სულავესის კრევეტი (კარიდინა დენერლი, “კარდინალი” )
სულავესის კრევეტი (კარიდინა დენერლი, “კარდინალი” )

სულავესის კრევეტი (კარიდინა დენერლი, “კარდინალი” )

სულავესის კრევეტი, იგივე კარიდინა დენერლი 2007 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ აკვარიუმის ჰობიში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სულავესის კრევეტი განეკუთვნება კარიდინების კრევეტების ტიპს. მისი სხეული წითელი ფერისაა და თეთრი წინწკლებით აქვს დაფარული. ზომით 2,5 სანტიმეტრს აღწევს. წინა საცეცები გამოკვეთილი თეთრი ფერისაა და ამიტომ მას თეთრ ხელთათმანიან კრევეტსაც უწოდებენ.

ბუნებაში სულავესის კრევეტი ინდონეზიის ხუთ-ტბიანი სისტემის, სულავესის რეგიონის ტბა – პოსოში გვხვდება. ეს ადგილი გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით, თბილი და სუფთა წყლებით.

სულავესის კრევეტს დახურულ ეკოსისტემაში განსაკუთრებული პირობები სჭირდება. ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილური. იკვებებიან ალგეთი, ბიოლოგიური ნარჩენებით, ხრწნადი მცენარეებით. ესაჭიროებათ ბევრი მცენარე, ხის ფესვები, ფორებიანი ქვები და სუფთა წყალი.

სულავესის კრევეტი გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფ სახეობებს შორისაა და წითელ წიგნშია შეტანილი, ამის მიზეზი წყლების გლობალური დაბინძურებაა. აკვარისტები მათ კონსერვაციას უწყობენ ხელს, მაგრამ ველურ ბუნებაში ალბათ მალე ვეღარ შევხვდებით.

სულავესის კრევეტი და ნეოკარიდინა ჩემს აკვარიუმში

სულავესის კრევეტის წყლის პარამეტრები

სულავესის კრევეტს სჭირდება სტაბილური წყლის პარამეტრები. წყლის სიხისტე PH 7.8დან 8.2მდე, gH 6-8მდე.

წყლის ტემპერატურა 25-დან 28 გრადუსამდე.

სულავესის კრევეტის კვება

ისევე, როგორც ნეოკარიდინას კრევეტები, სულავესის კრევეტის კვების რაციონიც მრავალფეროვანია. იკვებება ბიოფირით, ალგეთი. აკვარიუმში სასურველია იყოს ქვები და ხის ფესვები.

აკვარიუმი უნდა იყოს რამოდენიმე თვის მომწიფებული. ახალ აკვარიუმში მათი ჩასმა არ არის რეკომენდებული. შუქის მიმართ მგრძნობიარეები არიან, ამიტომ თუ მხოლოდ რამოდენიმე კრევეტი გყავთ შეიძლება ვერც დაინახოთ დღის განმავლობაში.

თუ აკვარიუმში საკმარისი ალგეა , სპეციალური კრევეტის საკვები შეიძლება 3 დღეში ერთხელაც აჭამოთ. წყლის ცვლა ხშირად, მაგრამ მცირე რაოდენობით უნდა მოხდეს.


სულავესის კრევეტის სიცოცხლის ხანგრძლივობა

სულავესის კრევეტი კარგ პირობებში 2 წლამდე ცოცხლობს, უფრო დიდხანს, ვიდრე კრევეტების სხვა სახეობები. მათი სიკვდილის მიზეზი ხშირად ზედმეტი საკვებია, რადგანაც ზედმეტი საკვები წყლის ხარისხს აფუჭებს, წყლის სისუფთავე კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


სულავესის კრევეტის აკვარიუმის ზომა

სულავესის კრევეტს ესაჭიროება 20 ლიტრიანი ან უფრო დიდი აკვარიუმი. რაც უფრო დიდია აკვარიუმი უფრო მარტივია წყლის სტაბილურობის შენარჩუნება . მოწყობილობებს რაც შეეხება, აუცილებელია ფილტრი და აკვარიუმის სანდო და ხარისხიანი გამათბობელი.


სულავესის კრევეტის გამრავლება

სათანადო წყლის პარამეტრებში სულავესის გამრავლება არ არის რთული. შიშველი თვალით მდედრი და მამრი კრევეტის გარჩევა შეუძლებელია, ამიტომ 10 კრევეტი მაინც უნდა იყოს აკვარიმში და ალბათობით ერთ ერთი მდედრი მაინც აღმოჩნდება.

მდედრი 20დან 28 დღე ატარებს ოცდაათამდე მოწითალო კვერცხს, შემდეგ კი პატარა კრევეტები იჩეკებიან. პატარებს სჭირდებათ ფხვნილის საკვები, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩეს და გაიზარდოს.


სულავესის კრევეტის დაავადებები

სულავესის კრევეტს რაიმე განსაკუთრებული დამახასიათებელი დაავადება არ აქვს, თუმცა მგრძნობიარეები არიან ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიმართ, მათი მკურნალობაც პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც სპილენძის შემცველობის წამლის გამოყენება არ შეიძლება. თუ აკვარიუმის სისუფთავეს დაიცავთ დაავადების რისკიც ნაკლები იქნება.

სულავესის კრევეტი და აკვარიუმის სხვა ბინადრები

სულავესის კრევეტი ძვირადღირებული კრევეტია, ამიტომ დიდ თევზებთან მათი ჩასმა არ იქნება კარგი იდეა, შეიძლება ერთ დღესაც თქვენი თევზისთვის ის ძვირადღირებული დელიკატესი აღმოჩნდეს.

შეგიძლიათ თავისუფლად იყოლიოთ ნეოკარიდინა კრევეტებთან ერთად, რადგანაც მათი წყლის პარამეტრები ერთმანეთს ემთხვევა. ერთმანეთშიც არ ჯვარდებიან.

ცოტა ხნის წინ 5 ცალი ახალგაზრდა სულავესის კრევეტი შევიძინე და ნეოკარიდინებთან ჩავსვი. იშვიათად ვხედავ, მაგრამ იმედი მაქვს გაიზრდებიან და რომელიმე მათგანი მდედრი და მამრი აღმოჩნდება და გამრავლდებიან.

სულავესის კრევეტის სახეობები

სულავესის კრევეტის ბევრნაირი სახეობა არსებობს, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი კარდინალ სულავესის კრევეტებია. გაყიდვაში გვხვდება ასევე Blue Ghost Sulawesi, Galaxy Sulawesi Shrimp, Tigris Sulawesi Shrimp , მაგრამ საკმაოდ დიდი ფასი აქვთ. თითო კრევეტის ღირებულება 75 ამერიკულ დოლარზე მეტი შეიძლება რომ ღირდეს.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.