აკვარიუმის (სუბტროპიკული) ცივი წყლის თევზები
აკვარიუმის (სუბტროპიკული) ცივი წყლის თევზები

აკვარიუმის (სუბტროპიკული) ცივი წყლის თევზები

ყველა აკვარიუმის თევზს წყლის სხვადასხვა პარამეტრები და ტემპერატურა სჭირდება. სუბტროპიკული და ტროპიკული თევზების წყლის ტემპერატურის დიაპაზონიც სხვადასხვაა, თუმცა არცთუ ისე მოკლე დიაპაზონია და ამ ტემპერატურის ფარგლებშიც შეუძლიათ ადაპტირება. აკვარიუმის დეკორატიული თევზები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად თბილ და ცივი წყლის თევზებად.

რადგანაც ესა თუ ის თევზი “ცივი” წყლის თევზის კატეგორიაშია, ეს იმას არ ნიშნავს რომ 2°C გრადუს წყალშიც გაძლებენ. აკვარიუმის დეკორატიული ცივი წყლის თევზების წყლის ტემპერატურის დიაპაზონი ზოგადად 15დან-24°C გრადუსია.

ამ სტატიაში არ განვიხილავ კალმახებს , ორაგულებს, ლოქოებს და ისეთ ე.წ ცივი წყლის დიდ თევზებს რომელიც საკვებად გამოიყენება და მდინარეებში და წყალსაცავებში ბინადრობენ ზამთარსა თუ ზაფხულში. ვწერ აკვარიუმების თევზებზე, რომლებიც ოთახის წყლის ტემპერატურაზე , ანუ გამათბობელის გარეშეც შეგვიძლია გვყავდეს. (ოთახის ჰაერის ტემპერატურა როდესაც იგულისხმება ეს არის 20-22 გრადუსი)

ოთახის ტემპერატურა ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში ოთახი გრილდება და ზამთარში თბება. ავტოფარეხში, სადაც დღისით ძალიან ცხელა ან ოფისში, სადაც ღამე ტემპერატურა გამორთულია “ოთახის ტემპერატურა” რა თქმა უნდა არ შენარჩუნდება.

თუ ოთახი არ თბება, მაშინ “ცივი” წყლის თევზებსაც დასჭირდებათ გამათბობელი.

ისევე როგორც თბილი წყლის თევზს, ცივი წყლის აკვარიუმის თევზსაც სტაბილური ტემპერატურა სჭირდება. წყლის ტემპერატურა არ უნდა იცვლებოდეს სწრაფად და არ უნდა მერყეობდეს მუდმივად დიდი გრადუსით.

თევზის ზომა

სანამ თქვენი აკვარიუმისთვის ცივი წყლის თევზს შეარჩევთ, გაარკვიეთ მაქსიმუმ რამხელა გაიზრდება.

თევზების მაღაზიებში (ბაზრობებზე) შეიძლება იყიდოთ ცივი წყლის, კოის ორ სანტიმეტრიანი ლიფსიტა, რომელიც ნახევარ მეტრზე მეტი შეიძლება რომ გახდეს.

ცივი წყლის ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი თევზია ოქროს თევზი. მისი ზომაც გასათვალისწინებელია. ოქროს თევზის ზოგიერთი სახეობაც საკმაოდ დიდი იზრდება. კოი და დიდი ოქროს თევზები ძირითადად გუბურებში ჰყავთ. თუ კლიმატი არის ცივი და ზამთარში წყალი ხშირად იყინება, ამ შემთხვევაში გუბურა უნდა იყოს საკმაოდ ღრმა, რომ კოის და ოქროს თევზები სიღრმეში ჩავიდნენ და სიცივეს გაუძლონ.

ამ პოსტში რამოდენიმე ცივი წყლის თევზს განვიხილავ.

ქართულ სახელწოდებებზე ნუ ვიკამათებთ, მეცნიერულ სახელსაც მივუთითებ. “პეტუშოკი”, “ზალატაია რიბკა” “სუმატრანსკი”, “ხიშნიკი” , “აკულა” და ა.შ სახელწოდებები სჯობს თქვენც დაივიწყოთ.

