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის ალგე.

ალგეს სხვა სახეობებზე წაიკითხავთ ამ პოსტში ყველაფერი, რაც ალგეზე უნდა ვიცოდეთ

მწვანე წყლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ზედმეტი განათება

ფიტოპლანქტონი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, არის ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც ისევე, როგორც წყლის მცენარეს, ფოტოსინთეზისთვის სჭირდება განათება. მწვანე წყლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ზუსტად ზედმეტი და ხანგრძლივი განათებაა.

აკვარიუმში ზედმეტი განათება ხვდება მაშინ, როცა აკვარიუმი ფანჯარასთან ახლოსაა და მზის პირდაპირი სხივები ხვდება, ასევე მაშინ, როცა აკვარიუმის სპეციალური განათება აკვარიუმის ზომისთვის არის ზედმეტად ინტენსიური ან და განათების პერიოდი არის დიდი. მცენარეებიან აკვარიუმში განათება საშუალოდ 8 -10 საათამდე არის რეკომენდებული. თუ აკვარიუმში მცენარე არ არის, ამ შემთხვევაში განათების გაცილებით ნაკლები დრო არის საჭირო.

განათების ინტენსივობა შეგიძლიათ დააბალანსოთ ე.წ. “დიმერით” ანუ ინტენსივობის მარეგულირებლით. განათების პერიოდის კონტროლი კი “ტაიმერებით” არის შესაძლებელი.

აკვარიუმის განათების შესახებ ვრცლად წაიკთხავთ ამ პოსტში აკვარიუმის განათება.

მიკრო და მაკრო ელემენტების დისბალანსი

განათების გარდა წყლის მცენარეებს ზრდისთვის სჭირდებათ საკვები, მიკრო და მაკრო ელემენტები, ნიტრატები.

აკვარიუმში მცენარეებისთვის საჭირო საკვები ხვდება სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად:

  • აკვარიუმის სპეციალურ ნატურალური გრუნტიდან, აკვასოილიდან.
  • თევზის მიერ გამოყოფილი ნარჩენიდან
  • თევზის საკვებიდან
  • წყლის მცენარეების სპეციალური სასუქებიდან

როდესაც აკვარიუმში ცოტა მცენარეა და მიკრო და მაკრო ელემენტების ბალანსი დარღვეულია, ალგე ჩაგრავს წყლის მცენარეს, ითვისებს წყალში არსებულ ზედმეტ საკვებს, მრავლდება და ხდება ალგეს “აყვავება”. ალგეს აყვავება უმცენარეო აკვარიუმშიც შეიძლება მოხდეს თუ ხელსაყრელი პიროები აქვს(ზედმეტი განათება+ზედმეტი საკვები).

თევზებს საკმაოდ ნელი მეტაბოლიზმი აქვთ და არ სჭირდებათ ყოველდღიური კვება. შეგიძლიათ უკვე ზრდასრული თევზები ორ სამ დღეში ერთხელ კვებოთ , ისიც მცირე რაოდენობით.

წყლის ცვლა და აკვარიუმის ფილტრის წმენდა

მოუვლელ აკვარიუმში, რომელშიც ზედმეტი საკვებია, ბევრი თევზია, ზედმეტი განათებაა, წყალი ხშირად არ იცვლება, იქ აუცილებლად გაჩნდება ალგე.

აკვარიუმის წყლის ცვლა აუცილებელია იმისათვის, რომ აკვარიუმში დაგროვებული ზედმეტი ნიტრატები, ნარჩენები ამოიღოთ. წყლის ცვლასთან ერთად საჭიროა ფილტრის წმენდა და ფილტრის ღრუბლებზე დაგროვებული ნადების მოშორება. ნადებით გაბიდნული ფილტრის ღრუბელი აკავებს წყალს და წყლის ცირკულაციას უშლის ხელს.

ვრცლად წყლის გამოცვლაზე: როგორ გამოვცვალოთ აკვარიუმის წყალი? (და რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი)

როგორ მოვაშოროთ მწვანე წყალი აკვარიუმიდან?
  • რამოდენიმე დღით ჩააბნელეთ აკვარიუმი. როდესაც აკვარიუმში არ მოხვდება სინათლე, ალგეს უჯრედები თანდათან მოკვდება. ჩაბნელების პარალელურად ყოველდღიურად დაასიფონეთ გრუნტი და გამოუცვალეთ წყალი მცირე რაოდენობით (10%).
  • შეგიძლიათ აკვარიუმში ჩასვათ სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც იკვებებიან ფიტოპლანქტონური ალგეთი , მაგალითად დაფნია. დაფნიას შესაბამისად შეჭამს თევზი. დაფნიაზე და სხვადასხვა ორგანიზმებზე წაიკითხავთ ამ პოსტებში აკვარიუმის თევზების ცოცხალი საკვები და აკვარიუმის ბინადარი ორგანიზმები
  • დაამატეთ მეტი სწრაფად მზარდი წყლის მცენარე, მაგალითად მოტივტივე მცენარეები. ისინი განათებასაც შეამცირებენ და ზედმეტ ნიტრატებს ამოიღებენ აკვარიუმიდან.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ აკვარიუმისთვის განკუთვნილი ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი, რომელიც კლავს ალგეს უჯრედებს
როგორ ვებრძოლოთ ფიტოპლანქტონურ ალგეს?

ალგესთან ყველაზე ეფექტური ბრძოლა არის მისი თავიდან აცილება.

არ არსებობს აკვარიუმი ალგეს გარეშე. ჩემს აკვარიუმებშიც სხვადასხვა სახის ალგემ გამოიარა, თუმცა არასოდეს მქონია მწვანე წყლის პრობლემა. ჩემს აკვარიუმებში ალგესთან ბრძოლის ყველაზე კარგი მეთოდი იყო აკვარიუმის რამოდენიმე დღით ჩაბნელება. ამით ალგეს დაურბილდა სტრუქტურა და ადვილი იყო მოშორებაც. ამის შემდეგ კი დავაკელი განათების პერიოდი და სასუქების მიწოდება.

მოკლედ, ალგეს მოსაშორებელი ზუსტი რეცეპტი არ არსებობს და საჭიროა ეტაპობრივი ცვლილებები და ექსპერიმენტები.

იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ალგე საჭიროა:
  • თევზების ნაკლები კვება
  • აკვარიუმის მოშორება პირდაპირი მზის სხივებიდან
  • აკვარიუმის განათების ინტენსივობის დაკლება და განათების პერიოდის შემცირება
  • არ იყოლიოთ ზედმეტად ბევრი თევზი
  • წყლის ხშირი ცვლა და ფილტრის წმენდა.
  • მეტი წყლის მცენარის დამატება
  • წყლის პარამეტრების პერიოდული ტესტირება, მე ვიყენებ ამ ტესტს API FRESHWATER MASTER TEST KIT 
  • ახალი წყლის მცენარეების დეზინფექცია. ამ თემაზე აქ წაიკითხავთ მცენარეების დეზინფექცია ქლორით

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.