სანამ თევზს შეიძენთ ან მეგობარს აჩუქებთ (დაღეჭილი ინფორმაცია)
სანამ თევზს შეიძენთ ან მეგობარს აჩუქებთ (დაღეჭილი ინფორმაცია)

სანამ თევზს შეიძენთ ან მეგობარს აჩუქებთ (დაღეჭილი ინფორმაცია)

სასურველი თევზების შეძენა რამოდენიმე კვირით ადრე დაგეგმეთ. მანამდე მოიმარაგეთ მოწყობილობები და შეისწავლეთ თუ რა სჭირდება თევზს. აკვარიუმის მომზადებას და გაშვებასაც დრო სჭირდება.

თუ საჩუქრად გსურთ თევზი დარწმუნდით, ნამდვილად სურს თუ არა თქვენს მეგობარს აკვარიუმი, აქვს თუ არა საჭირო ცოდნა თევზებზე, აქვს თუ არა იმის საშუალება ან დრო, რომ მოუაროს აკვარიუმს.

თევზი არც ბავშვების გასართობია. თუ ოჯახში თევზების ყოლა გსურთ, ბავშვებთან ერთად გაეცანით ინფორმაციას თევზებზე, ისწავლეთ და ასწავლეთ პატარებს როგორი გარემო სჭირდება თევზს აკვარიუმში. ცხოველებზე , ჩიტებზე და თევზებზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა პატარა ასაკიდანვე მნიშვნელოვანია.

სანამ თევზს შეიძენთ დაგჭირდებათ შემდეგი:
  • აკვარიუმი (არ შეიძინოთ მრგვალი ჭურჭელი) მინიმუმ 20 ლიტრი მაინც უნდა იყოს აკვარიუმის ზომა ერთი თევზისთვის, მაგალითად ბეტა თევზისთვის.
  • აკვარიუმის ზომის შესაბამისი ფილტრი
  • აკვარიუმის გამათბობელი
  • გრუნტი
  • თერმომეტრი
  • განათება
  • ქლორის გამანეიტრალებელი ხსნარი
  • წყლის ტესტები
  • სიფონი – აკვარიუმის წყლის გამოსაცვლელად
  • პატარა ბადე (აუცილებელი არაა, მაგრამ დაგჭირდებათ)