ვარდისფერი ბარბუსი, წითელი ბარბუსი, ბარბი (Pethia conchonius, Barbus conchonius)
ვარდისფერი ბარბუსი
  • წითელი ბარბუსი ყველაზე გამძლე ბარბუსის სახეობად ითვლება .
  • გავრცელების ტერიტორია: ავღანეთი, ბანგლადეში
  • წყლის ტემპერატურა : 17-24°C გრადუსამდე
  • მათი მოვლა მარტივია და სხვა ცივი წყლის მშვიდობიან თევზებთან ერთად შეგიძლიათ რომ იყოლიოთ.
  • შეიძლება მათზე პატარა თევზების მიმართ იყოს აგრესიული, ამიტომ სჯობს ჯგუფურად გყავდეთ, რომ აგრესია შემცირდეს.
  • აკვარიუმის პირობებში მაქსიმალური ზომა 5-დან 6 სანტიმეტრია, ბუნებაში კი 12 სანტიმეტრამდე იზრდება.
ოქროსფერი ბარბუსი (Pethia Barbodes semifasciolatus, Puntius semifasciolatus, Barbus schuberti)
ოქროსფერი ბარბუსი
  • ოქროსფერი ბარბუსი, იგივე ჩინური ბარბუსები , ჯგუფურად ცხოვრობენ, ამიტომ აკვარიუმშიც 5-6 ცალი უნდა იყოლიოთ ერთად. ისინი წითელ ბარბუსებზე მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან.
  • სჭირდებათ წყლის საშუალოზე მაღალი დინება.
  • წყლის ტემპერატურა 20 – 25 °C გრადუსამდე
  • ოქროსფერის გარდა გვხვდება მისი მწვანე ვარიანტიც.
ორ წერტილიანი ბარბუსი (Pethia ticto, formerly Barbus ticto)
ორ წერტილიანი ბარბუსი
  • ეს თევზი გვხვდება ნეპალში, ინდოეთსა და პაკისტანში.
  • შეფერილობა წითელიც შეიძლება რომ გახდეს და ეს მის კვების რაციონზეა დამოკიდებული.
  • ჭამს ალგეს ფირფიტებს, ცოცხალ და ხმელ საკვებსაც.
  • წყლის ნელი დინება სჭირდება.
  • წყლის ტემპერატურა 14- 22°C გრადუსამდე
წითელფარფლიანი ტეტრა (Aphyocharax anisitsi)
წითელფარფლიანი ტეტრა
  • გავრცელების ტერიტორია: სამხრეთ ბრაზილია და პარაგვაი.
  • წყლის ტემპერატურა 18- 28°C გრადუსამდე.
  • მშვიდობიანი თევზია, მარტივი მოსავლელი და ამიტომ ხშირად ნახავთ ზოომაღაზიებშიც.
  • იკვებება როგორც მცენარეული , ასევე ცოცხალი, ან გამხმარი საკვებით.
  • ტეტრას ეს სახეობა ძირითადად წყლის ზედაპირთან ახლოს ცურავს.
  • საჭიროა ჯგუფურად იყოლიოთ. მინიმუმ 5/6 ცალი ერთად
ბუენოს აირესის ტეტრა (Psalidodon anisitsi, Hemigrammus caudovittatus)
ბუენოს აირესის ტეტრა
  • ბუენოს აირესის ტეტრა ხშირად გვხვდება აკვარიუმების მაღაზიებში, რადგანაც საკმაოდ გამძლე თევზია.
  • წყლის ტემპერატურა 15დან- 27°C გრადუსამდე.
  • ორი ვარიანტი არსებობს, ალბინოსი და სტანდარტული ვარიანტი.
  • ისევე, როგორც წითელფარფლიანი ტეტრაც, მისი მოვლაც მარტივია, იკვებება მცენარეული საკვებითაც.
  • თევზის ეს სახეობაც ჯგუფურად უნდა იყოლიოთ.
ოქროს თევზი
ოქროს თევზი
  • ოქროს თევზი აზიიდან გავრცელდა, მათი ბევრი სახეობა არსებობს და ხშირად აკვარიუმების მოყვარულებიც პირველად ამ თევზს ყიდულობენ.
