აკვარიუმის დატოვება დასასვენებლად წასვლის დროს
აკვარიუმის დატოვება დასასვენებლად წასვლის დროს

აკვარიუმის დატოვება დასასვენებლად წასვლის დროს

ალბათ ყველა აკვარიუმისტისთვის დგება მომენტი, როდესაც უწევს აკვარიუმის რამოდენიმე დღით ან კვირით დატოვება და ფიქრობს თუ რა უნდა მოიმოქმედოს, რომ დაბრუნებისას აკვარიუმში დახვდეს ცოცხალი თევზები და ჯანსაღი მცენარეები.

როდესაც აკვარიუმი დიდი ხნის გაშვებულია და ფილტრიც მომწიფებულია, მისი რამოდენიმე დღით უმეთვალყურეოდ დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში წასვლის წინ უბრალოდ უნდა გამოიცვალოს წყალი, გაიწმინდოს ფილტრი და აკვარიუმის კედლები. თუ co2 არის გაშვებული ის აუცილებლად უნდა გამოირთოს.

შემდეგი, რაც გასათვალისწინებელია არის აკვარიუმის განათება. თუ არ გაქვთ ტაიმერი სჯობს შეიძინოთ ის და განათება დააყენოთ მინიმალურ, 6 საათიან რეჟიმზე. თუ თქვენს აკვარიუმში არ გაქვთ მცენარეები და აკვარიუმიც ისეთ ოთახშია, სადაც აღწევს დღის სინათლე, მაშინ არც განათების ჩართვაა საჭირო. თუ მხოლოდ სამ დღემდე ტოვებთ მცენარეებიან აკვარიუმს , მასში მყოფი მცენარეები გაძლებენ სინათლის გარეშეც.

ალბათ ჩვენი არყოფნის დროს ყველაზე დიდი საფიქრალი მაინც თევზების კვებაა. რამდენი ხანი გაძლებენ თევზები საკვების გარეშე? რამდენ დღეში ერთხელ უნდა ვკვებოთ? და ა.შ.

რამოდენიმე ხნის წინ ჩემი მცენარებიანი აკვარიუმები დავტოვე ორი კვირით. დაბრუნებისას ყველა თევზი და კრევეტი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო, უბრალოდ ოდნავ დამშეულები. მომწიფებულ აკვარიუმში მიკროორგანიზმებით, ალგეთი, ლოკოკინას კვერცხებითაც ახერხებენ გამოკვებას ჩვენი აკვარიუმის ბინადრები.

🐟ყველა აკვარიუმი ინდივიდუალურია და თევზის სახეობასაც , მათ რაოდენობას და მათ ასაკს გააჩნია. მაგალითად ლიფსიტები ამდენი ხანი საკვების გარეშე ვერ გაძლებდნენ.

თუ სახლში რჩება ოჯახის წევრი, მას შეუძლია კვებოს თევზები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის სჯობს ნაკლები აჭამოთ, ვიდრე ბევრი. შეგიძლიათ დღიური პორციები გადაანაწილოთ და დაუტოვოთ ახლობელს, რადგანაც როცა არ იციან ზუსტად რამდენი ჩაუყარონ ზედმეტი მოსდით. კვებაც სამ, ოთხ დღეში ერთხელ შეიძლება მოხდეს, რომ თავიდან აიცილოთ პრობლემები, როგორიცაა ბიოლოგიური ბალანსის დარღვევა და თევზების სიკვდილი. როდესაც სამ ან ოთხ დღეში აჭმევთ თევზს, მაშინ წყლის გამოცვლის შუალედებიც შეგიძლიათ გაზარდოთ.

რაც შეეხება კრევეტებს , ისინი მცენარეებიან აკვარიუმში ყოველთვის პოულობენ მათთვის საჭირო საკვებს, ასე რომ თუ მომწიფებული, მცენარეებინი აკვა გაქვთ საკვების ჩაყრაც არ არის საჭირო.

ჩვენ, აკვარიუმისტებს არ გვეზარება ჩვენივე აკვარიუმების მოვლა, მაგრამ როდესაც დატოვება გიწევთ, ალბათ სჯობს ნაკლებად შევაწუხოთ ოჯახის წევრები და ორ კვირაში ერთხელ გამოცვალონ აკვარიუმის წყალი. (მე რამოდენიმე თვით ჩავაბარე მეუღლეს აკვარიუმები, წყალს ცვლის ორ სამ კვირაში ერთხელ და თევზებსაც 3 დღეში ერთხელ აჭმევს). როდესაც სულ რაღაც ერთი კვირით ტოვებთ აკვარიუმს ავტომატური საკვები მოწყობილობის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ის შეიძლება გაიჭედოს ან ბევრი რაოდენობის საკვები ჩაიყაროს ერთდროულად.

და ბოლოს კიდევ რამოდენიმე რჩევა, გათბობა დააყენეთ თქვენივე თევზებისთვის საჭირო მინიმალურ ტემპერატურაზე. ცხელ სეზონზე აორთქლების თავიდან ასაცილებლად დააფარეთ სახურავი აკვარიუმს ან ახლობელს სთხოვეთ პერიოდულად დაამატოს გამოხდილი წყალი.

როდესაც დიდი ხნით მიდიხართ ნანო აკვარიუმები შეგიძლიათ გადაადგილოთ და ახლობლებთან მიიტანოთ , მაგრამ დიდ აკვარიუმებს სამწუხაროდ ვერ გადავაადგილებთ.

სხვა შინაური ცხოველებისგან ან ფრინველებისგან განსხვავებით(რომლებიც შეგვიძლია თან წავიყვანოთ , დავუტოვოთ მეგობარს ან სპეციალურ სასტუმროში დავტოვოთ ) აკვარიუმებზე მეტად მიჯაჭვულები ვართ. სამწუხაროდ, როდესაც ვერავის უტოვებენ და დიდი ხნით მიდიან, აკვარიუმისტებს უწევთ თევზების გაჩუქება და აკვარიუმის მთლიანად დაშლა.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.