აკვარიუმის ბინადარი ორგანიზმები
აკვარიუმის ბინადარი ორგანიზმები

აკვარიუმის ბინადარი ორგანიზმები


თევზების გარდა თქვენს აკვარიუმში სხვადასხვა სახეობის ორგანიზმები ბინადრობენ და ეს სრულიად ნორმალურია. ზოგიერთი ისეთი მცირე ზომისაა, რომ შეუიარაღებელი თვალით რთულია მათი დანახვა. ეს ორგანიზმები უფრო მეტად ჩამოყალიბებულ, მცენარეებიან აკვარიუმებში გვხვდებიან.

ხშირ შემთხვევაში თევზები ჭამენ მათ. ამ გზით პოპულაციის გამოხშირვა ხდება და ამიტომ ნაკლებად შეიმჩნევიან თევზებიან აკვარიუმში. ეს ორგანიზმები აკვარიუმის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია და თავიანთ მნიშვნელოვან როლსაც ასრულებენ, ძირითადად გრუნტში ცხოვრობენ და გადაამუშავებენ ნარჩენებს . ზოგიერთ სახეობას აკვარისტები სპეციალურადაც ამრავლებენ თევზების და ლიფსიტების გამოსაკვებად. ზოგიერთი სრულიად უვნებელია და არ წარმოადგენს საფრთხეს, ზოგი კი კრევეტებისთვის და ლიფსიტებისთვის ზიანის მომტანია. მიუხედავად მათი დადებითი როლისა, ხანდახან იმდენად მრავლდებიან, რომ ვიზუალურად არასასიამოვნოა დანახვა და საჭირო ხდება მათი აკვარიუმიდან მოშორება.


აკვარიუმში შეიძლება ასევე მოხვდნენ მავნებლები, როგორიცაა მაგალითად ლარვას სტადიაში მყოფი ნემსიყლაპია, ის წყალში ცხოვრებისას თევზებით ან კრევეტებით იკვებება. ესეთი მწერები კი აუცილებლად უნდა მოაშოროთ აკვარიუმს.


თავისით არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი არ ჩნდება წყალში. მათი აკვარიუმში შემოსვლა ხდება ან დეკორაციით, მცენარით, გრუნტით, ჰაერიდან, ახალ თევზსაც კი შეიძლება რომ შემოჰყვეს.

წყლის ორგანიზმების აკვარიუმში მოხვედრის რისკის შემცირება შესაძლებელია მცენარეების დეზინფექციით და დეკორაციების დამუშავებით. რეკომენდებულია რამოდენიმე დღით ხის ფესვების წყალში გაჩერება, დამდუღვრა, მოზრდილი ქვების ქლორის ნაზავით დამუშავება, შემდეგ კი ჰაერზე ბოლომდე გამოშრობა, რათა დეკორაციაზე არსებული კვერცხებიც მოშორდეს.


განვიხილოთ რამოდენიმე, ყველაზე მეტად გავრცელებული აკვარიუმის ბინადარი ორგანიზმი.


ნარჩენების ჭია



ნარჩენების ჭია არის თეთრი და წვრილი, თითქმის თმის სისქის ჭიაა. ისინი ძირითადად გრუნტში ბინადრობენ, თუმცა აკვარიუმის შუშაზეც ამოდიან ჯგუფურად. ნარჩენების ჭიები აკვარიუმის ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ისინი ზედმეტ , ლპობად ორგანულ ნარჩენებს გადაამუშავებენ.


როგორ მოვაშოროთ ნარჩენების ჭიები აკვარიუმიდან


  1. ხშირად გამოცვალეთ წყალი.
  2. ვაკუუმით გაასუფთავეთ გრუნტი.
  3. არ ჩაყაროთ საკმარისზე მეტი საკვები (თევზების და კრევეტების უმეტეს სახეობას არ სჭირდება ყოველდღიური კვება)
  4. კორიდორასებისთვის და ქვემოთ მცურავი სხვა თევზებისთვის გემრიელი სასუსნაოა, ასე რომ თუ არ გყავთ ქვემოთ მცურავი თევზები გირჩევთ დაამატოთ აკვარიუმში


პლანარია



მტკნარი წყლის პლანარია ორი სახისაა, თეთრი და შავი/ყავისფერი. თავიდან, შეიძლება აგერიოთ ნარჩენების ჭიაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პატარები არიან, მარამ მათი ამოცნობა წამახვილებული თავითაა შესაძლებელი. თავზე შესამჩნევი ორი თვალი აქვს და მოძრაობენ როგორც ლოქორები. პლანარიას თევზისთვის ზიანი არ მოაქვს, მაგრამ ვნებს ახალგამოჩეკილ კრევეტს, ან მოზრდილ კრევეტს, რომელსაც გარსი ახალი გამოცვლილი აქვს და შესაბამისად სუსტია.


