კრევეტების ქცევა, რატომ დაცურავენ კრევეტები აკვარიუმში მოუსვენრად?
კრევეტების ქცევა, რატომ დაცურავენ კრევეტები აკვარიუმში მოუსვენრად?

კრევეტების ქცევა, რატომ დაცურავენ კრევეტები აკვარიუმში მოუსვენრად?

თუ გსურთ რომ იყოლიოთ კრევეტები, უნდა იცოდეთ მათი ქცევები და ხასიათი. მაგალითად თუ რას ნიშნავს მათი მოუსვენარი ცურვა აკვარიუმში, რაზეც ამ პოსტში ვისაუბრებთ.

კრევეტებს ასეთი ქცევა მაშინაც ახასიათებთ, როდესაც შეჯვარების პერიოდი აქვთ, თუმცა, მანამდე უნდა გამოირიცხოს სტრესის ფაქტორი, პარაზიტები, წყლის პარამეტრების პრობლემა, აკვარიუმის სხვა ბინადრები, აკლიმატიზაცია და აშ.

1. კრევეტის შეჯვარების რიტუალი-ცეკვა

კრევეტებში, შეჯვარების და გამრავლების პროცესი უშუალოდ დაკავშირებულია მათი კანის, გარსის გამოცვლასთან. მომწიფებულ მდედრ კრევეტებში კვერცხების ჩამოყალიბება ხდება საკვერცხეებში, რომელიც მოთავსებულია ზედა ტანსა და მუცლის ღრუს შორის. როდესაც კვერცხი გამოიყოფა საკვერცხიდან ის საკვერცხის მილებისკენ დაიძვრება გასანაყოფიერებლად. ამ პროცესში მდედრი კრევეტი იცვლის გარსს. (მამრი კრევეტიც იცვლის გარსს , ოღონდ ეს მის ზრდასთანაა კავშირში, რასაც ამ პოსტში არ განვიხილავ) კანის გამოცვლის შემდეგ კრევეტის კუტიკულა ( ცხოველური ორგანიზმის მკვრივი გარსი) ხდება რბილი, რაც კვერცხების განაყოფიერებას ხელს უწყობს.

ამავდროულად, კანგამოცვლილი მდედრი იწყებს ფერომონების გამოყოფას , რაც იმის მანიშნებელია, რომ ის მზადაა შესაჯვარებლად.


ამ სიგნალების მატარებელი ქიმიური ელემენტები მამრ კრევეტზე ისე მოქმედებს, რომ ხუმრობით რომ ვთქვათ ჭკუას კარგავენ, მოუსვენრად დაცურავენ მთელს აკვარიუმში და ეძებენ მდედრს. კვერცხების განაყოფიერების პროცესი რამოდენიმე წამი გრძელდება, თუმცა მდედრის მიერ გამოყოფილი ფერომონები საათზე მეტ ხანს რჩება წყალში. როგორც კი ფერომონები თავიანთ ძალას კარგავენ, მამრი კრევეტის ეს ქცევაც მომენტალურად წყდება.

კრევეტებს ზოგადად ბევრი სამალავი ადგილი სჭირდებათ, ეს მათთვის განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც განაყოფიერების პერიოდი აქვთ, მდედრები გარსის გამოცვლისას სუსტები არიან და მათი კუტიკულაც რბილია, ეძებენ სამალავ ადგილებს რომ თავი დაიცვან რამოდენიმე აგრესიული მამრისგან, რომლებმაც შეიძლება ავნონ კიდეც დასუსტებულ მდედრს.

მდედრი ნეოკარიდინები კვერცხებით
2. სტრესული ქცევა

ვისაუბროთ წყალში მოუსვენრად ცურვის უარყოფით მიზეზებზეც.

მიუხედავად მისი მცირე ზომის და მარტივი ნერვული სისტემისა, კრევეტებიც ისევე განიცდიან სტრესს , როგორც სხვა ცხოველები.

კრევეტების სტრესის მიზეზებია:
  • წყლის ცუდი, შეუსაბამო პარამეტრები
  • არასწორი აკლიმატიზაცია
  • წყლის დიდი ოდენობით ცვლა
  • ტოქსიკური ნივთიერებები წყალში
  • პარაზიტები ან და დაავადებები
  • შეუთავსებელი ბინადრები აკვარიუმში

უცნაურად ცურვის გარდა კიდევ რამოდენიმე ნიშანია, რაც მათ სტრესზე მიგვანიშნებს:

  • ლეთარგიულობა,
  • მადის დაქვეითება,
  • ფერის ცვლილება,
  • გარსის გამოცვლის დროს პრობლემები ,
  • შეფერხებული ზრდა,
  • წარუმატებელი განაყოფიერება,
  • მდედრებში კვერცხების დაკარგვა ,
  • უნაყოფობა,
  • მოუსვენარი ცურვა (რომელიც, როგორც გავარკვიეთ მხოლოდ ერთ-ერთი ნიშანია )
2.1. წყლის პარამეტრები