  • სელექციის საშუალებით გვხვდება თვალბუშტა, გრძელფარფლებიანი ოქროს თევზები, ოქროსფერი, შერეული ფერის, ალბინოსები, შავები და ა.შ.
  • რეკომენდებული ტემპერატურაა 20-23°C გრადუსი.
ზებრა დანიო (Danio rerio, Brachydanio rerio ) და მარგალიტის დანიო (Danio albolineatus) 
  • ზებრა დანიო და მარგალიტის დანიო(celestial pearl danio-ში იგივე გალაქსი რასბორაში არ აგერიოთ) საკმაოდ გამძლე თევზები არიან. შესაბამისად მარტივია მათი მოვლა.
  • მარგალიტის დანიოები ზებრა დანიოებზე დიდები არიან, ზებრა დანიოები ჯგუფურად უნდა გყავდეთ აკვარიუმში, რაც შეეხება მარგალიტის დანიოს შესაძლებელია მხოლოდ ერთი გგავდეთ, მაგრამ რადგანაც სოციალური თევზია, სხვა მშვიდობიან თევზებთან უფრო კარგად იგრძნობს თავს.
  • ტემპერატურა 17-24 °C მდე
  • სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება შეგხვდეთ, გრძელფარფლიანი და ლეოპარდის (ჯიქის) შეფერილობის.
ენდლერები (Poecilia wingei)
ენდლერი
  • გაგიკვირდებათ და ენდლერებიც შეგიძლიათ იყოლიოთ ოთახის ტემპერატურაზე.
  • მათ შეუძლიათ ადაპტირდნენ ტემპერატურის ფართო დიაპაზონზე 22დან – 28 °Cმდე.
  • ამის გამო შეგიძლიათ იყოლიოთ ცივი წყლის თევზებთან და თბილი წყლის თევზებთანაც ოთახის ტემპერატურაზე, უბრალოდ გაითვალისწინეთ სხვა თევზების აგრესიულობა.
  • მაგალითად ბარბუსებს ახასიათებთ მათზე პატარა თევზების ფარფლების დაზიანება. ამიტომ ყურადღებით აარჩიეთ აკვარიუმის სხვა ბინადრებიც.
პანდა კორიდორასი
პანდა კორიდორასი
  • ქვემოთ მცურავი თევზებიდან პანდა კორიდორასიც შეგიძლიათ იყოლიოთ ოთახის ტემპერატურაზე.
  • ტემპერატურის დიაპაზონი ამ თევზისთვის არის 16 °C დან 28 °C.
  • პანდა კორიდორასები მშვიდობიანი თევზები არიან, შეგიძლიათ იყოლიოთ მაგალითად ცოცხალმშობიარე ენდლერებთან ერთად.
  • რადგანაც კორიდორასები ზოგადად ქვემოთ დაცურავენ, აკვარიუმის გრუნტიც უნდა იყოს ქვიშიანი. ან ისეთი გრუნტი, რომელიც არ შეიცავს ბასრ ნაწილაკებს.

რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი თევზების გარდა კიდევ ბევრი თევზის სახეობაა, რომლის ყოლაც შეიძლება ოთახის ტემპერატურის აკვარიუმში(ანუ ისეთ პირობებში სადაც ოთახი თბება და გრილდება), თუმცა ამ მცირე ჩამონათვალმაც ალბათ შეგიქმნათ ზოგადი წარმოდგენა ცივი და თბილი წყლის თევზების წყლის ტემპერატურის მოთხოვნებზე.

რჩევა:

სანამ თევზების მაღაზიაში შეხვალთ და იმპულსურად, ფერის გამო რაიმე თევზს შეიძენთ, გირჩევთ იქვე დაგუგლოთ თევზის სახელი , მოიძიოთ მეტი ინფორმაცია, გაარკვიოთ რა პირობები სჭირდება ამა თუ იმ თევზს და უკვე ცოდნით მიბრუნდეთ მაღაზიაში და ისე შეიძინოთ თევზი.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.