როგორ მოვაშოროთ პლანარია აკვარიუმიდან


  1. დაიცავით აკვარიუმის სისუფთავე. შავი პლანარია ნარჩენებითაც იკვებება, შესაბამისად მათი რაოდენობა ნარჩენების რაოდენობის პროპორციულია, ამიტომ შეამცირეთ საკვები.
  2. ხშირად დაასიფონეთ გრუნტი. ამოტუმბულ წყალს პლანარიას კვერცხებიც ამოყვება.
  3. პლანარიასაც ჭამენ თევზები, დაამატეთ ქვემოთ მცურავი თევზებიც.
  4. გამოიყენეთ ქიმიური საშუალებები. გამოიყენება ფენბენდაზოლის შემცველობის წამალი, რომლის დოზები მკაცრად უნდა იქნეს დაცული, ის მომენტალურად კლავს ჰიდრასაც , ასევე თევზის შიდა პარაზიტულ ჭიებს. მე პირადად ეფექტურად ვიყენებ ‘პანაკურს’, რომელიც მცენარეებისთვისაც უსაფრთხოა, (იხილეთ ლინკი).

ჰიდრა

ჰიდრა წარმოადგენს მტკნარი წყლის პოლიპს, ის ზღვის მარჯნის და ანემონეს მსგავსი ორგანიზმია. ძირითადად თეთრია, თუმცა როდესაც იზრდება ხდება მწვანე შეფერილობის. ჰიდრას ერთი ნაწილი მიემაგრება აკვარიუმის დეკორაციას,მცენარეებს, კენჭებს, აკვარიუმის მინას, ფილტრს და ლოკოკინებსაც კი. სხეულის მეორე ბოლოზე კი ქოლგისებური საცეცები აქვს, რომელიც ისუსხება. ჰიდრა იკვებება ციკლოპებით, დაფნიათი, არტემიათი, ასევე სუსხავს და კლავს ახალგამოჩეკილ კრევეტს და ლიფსიტებს. ჰიდრას სახელწოდება ბერძნული მითოლოგიიდან მოდის და ისევე როგორც ურჩხულ ჰიდრას, მისი ნებისმიერი გადაჭრილი სხეულის ნაწილიდანაც ახალი, მისი მსგავსი ორგანიზმი იზრდება.

როგორ მოვაშოროთ ჰიდრა აკვარიუმიდან
  1. დაიცავით აკვარიუმის სისუფთავე. რადგანაც ჰიდრა იკვებება პატარა ორგანიზმებით და ეს ორგანიზმები თავის მხრივ ორგანული ნარჩენებით იკვებებიან ამიტომ საჭიროა წყლის ცვლა და გრუნტის ვაკუუმით წმენდა.
  2. შეამცირეთ ცოცხალი საკვები და საკვები ფხვნილის სახით (ახალგამოჩეკილი კრევეტებისთვის სპეციალური საკვები არსებობს და ის ფხვნილის სახით გვხვდება). ჰიდრა იკვებება მიკროსკოპული ცოცხალი ორგანიზმებით, როგორიცაა ინფუზორია და დაფნია. როდესაც თევზის ლიფსიტებს ამ ცოცხალი საკვებით კვებავთ და სალიფსიტეში ბევრს ყრით , ლიფსიტები რასაც ვერ ითვისებენ, შესაბამისად ჰიდრა ჭამს ზედმეტ საკვებს და მრავლდება .
  3. დაამატეთ აკვარიუმში თევზები რასბორა, ტეტრა, გუპი, ლაბირინთული თევზები, როგორიცაა ბეტა და გურამი ჭამენ ჰიდრას.
  4. ქიმიური საშუალებები, როგორიცაა ფენბენდაზოლი, ჰიდრას საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.თუმცა ამ მეთოდს სჯობს მხოლოდ მაშინ მიმართოთ როდესაც სხვა უსაფრთხო მეთოდებითაც ცდით პრობლემის მოგვარებას. Fenbendazole Panacur 1 Gram
ციკლოპი (კოპეპოდი)