კრევეტის სტრესის და მოუსვენრობის ძირითადი მიზეზი წყლის პარამეტრებია;

  • მაღალი ამიაკის, ნიტრიტის და ნიტრატის დონე
  • ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობა
  • წყლის ტემპერატურა
  • მაღალი ან დაბალი pH, მჟავიანობა
  • წყლის სიხისტე GH და KH

წყლის პარამეტრების შესახებ, ვრცლად ამ პოსტში წაიკითხავთ: წყლის პარამეტრები

ყველა ზემოთჩამოთვლილი წყლის პარამეტრის არასასურველი დონე ან მკვეთრი ცვლილება კრევეტში იწვევს სტრესს, ასე რომ მათ უცნაურ ქცევას ყურადღება მალევე უნდა მიაქციოთ.

გაითვალისწინეთ: არასოდეს ჩასვათ კრევეტი მოუმზადებელ აკვარიუმში! თუ არ გაქვთ ინფორმაცია თუ რა არის აზოტის ციკლი და აკვარიუმის სწორად გაშვება ამ პოსტში წაიკითხეთ: აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის პარამეტრების ტესტირება. ამის გარეშე ვერ გაიგებთ რა გახდა მათი სიკვდილის ან სტრესის მიზეზი. ბრმად კრევეტების ყოლა ჩემი აზრით დიდი შეცდომაა და როდესაც კითხვას დასვამთ თუ რატომ იხოცებიან, ამ საკითხის მცოდნე ნამდვილად ვერ გაგცემთ ზეპირად ზუსტ პასუხს, (არაპროფესიონალების რჩევები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობენ, სჯობს არ გაითვალისწინოთ).

მოკლედ , აკვარიუმის შეძენასთან ერთად ტესტის ნაკრების შეძენაა საჭირო.

კრევეტის გარსი
2.2 არასწორი აკლიმატიზაცია

სამწუხაროდ, ახლად შეძენილი კრევეტების სიკვდილის ძირითადი მიზეზი არასწორი აკლიმატიზაციაა. თუ კრევეტს მოიყვანთ და პირდაპირ ჩასვამთ წყალში, დაინახავთ რომ მოუსვენრად დაიწყებენ ცურვას, ისე თითქოს ამოხტომა სურდეთ წყლიდან.

თევზებთან ხშირად იყენებენ მხოლოდ ტემპერატურით აკლიმატიზაციას, რაც ასევე არასწორია (თუ გსურთ რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი გქონდეთ მომავალში, აკლიმატიზაციის წესებიც უნდა დაიცვათ).

ეს განსაკუთრებით დამწყებებმა უნდა გაითვალისწონონ, რომლებმაც ჯერ არ იციან ამ პროცედურის მნიშვნელობა. კრევეტებს არ უყვართ უეცარი ცვლილებები, საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და წყლის პარამეტრების მკვეთრი სხვაობა სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

სანამ აკვარიუმში ჩასვამთ აკვარიუმის ბინადრებს მათი სწორი აკლიმატიზაცია უნდა მოხდეს. წვეთოვანი და ასევე ტემპერატურისაც. ანუ თანდათან უნდა მოხდეს მათი შეგუება წყლის პარამეტრებთან. ამ პოსტში დამატებით ინფორმაციას წაიკითხავთ აკლიმატიზაციაზე: რჩევები დამწყებს

2.3 წყლის დიდი ოდენობით ცვლა

წყლის დიდი რაოდენობით, 20%ზე მეტი ცვლაც ხშირად იწვევს კრევეტების მოუსვენარ ქცევას. თუ ახალი წყალი თავისუფალია მომწამვლელი ნივთიერებებისგან, მაშინ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? წყლის დიდი რაოდენობით ცვლა წყლის პრამეტრებზე მოქმედებს. პარამეტრების ცვლილება კი კრევეტებში იწვევს:

  • სტრესს
  • სრულად არ ხდება გარსის ცვლა ეწ. უყალიბდება “სიკვდილის თეთრი ბეჭედი”,
  • ან მოუმწიფებელ გარსს იცვლიან, რაც სიკვდილის გამომწვევი მიზეზია.

შენიშვნა: ზოგიერთი მოყვარული გეტყვით, რომ 20 %ზე მეტ წყალს უცვლის და კრევეტებიც ცოცხლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ნეოკარიდინა ყველაზე გამძლე სახეობად ითვლება, მაინც არ არის საჭირო ამ ექსტრემალური მეთოდებით მათი გამძლეობის გამოცდა.

რჩევა:

რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ 50%იანი წყლის ცვლა გარდაუვალია? ამ დროს შესაძლებელია ახალი წყლის თანდათან წვეთოვანი გზით დამატება, ამით დროს მივცემთ კრევეტებს ახალ პარამეტრებთან შესაგუებლად.