აკვარიუმის გაშვების ეტაპები:
  • დადგით აკვარიუმი გათანაბრებულ მყარ ზედაპირზე. შეგიძლიათ თარაზოც გამოიყენოთ. მცირე დახრილობამ შეიძლება გამოიწვიოს მინაზე დაწოლა,სილიკონის დაზიანება, რაც დროთა განმავლობაში გაჟონვას/გაბზარვას გამოიწვევს.
  • გადაანაწილეთ გრუნტი ფსკერზე, დაახლოებით 5 სმ სიმაღლეზე. მანამდე კი წყალი გაავლეთ გრუნტს. თუ საჭიროა დამდუღვრაც შეიძლება (გირჩევთ გამოიყენოთ სქელი ბუნებრივი ქვიშა და წვრილი ფრაქციის ბუნებრივი ფერის კენჭებიანი გრუნტი)
  • აავსეთ აკვარიუმი წყლით და დაამატეთ ქლორის გამანეიტრალებელი ხსნარი. ქლორის გამანეიტრალებელი ხსნარი გამოიყენეთ მომავალში ყოველთვის , როცა აკვარიუმს წყალს გამოუცვლით. ქლორი მომწამვლელია თევზისთვის.
  • ჩართეთ გამათბობელი და ფილტრი.
  • შემდეგი ეტაპი არის აკვარიუმების ეკოსისტემის შესწავლა. ეცადეთ მაქსიმალურად გაერკვეთ თუ რა ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს აკვარიუმებში. ვეცდები მოკლედ ავხსნა: თევზი გამოყოფს ფეკალიას, აკვარიუმში ჩაყრილი საკვებიც ბოლომდე თუ არ შეიჭამა, იწყებს ხრწნას და გამოიყოფა მავნე ნივთიერება ამიაკი. ამიაკი თავისით არ ქრება აკვარიუმიდან, ამიაკს ბუნებაში მოიხმარს სასარგებლო ბაქტერია და გარდაქმნის კიდევ სხვა ნივთიერებად ნიტრიტად. ნიტრიტიც მავნეა თევზისთვის და ესეც თავისით არ ქრება აკვარიუმიდან. იმისათვის რომ ამ ნივთიერებებით არ მოიწამლოს თევზი, საჭროა სასარგებლო ბაქტერიებმა მოიხმარონ ეს მავნე ნივთიერებები. ამ სასარგებლო ბაქტერიებს კი დრო სჭირდებათ რომ გავრცელდნენ ჩვენს აკვარიუმებში და დაიდონ ბინა ზედაპირებზე. სასარგებლო ბაქტერიები ძირითადად ცხოვრობენ აკვარიუმის ფილტრში და გრუნტში, ასევე ფილტრის ზედაპირებზე, გამათბობელზეც კი.
    იმისათვის რომ აკვარიუმში სასარგებლო ბაქტერიები გამრავლდნენ და ზედაპირებზე დაიდონ ბინა, უნდა დავძრათ ეს პროცესი. პროცესის დასაწყებად შეგიძლიათ ეს სასარგებლო ბაქტერიები ხსნარის სახით შეიძინოთ მაღაზიაში, ე.წ. სტარტერი და ჩაასხათ ახალ გაშვებულ აკვარიუმში ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თევზის საკვები. როდესაც აკვარიუმს წყლით აავსებთ ჩაყარეთ პირველივე დღესვე ნახევარი კოვზი თევზის საკვები. თევზის საკვები მალე დაიწყებს გახრწნას და დაიწყება მავნე ნივთიერებების გამოყოფაც, შემდეგ კი ბუნებრივად გამრავლდებიან სასარგებლო ბაქტერიები და ამ მავნე ნივთიერებების “ჭამას” დაიწყებენ. ჩვენი მიზანია რომ, მაქსიმალურად გაიზარდოს სასარგებლო ბაქტერიების კოლონა აკვარიუმის ფილტში , ამას კი დაახლოებით 2დან 4 კვირა სჭირდება. აკვარიუმის გაშვების პროცესში თევზის საკვები ორ დღეში ერთხელ ჩაყარეთ, აკვარიუმის წყალი კი კვირაში 20% ით გამოცვალეთ. ახალი წყალი , რომელსაც აკვარიუმში ჩაასხამთ აუცილებლად უნდა იყოს დექლორირებული, ქლორი ამ ჩვენს ბაქტერიებსაც კლავს და შემდგომ თევზებისთვისაც სასიკვდილოა.
  • როგორ უნდა მივხვდეთ აკვარიუმში თევზის ჩასმა როდის იქნება უსაფრთხო? ზეპირად ამას ვერ განვსაზღვრავთ. ამისათვის ამიაკის, ნიტრიტის და ნიტრატების ტესტები არსებობს. არსებობს ტესტები წვეთების სახით, და ლაკმუსის ჩხირების სახითაც, რომლის გამოყენებაც უფრო მარტივია.
  • თევზი აკვარიუმში მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩასვათ , როცა გამოცვლით აკვარიუმის წყლის 20%-ს და ამიაკზე და ნიტრიტზე შემოწმებისას ტესტი 0-ს გიჩვენებთ.
  • სანამ თევზს შეიძენთ გაითვალისწინეთ თევზის ზომაც, გაარკვიეთ მაქსიმალურად რამხელა იზრდება. არ ჩასვათ ერთად ერთმანეთთან არათავსებადი თევზები. ტერიტორიული თევზები სხვა თევზებს ჩაგრავენ და ესეც გასათვალისწინებელია.
  • თევზს არ აქვს ემოცია, რომ სიხარული და წუხილი გამოხატოს. თუ აღარ ცურავს , ფსკერზეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტომ მოიწყინა და დარდობს და ამ დარდის განსაქარვებლად სხვა თევზი უნდა მოუყვანოთ . თუ მაღაზიაში ნაყიდი, აქტიური თევზი თქვენს აკვარიუმში აღარ დაცურავს და უცნაური ქცევა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ სტრესშია ან დაავადებულია. ან ამიაკის დონეა მაღალი, ან წყლის დინება არ მოსწონს, ან ტემპერატურა, ან უცებ მოხდა მათი ჩასმა აკვარიუმში აკლიმატიზაციის გარეშე. ხშირად მაინც არადაბალანსებული აკვარიუმის გამოა ახალი თევზი სტრესში.
  • წყლის ტესტები ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ, გაზომავთ და დაადგენთ მიზეზს, ან გამოირიცხება მავნე ნივთიერებები ან დადასტურდება და ეცდებით გამოსწორებას.
  • ახალ მოყვანილ თევზს სტრესი რომ აარიდოთ თავიდან , ამისათვის საჭიროა აკლიმატიზაცია. მაღაზიაში პარკში სვამენ თევზს, რომელიც ჰაერითაცაა გაბერილი. არ გახსნათ პარკი და პარკიანად ჩაკიდეთ წყალში, ტემპერატურა გათანაბრდება 15 წუთში და ამის შემდეგ შეგიძლიათ გადასვათ თევზი აკვარიუმში. არასოდეს ჩააქციოთ პარკში არსებული წყალი თქვენს აკვარიუმში. თევზი პატარა ბადით ფრთხილად ამოიყვანეთ, ეცადეთ მალევე გადასვათ აკვარიუმში. ბადეში ფართხალით შეიძლება დაუზიანდეს ლორწოვანი გარსი, როდესაც ლორწოვანი გარსი ზიანდება თევზიც მოწყვლადი ხდება დაავადებების მიმართ.
  • წყალი გამოცვალეთ კვირაში ერთხელ 20დან 30%მდე. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საჭიროა დექლორირებული წყლის ჩასხმა. შეგიძლიათ რამოდენიმე დღის დამდგარი წყალი გამოიყენოთ. პატარა აკვარიუმში წყლის დაყენება შესაძლებელია, მაგრამ დიდ აკვარიუმებში დიდი რაოდენობით წყლის შენახვა ფიზიკურადაც შრომატევადია, შეგიძლიათ სპეციალური ხსნარი გამოიყენოთ, რომელიც ქლორს, ქლორამინს და ასევე სხვა ტოქსიკურ მძიმე მეტალებსაც ანეიტრალებს (რომელიც ონკანის წყალს ხშირად მოყვება ხოლმე)
  • თევზს საკვები იმდენი ჩაუყარეთ რომ 1 წუთში შეჭამოს ყველაფერი. ზედმეტი საკვები იწვევს აკვარიუმში ბალანსის დარღვევას, ნიტრატების მომატებას და ალგეს.
  • არ გადატვირთოთ აკვარიუმი თევზებით
  • განათება დააყენეთ 6 სთ დღეში. და თუ ბუნებრივი მცენარეები გაქვთ 8 საათით შეიძლება განათების გაზრდა. გამოიყენეთ ამისათვის სპეციალური ტაიმერები.

შეამჩნევდით, რომ ამ პოსტში საკვანძო სიტყვები სხვა ფერადაა, დააკლიკეთ და გადახვალთ ვრცელ პოსტებზე ამა თუ იმ თემის შესახებ.

იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში ამ საინტერესო წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე.