ინფუზორიას, დაფნიას და ნემატოდების გამრავლება, აკვარიუმის თევზების  ცოცხალი საკვები
ინფუზორიას, დაფნიას და ნემატოდების გამრავლება, აკვარიუმის თევზების ცოცხალი საკვები

ინფუზორიას, დაფნიას და ნემატოდების გამრავლება, აკვარიუმის თევზების ცოცხალი საკვები

თქვენი თევზი იმ საკვებით უნდა კვებოთ, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომია. თევზის საკვები ფირფიტები დაბალანსებულია სპეციალურად თევზისთვის და თუ მხოლოდ მშრალ ფირფიტებს აჭმევთ ესეც არ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა, თევზს საუბარი რომ შეეძლოს და დაუსვათ კითხვა, მშრალი ფირფიტები ურჩევნია თუ მოძრავი ჭია, ის აუცილებლად ჭიას აირჩევდა. თუ ინტერესი და სურვილიც გაქვთ აუცილებლად სცადეთ ცოცხალი საკვების თავად გამრავლება. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ დაფნიას და ნემატოდების ჩემი მინი ქარხნები.

გაყინული თუ გამომშრალი?

თევზის საკვების მწარმოებლები თევზის ცოცხალ საკვებს გვთავაზობენ გამომშრალი სახით ან გაყინული სახით. თუ დამუშავების პროცესი და ტემპერატურა დაცულია, ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო საკვებად ითვლება ცოცხლად გაყინული საკვები. ის არ საჭიროებს დანამატებს რომ დიდხანს გაძლოს და მასში შემავალი ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების შენარჩუნებაც ხდება. თუ სახლში ამზადებთ ცოცხალ საკვებს, თავად შეგიძლიათ გაყინოთ ან გამოაშროთ.

რა სარგებლობა აქვს თევზის ცოცხალ საკვებს?
  • თევზებს გამრავლების წაქეზებისთვისაც სჭირდებათ ხარისხიანი ცოცხალი საკვები.
  • მეტად წარმატებულია ქვირითობა თუ ცოცხალ საკვებსაც ამატებთ მათ რაციონში.
  • ცოცხალი საკვები თევზების შეფერილობასაც ცვლის.
  • თუ ლიფსიტებს ზრდით მიკრო საკვების შემთხვევაში მათი გადარჩენის ალბათობაც მაღალია.

ცოცხალი საკვები აღძრავს თევზებში ნადირობის ბუნებრივ ინსტინქტებს. ბუნებრივი საკვები მოძრაობს, გრუნტზე თუ დავარდა თევზში ინტერესს იწვევს და უწევს მისი ძებნა და ალბათ ბევრი დამეთანმხმება, ჩვენთვისაც, მოყვარულებისთვისაც საინტერესოა ამ მომენტის ყურება.

არსებობს ცოცხალი საკვები დიდი თევზებისთვისაც და ნანო თევზებისთვის, ლიფსიტებისთვის და მოზრდილი თევზებისთვის. დიდი თევზის ცოცხალი საკვები პატარა თევზიც შეიძლება რომ იყოს.

თევზის ცოცხალი საკვების ტიპები

ცოცხალ საკვებში იგულისხმება შემდეგი ორგანიზმები ან მოლუსკები

  • პატარა წყლის ლოკოკინები
  • ინფუზორია
  • დაფნია
  • არტემია
  • ციკლოპები
  • ნემატოდები იგივე მრგვალი ჭიები
  • მწერები
  • მიწის ჭიები
  • კოღოს ლარვა
  • მოტილი
  • სხვადასხვა ბრტყელი ჭიები
  • და ა.შ.

გაფრთხილება:

ცოცხალი ორგანიზმები პარაზიტების მატარებლებიც შეიძლება რომ იყვნენ.
ამიტომ აუცილებელია ენდობოდეთ წყაროს, ვისგანაც ყიდულობთ.

მაგალითისთვის კოპეპოდები, იგივე ციკლოპები, არიან თევზის შიდა პარაზიტ, კამალანუსის სიცოცხლის ციკლის ერთ-ერთი ფაზის შუამავალი მასპინძელი სხეულები. თვითონ ციკლოპს არ ერჩიან, მაგრამ შესაძლებელია, რომ ციკლოპს გადმოყვნენ და შემდეგ თევზი დააავადონ.
წყარო: National Center for Biotechnology Information

თევზების პარაზიტებზე და დაავადებებზე ამ პოსტში წაიკითხავთ:
თევზების დაავადებები
თევზის პარაზიტი კამალანუსი

სად შეიძლება თევზის ცოცხალი საკვების მოპოვება ბუნებრივად?

ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმი აკვარიუმშივე ბინადრობს , გრუნტში მრავლდება და მუდმივი საკვები შეიძლება ჰქონდეთ თევზებსაც.

ჩემს აკვარიუმში გრუნტის ბრტყელი ჭიები არიან, რომლებიც პერიოდულად ამოდიან გრუნტის ზედაპირზე და თევზებიც მადიანად შეექცევიან. პერიოდულად შეიძლება გაჩნდეს ჰიდრა, რომელსაც გურამი ჭამს და ა.შ. რაც უფრო ბიომრავალფეროვანია აკვარიუმი, მით უკეთესია ეკოსისტემისთვის.

ზოგიერთი ცოცხალი საკვები არ არის წყლის ორგანიზმი და ხმელეთზე ბინადრობს, მაგალითად სხვადასხვა ტიპის მრგვალი ჭიები ან მწერები. ზოგი კვერცხით მრავლდება, ზოგიერთს კი ისევ ცოცხალი სტარტერი სჭირდება, რაც ალბათ ყველაზე რთული მოსაპოვებელია.

ინფუზორიას, ნემატოდების და დაფნიას გამრავლება

ამ პოსტში განვიხილავ ცოცხალი საკვების რამოდენიმე ვარიანტს, რომლის გამრავლებაც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მარტივად.

ახლა ვამრავლებ ნემატოდების და დაფნიას, ასევე მაქვს ციკლოპების ბუნებრივი წყარო კრევეტების აკვარიუმში. ინტერესის გამო ინფუზორიაც გავამრავლე, მაგრამ მალევე გავაუქმე , რადგანაც არ მყავდა ლიფსიტები და აზრი არ ჰქონდა გაგრძელებას.

აკვარიუმის დიდი თევზების მოყვარული არ ვარ, ასე რომ არც დიდი ცოცხალი საკვების გამრავლების საჭიროება მქონია.

ინფუზორია

ინფუზორია განეკუთვნება უმარტივესებს. ის ერთუჯრედიანი ორგანიზმია და წყალში ბინადრობს.

ინფუზორიას ძირითადად ნანო თევზების ძალიან პატარა ლიფსიტებს აჭმევენ, რომლებიც გამოჩეკვიდან რამოდენიმე დღე მათი პირის ზომის გამო სხვა ცოცხალ საკვებს ვერ ჭამენ (მაგალითად ნეონ ტეტრების ლიფსიტები, ჩილი რასბორების ლიფსიტები, ასევე გურამის და ბეტას ლიფსიტები). თუ ვრცლად გაინტერესებთ ინფუზორიას შესახებ შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ და წაიკითხოთ რა არის ინფუზორია?

ინფუზორიას უჯრედები ყველა მომწიფებულ აკვარიუმში შეიძლება იყოს. ამიტომ თუ აკვარიუმი უკვე გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ ინფუზორიას გამრავლება მშრალი საფუარით და ბოსტნეულით.

მიკროორგანიზმები წყალში

ინფუზორიას გამრავლება:
  • ვიღებთ აკვარიუმის წყალს.
  • ვასხამთ 2 ლიტრიან ქილაში.
  • ცოტა წყალში (დექლორირებულ ან ისევ აკვარიუმის წყალში) ვაზავებთ დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზ მშრალ საფუარს.
  • შემდეგ ამ ხსნარს ვასხამთ აკვარიუმის წყლიან ქილაში.
  • ვამატებთ მოხარშულ ბოსტნეულს, მაგალითად ბროკოლის ან კომბოსტოს
  • ქილას ვდგამთ ფანჯარასთან , (წყალი ამ დროს ხდება რძენარევი წყალივით)
  • 24 საათში ბაქტერია დაიწყებს გამრავლებას და ინფუზორიაც შესაბამისად გამრავლდება, რამოდენიმე დღეში წყალი აღარ იქნება მღვრიე რაც იმას ნიშნავს რომ ბაქტერია შეჭამა, მოიხმარა ინფუზორიამ. თუ გახედავთ სინათლეზე, დაინახავთ თეთრ პატარა მოძრავ წერტილებსაც , რაც იმას ნიშნავს რომ ინფუზორია მზადაა ლიფსიტებისთვის.
  • ლიფსიტებს პიპეტით კვებავენ. ეს ქილა რამოდენიმე დღე გეყოფათ. მანამდე კი თქვენი ლიფსიტები გაიზრდებიან და მერე უკვე სხვა, უფრო მოზრდილ საკვებზე გადაიყვანთ.

ნემატოდები , მიკრო ჭიები (Panagrellus redivivus)

ნემატოდები, იგივე მიკრო ჭიებიც ლიფსიტებისთვის და პატარა თევზებისთვის იდეალური საკვებია. მარტივია მათი გამრავლებაც, პატარა ჭურჭელში შეგიძლიათ გყავდეთ და მინიმალური ჩარევით მუდმივად შეინარჩუნებთ ამ ცოცხალ საკვებს.

მიკრო ჭიებს ვერ ნახავთ აკვარიუმის წყალში , ისინი არც კვერცხებს დებენ და ამიტომ საჭიროა ე.წ. ცოცხალი”სტარტერი”.

შეგიძლიათ სთხოვოთ ვისაც უკვე ჰყავს და ამრავლებს. ერთი კოვზითაც შეიძლება დაწყება.

ონლაინ გამოწერის შემთხვევაში ტრანპორტირება პრობლემაა დიდ მანძილზე. მაცივრის პირობებში ერთი კვირა შეიძლება გაძლოს სტარტერმა, ამ დროს ჭიის მეტაბოლიზმი ნელდება, თუმცა ცოცხალია და ისევ გამრავლდება თუ სათანადო პირობებში ამყოფებთ. ტრანსპორტირებისას ასევე ადგილობრივი საბაჟო რეგულაციები იქნება გასათვალისწინებელი.

microworms ,

ნემატოდების გასამრავლებლად სხვადასხვა სახამებლიანი პროდუქტი შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად გერკულესი, ბურღულეული, პური ბრინჯი და ა.შ.

მე ვინც მიკროჭიების სტარტერი მიწილადა ის კარტოფილის ბაზაზე ამზადებდა და მეც კარტოფილით გავაგრძელე.

ნემატოდების გამრავლება მცირე ზომის კონტეინერში კარტოფილის პიურეს ბაზაზე:

დავუშვათ, რომ უკვე გაქვთ მიკრო ჭიების რაღაც გარკვეული რაოდენობა.

  • აიღეთ მინის ან პლასტმასის კონტეინერი, სასურველია განიერი იყოს და გამჭვირვალე, რადგან უკეთესად ჩანს ჭიები. ( დაახლოებით 20 სმ დიამეტრის)
  • მოხარშეთ კარტოფილი და გააკეთეთ არც სქელი და არც ძალიან თხელი პიურე, არ უნდა იღვრებოდეს ჭურჭლიდან.
  • პიურე კონტეინერის ძირში გადაანაწილეთ, დაახლოებით 2 სანტიმეტრით უნდა დაიფაროს ძირი.
  • ამის შემდეგ ერთი ჩაის კოვზი მშრალი საფუარი მოაპნიეთ და ამოურიეთ.
  • დაამატეთ ჭიების სტარტერი და ეცადეთ ზედაპირზე გადაანაწილოთ. ჭიები თავის გზას იპოვიან და არც მორევას საჭიროებს.
  • კონტეინერს დააფარეთ თავზე და საჰაერო ნახვრეტები დაუტოვეთ. იმისათვის რომ რაიმე არ ჩავიდეს და რომ არ დაბინძურდეს, ამ ნახვრეტებში გაჭედეთ ბამბა.

ჭიების რაც უფრო მეტი კონცენტრაციაა ამ სტარტერში, მით უფრო მალე გამრავლდებიან.

როდესაც გამრავლებული ჭიები კონტეინერის გვერდებზე დაიწყებენ ამოსვლას , შემდეგ ყურის საწმენდით, ფუნჯით, ან თუ არ გეზიზღებათ თითით ამოიღებთ და გადაიტანთ ლიფსიტებიან აკვარიუმში. თუ ფილტრი გაქვთ ჩართული კვების დროს გამორთეთ რომ ფილტრმა არ შეიწოვოს ჭიები.

მიკროჭიები იძირებიან, ამიტომ ქვემოთ მოცურავე თევზებისთვისაც კარგი საკვებია. წყალში 12 საათი შეუძლია რომ გაძლონ, თუმცა მანამდე თევზები აუცილებლად იპოვიან და შეჭამენ მოძრავ ჭიებს.

ნემატოდები ერთ კონტეინერში ერთ თვემდე ძლებენ, ან შეიძლება მეტი ხანიც გაძლონ.

ჩემთან რამოდენიმე თვეა ერთი და იგივე კონტეინერში არიან და შიგნითვე ვამატებ საფუარსაც და კარტოფილს.

პერიოდულად ჭიებიანი მასა საჭიროებს ამორევას და მშრალი საფუარის მოყრას. თუ შეამჩნევთ, რომ კონტეინერში არსებული მასა წყალწყალა გახდა ან ფერი შეიცვალა, ეს იმის ნიშანია რომ ახალი “პარტია” უნდა დაიწყოთ.

დაფნია

დაფნიას წყლის რწყილსაც ეძახიან, რადგანაც ფორმით რწყილს ჰგავს და რწყილივით დახტის წყალში. ის შეიცავს ვიტამინს A-ს და D-ს, რაც თევზის განვითარებისთვის აუცილებელია.

სად ვიშოვოთ დაფნია?

დაფნია, ისევე როგორც ინფუზორია, შეგიძლიათ მოიპოვოთ ბუნებაში დამდგარ წყლებში, ტბებში, გუბურებში, იქ სადაც მწვანე წყალი ანუ ალგეა. შეიძლება ადგილობრივად იყიდოთ მათგან,ვინც ამრავლებს ან კვერცხისგან გამოჩეკოთ. კვერცხიდან გამოჩეკვა თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ამ სანდო და გამოცდილი წყაროდან გამოწეროთ.

Macrocopa Eggs (Water Flea)

დაფნიას გამოჩეკვა კვერცხიდან
  • დაფნიას კვერცხები ძირითადად კაფსულებში იყიდება. გამოჩეკვა საკმაოდ მარტივია.
  • თბილ დექლორირებულ წყალში ჩაყრით კვერცხებს.
  • ტემპერატურა 21-დან 25 გრადუსამდე უნდა იყოს.
  • არ სჭირდება აერაცია ან ფილტრაცია.

2- 3 დღეში დაინახავთ პატარა დაფნიებს.

სანამ დაფნიას გამოჩეკავთ წინასწარ მომზადებული უნდა გქონდეთ ცალკე მოზრდილი კონტეინერი სადაც გადაიყვანთ დაფნიას. (გათბობა არ არის საჭირო).

კონტეინერის მომზადება

კონტეინერი აავსეთ აკვარიუმის ძველი წყლით, წინასწარ შეგიძლიათ მზეზე დადგათ რომ ალგე გამრავლდეს და წყალი “გამწვანდეს” . თუ აკვარიუმის ძველი წყალი არ გაქვთ , შეიძლება ასევე დამდგარი წყალი გამოიყენოთ ანუ დექლორირებული და მერე დაამატოთ საფუარი. დაფნიას გასამრავლებლად საჭიროა განათება, ამიტომ ან ნატურალური მზის განათება უნდა ხვდებოდეს ან ნათურის ქვეშ უნდა იყოს კონტეინერი დღე-ღამეში 12 საათი მაინც.

დაფნია ერთ კვირაში მრავლდება და ამიტომ რაც უფრო დიდია კონტეინერი მით უკეთესია.

დაფნიას კვება

დაფნია ბუნებაში იკვებება ალგეთი, პატარა მიკროორგანიზმებით, ბაქტერიის ბიოფირით, რომელიც წყალში სხვადასხვა ზედაპირებზეა.

ჭურჭელში გამრავლებულ დაფნიას შეგიძლიათ აჭამოთ სპირულინას ან ქლორელას ფხვნილი( ალგეს სახეობებია, რომელიც მედიცინაშიც კვების დანამატებად გამოიყენება მათი მდიდარი შემადგენლობის გამო)

სპირულინა საკმაოდ ძვირია, ამიტომ ამ საკვების ალტერნატივა არის მშრალი საფუარიც.

წვრილად დანაყილ საფუარი უბრალოდ უნდა მოაყაროთ წყლის ზედაპირზე დაფნიას კონტეინერში. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი საფუარი დაფნიას მთელი კოლონიის სიკვდილს გამოიწვევს.

ჩემი დაფნიის პოპულაციის გამრავლება ცოცხალი დაფნიათი დავიწყე. 20 ლიტრიან სათლში მაქვს აკვარიუმის წყალი, ჩავდე აკვარიუმიდან ამოღებული წყლის ხავსი და მოტივტივე მცენარეები. არ ვიყენებ აერაციას. ვაჭმევ კრევეტების საკვებ ფხვნილს და საფუარსაც. ვიდეოში ახალი გაშვებული მყავს. იმის შემდეგ რამოდენიმე კვირა გავიდა და უკვე ბევრნი არიან.

კიდევ ბევრი სხვა ცოცხალი საკვების გამრავლებაა შესაძლებელი სახლის პირობებში, მაგრამ ამ პოსტში მხოლოდ რამოდენიმე მარტივ ვარიანტზე მინდოდა მესაუბრა.

იმედია დაინტერესდებით და თქვენც ცდით ცოცხალი საკვების გამრავლებას.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.