2.4 სპილენძი, გოგირდწყალბადი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები

მომწამვლელი ნივთიერებები კრევეტებში აღწევს ლაყუჩებიდან, ეს ტოქსინები გაუფილტრავად, პირდაპირ სისხლში გადადიან. ძალიან მალე სუსტდებიან და დაავადებებიც ადვილად უჩნდებათ .

კრევეტისთვის მომწამვლელი ნივთიერებებია:
  • სპილენძი (Cu,მისი მცირე რაოდენობაც ლეტალურია კრევეტისთვის).
  • გოგირდწყალბადი  (H2S).
  • CO2 -ით მოწამვლა (CO2-ს დონე, რომელიც 25-30 ppm-ზე მეტია საშიშია კრევეტისთვის, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ ცო2 სისტემის გაშვებისას)
  • ქლორი, ქლორამინი, მძიმე მეტალები (ეს ქიმიური ნივთიერებები აღიზიანებენ კრევეტის ლაყუჩებს და ბლოკავენ ჟანგბადის ათვისებას, რომელიც იწვევს კრევეტის გაგუდვას)
  • პესტიციდები.
  • წამლები და სასუქები  (ზოგიერთი სასუქი შეიცავს სპილენძს, რკინას დიდი რაოდენობით და სხვა ტოქსიკურ ელემენტებს, ასე რომ მცენარეებისთვის სასუქის დამატებისას ფრთხილად უნდა იყოთ და ზუსტად უნდა იცოდეთ რა შემადგენლობისაა მცენარის საკვები დანამატი).
რჩევა:
  1. წაიკითხეთ ამა თუ იმ წამლის და სასუქის შემადგენლობა. ზოგიერთ მწარმოებელს გარეკანზე “კრევეტებისთვის უსაფრთხო” აქვს მითითებული , მაგრამ ბრმად არ ენდოთ, შეისწავლეთ და ისე აარჩიეთ თქვენი აკვარიუმისთვის პროდუქტი.
  2. კარანტინი. ერთადერთი საშუალება პესტიციდებისგან რომ დავიცვათ აკვარიუმი ეს მცენარეების კარანტინია.
  3. საკმარისი ჟანგბადი. გოგირდწყალბადის განეიტრალება შეიძლება ჟანგბადით, როდესაც გოგირდწყალბადი შეერთდება ჟანგბადთრან, ის დაუბრუნდება სულფატის ფორმას, რომელიც არ არის ტოქსიკური.
  4. წყლის კონდიციონერები. წყლის გამოცვლამდე გააჩერეთ წყალი და გააზავეთ წყლის ქლორის გასანეიტრალებელი ხსნარით, ან გამოიყენეთ რემინერალიზებული გამოხდილი წყალი.
2.5. პარაზიტები და/ან დაავადებები

ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადებული კრევეტებიც დაცურავენ აკვარიუმის კედლების გასწვრივ.

სამწუხაროდ, კრევეტების მკურნალობა პარაზიტებზე და დაავადებებზე ხშირად ვერ ხდება, ზოგიერთი მეთოდი რისკებს შეიცავს და შედეგიანი არც არის. ამიტომ სჯობს თავიდანვე შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ სტრესში არ იყვნენ. სტრესი კი როგორც ავღნიშნეთ დაავადებების გამომწვევი მიზეზია.

2.6 არათავსებადი აკვარიუმის ბინადრები

ყურადღება მიაქციეთ აკვარიუმში მყოფ თევზებს,არ იყოლიოთ კრევეტებთან ერთად:

  • დიდი და აგრესიული თევზი (კრევეტები დაიწყებენ დამალვას)
  • კიბორჩხალები
  • აკვარიუმის ბაყაყები
როგორ უნდა მივხვდეთ შეჯვარების გამო არიან კრევეტები მოუსვენრად თუ სტრესის გამო?

დააკვირდით სხვა კრევეტებს, სხვა მდედრი კრევეტები ან ჯერ კიდევ პატარები არ იღებენ ამ ცეკვაში მონაწილეობას და აგრძელებენ სტანდარტულ ქცევას, ანუ ჭამენ.

თუმცა, თუ რაიმე ცვლილების შემდეგ შეიცვალა ქცევა, მაგალითად საკვების შეცვლის შემდეგ, წყლის გამოცვლის, მცენარის სასუქის დამატების, აკვარიუმში დეკორაციების ან და მცენარეების გადარგვის შემდეგ, ეს იმას ნიშნავს რომ რეაგირება მალევე უნდა მოახდინოთ

  • პირველ რიგში, გაიხსენოთ თუ ბოლოს რა ცვლილება მოხდა აკვარიუმში.
  • შეამოწმეთ წყალი ამიაკზე, ნიტრიტრზე და ნიტრატზე
  • თუ ეს მაჩვენებლები მომატებულია, მაშინ წყალი უნდა გამოიცვალოს.
  • დარწმუნდით რომ არ მერყეობს pH, GH, KH და ტემპერატურა
  • კარგი იქნება თუ საკარანტინე აკვარიუმიც გექნებათ მზად

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.