ციკლოპები (იგივე კოპეპოდები) რწყილის მაგვარი ორგანიზმები არიან, რომლები ძალიან სწრაფად მოძრაობენ, იკვებებიან ნარჩენებით, ეს იმას ნიშნავს რომ აკვარიუმისთვის სარგებელი მოაქვთ. თევზებიან აკვარიუმში თითქმის ვერ შეამჩნევთ, რადგანაც თევზები ნადირობენ და გემრიელად შეექცევიან. სალიფსიტესთვის კარგი საკვები საშუალებაა ამიტომ ხელოვნურადაც ამრავლებენ.

როგორ მოვაშოროთ ციკლოპები აკვარიუმიდან

ისევე , როგორც აკვარიუმის სხვა ორგანიზმები, ციკლოპებიც მაშინ ჩნდებიან, როდესაც არ ხდება წყლის ხშირი ცვლა, ბევრი აუთვისებელი საკვები ხვდება გრუნტში და არ ხდება სიფონით გრუნტის წმენდა.

  • რჩევა: ციკლოპებს/კოპეპოდებს სინათლე იზიდავს, შეგიძლიათ ერთ ადგილას მიანათოთ ფანარი, მალე ერთად შეგროვდებიან, შემდეგ კი სიფონით ადვილად ამოიღებთ. შეიძლება ასევე ბოსტნეულის , მაგალითად კიტრის პატარა ნაჭრის ჩაძირვაც. ცოტა ხანში დაეხვევიან, შემდეგ კი ამოიღებთ, ამ უსაფრთხო მეთოდებით შეგიძლიათ აკონტროლოთ მათი რაოდენობა.
მუცელფეხიანი მოლუსკი ლიმპეტი

მტკნარი წყლის მოლუსკი მუცელფეხიანთა კლასს განეკუთვნება და აქვს თეფშისებური ნახევარ ნიჟარა. ისინი ლოკოკინების და ლოქორების ოჯახში შედიან. ლიმპეტი არ წარმოადგენს აკვარიუმისთვის საფრთხეს, პირიქით, ისევე როგორც ნიჟარიანი ლოკოკინები ისინიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ მცენარეებიან აკვარიუმში. თუმცა, როდესაც უკონტროლოდ ხდება მათი გამრავლება, ვიზუალურად არასასიამოვნოა აკვარიუმის მინაზე მცოცავი არსებები და ამიტომაც არის საჭირო მათი რაოდენობის შემცირება

როგორ მოვაშოროთ მოლუსკები აკვარიუმიდან

მოლუსკებს ყველა თევზი არ ჭამს, ამიტომ მათი ხელით მოშორება ხდება საჭირო. ისევე როგორც ლოკოკინები, მოლუსკებიც ალგეთი იკვებებიან, ამიტომ ეცადეთ საკვები შეუმციროთ, გაწმინდეთ მინები, მოაშორეთ ალგე დეკორაციებს. შეიძლება ბოსტნეულის ხაფანგები დაამზადოთ პერიოდულად, ან როდესაც მოზრდილ მოლუსკს შეამჩნევთ ხელით ამოიღოთ. აკვარიუმში დაამატეთ სხვა ალგეს მჭამელი დიდი ლოკოკინა , მაგალითად ნერიტინა ან ალგეს მჭამელი თევზები.

აკვარიუმში კიდევ უამრავი სახეობის ბინადარი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად მიწის მატლი, აზიური ტკიპა, ევროპული ბრტყელი ტკიპა, სხვადასხვა სახეობის ორსქესიანი ლოკოკინები და ა.შ. როგორც ავღნიშნეთ მათი უმრავლესობა დადებით როლს ასრულებს აკვარიუმში, გადაამუშავებენ ლპობად ნარჩენებს, გრუნტში ჟანგბადის მიმოცვლას უწყობენ ხელს, ზოგიერთი კი თევზების დამატებითი, ცოცხალი საკვებია. ამიტომ თუ მათი პოპულაცია ძალიან შესამჩნევი არაა, მიუხედავად იმისა , რომ არასასიამოვნო ფაქტია უცნაური მატლები აკვარიუმში არც სანერვიულო არაა 🙂

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.