ქოთნის მცენარეები აკვარიუმში ( ჰიდროპონიკა )
ქოთნის მცენარეები აკვარიუმში ( ჰიდროპონიკა )

ქოთნის მცენარეები აკვარიუმში ( ჰიდროპონიკა )

შეიძლება თუ არა აკვარიუმში ქოთნის მცენარის გამოყენება?

გარდა წყლის მცენარეებისა, აკვარიუმში შეგვიძლია გამოვიყენოთ ქოთნის მცენარეებიც.

რა თქმა უნდა ფოთლიანი ნაწილი წყლის ზემოთ უნდა მოვაქციოთ რომ არ დალპეს. ამ მოკლე პოსტის წაკითხვის შემდეგ საკმარისი ინფორმაცია გექნებათ აკვარიუმში მცენარეების გამოყენების შესახებ და ალბათ ახალი იდეებიც გაგიჩნდებათ თქვენი აკვარიუმების გასალამაზებლად.

* პოსტის ბოლოს აუცილებლად წაიკითხეთ გაფრთხილება


რა სარგებლობა მოაქვს ქოთნის მცენარეს აკვარიუმის ეკოსისტემისთვის?

  • მცენარეები აკვარიუმში ბუნებრივ ფილტრაციასაც ახდენენ, ალგეს გაჩენასაც უშლიან ხელს , რადგანაც სწრაფად ითვისებენ ზედმეტ ბილოგიურ ნარჩენებს. (*აკვარიუმის წყალი შეგიძლიათ ქოთნის მცენარეების მოსარწყავადაც გამოიყენოთ )
  • მცენარეების ფესვები გამოყოფენ ჟანგბადს.
  • ოთახის მცენარეების წყალში კარგად განვითარებულ ფესვთა სისტემა კარგი თავშესაფარია თევზებისთვის, მათ გამრავლების პროცესს უწყობს ხელს და შემდეგ უკვე ლიფსიტების თავშესაფარიც ხდება.
  • ქოთნის მცენარეები დამატებით ბუნებრივ სილამაზეს სძენენ აკვარიუმს.

რატომ არ ულპება წყალში ფესვები ოთახის მცენარეს?

როდესაც ოთახის მცენარეს საკმარისზე მეტად ვრწყავთ, წყალი დგება ქოთანში და მცენარეს ფესვები ულპება. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: მაშინ ფესვის მთლიანად წყალში ჩადებისას როგორღა ხარობს მცენარე? ამ ბუნებრივ პროცესს ჰქვია ჰიდროპონიკა (მცენარის გაზრდა მიწის გარეშე). ხშირად აკვაპონიკასაც უწოდებენ . როდესაც ნიადაგში ზედმეტი წყალია, იქ ჟანგბადიც ნაკლებია და ზუსტად ჟანგბადის ნაკლებობა აჩქარებს ლპობის პროცესს.

როდესაც მცენარე იზრდება მიწაში, მისი ენერგიის დიდი ნაწილი მიდის ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების გადამუშავებაზე, ჰიდროპონიკის შემთხვევაში კი მცენარეს ეს პროცესი არ სჭირდება, მცენარის მოშიშვლებული ფესვების მიერ მარტივად ხდება წყალში არსებული ჟანგბადის და მკვებავი ელემენტების ათვისება და მცენარის ფოთლოვანი ნაწილიც გაცილებით სწრაფად იზრდება.


განათება

ოთახის მცენარეს ზრდისთვის სინათლეც ესაჭიროება, ასე რომ, თუ გადაწყვეტთ მცენარის აკვარიუმში ჩადებას, განათებაც უნდა გაითვალისწინოთ. თუ აკვარიუმი ბნელ ოთახშია, დამატებით შეგიძლიათ დადგათ სინათლის წყარო, ან აარჩიოთ ისეთი მცენარე, რომელსაც არ სჭირდება პირდაპირი მზის სხივები. არასაკმარისი განათების შემთხვევაში აკვარიუმში მცენარე უბრალოდ არ გაიხარებს და დალპება.


გაგიზიარებთ ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ, უნგრელი აკვასკეიპერის შემოქმედებას, რომელიც ფოტო და ვიდეო ხელოვანიცაა და განსაკუთრებულ აკვარიუმებს ქმნის. IG @thecinescaper



რომელი ოთახის მცენარის გამოყენება შეიძლება აკვარიუმში?

თითქმის ყველანაირი მცენარის გამოყენებაა შესაძლებელი აკვარიუმში, გაგიკვირდებათ და ხილის და ბოსტნეულისაც. ლობიოც კი შეიძლება გაზარდოთ აკვარიუმში. (თუმცა ალბათ ცოტას თუ ექნება აკვარიუმიდან მოწეული მოსავლის გასინჯვის სურვილი) ზოგიერთ მცენარეს, მაგალითად გვიმრას არ მოსწონს მთელი ფესვით წყალში ყოფნა, ამიტომ ამ შემთხვევაში იყენებენ დეკორაციებს რათა მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდეს წყალში , დანარჩენი კი სპეციალურ გრუნტშია, მაგალითად დაფშვნილ ვულკანურ ქვებში წყლის ზედაპირთან ახლოს. ბიოტოპურ აკვარიუმებში ჭაობის ბალახიც გამოიყენება, მთავარია მცენარის განათების მოთხოვნა გაითვალისწინოთ. ფოტოსინთეზისთვის როგორც წყლის, ასევე ხმელეთის მცენარეს ხომ სინათლე ესაჭიროება.

ოთახის მცენარეები , რომლებსაც წარმატებით იყენებენ აკვარიუმში:

  • ჰამედორეა (ოთახის პალმა)
  • სხვადასხვა სახეობის გვიმრები
  • სპატიფილუმი (Peace lily)
  • მონსტერა
  • ალოკაზია
  • ფიკუს ჯინსენგი
  • ბამბუკი
  • ასპარაგუსი „ჰაეროვანი“ 
  • სხვადასხვა ხვიარა მცენარეები
  • და ა.შ.

ჩემი გამოცდილება

ჩემს ბეტას აკვარიუმში გამოყენებული მაქვს ხვიარა მცენარე – სცინდაფსუსი, იგივე Pothos. მას მყარი ფოთლები აქვს და სწრაფად იზრდება. მეორე აკვარიუმში, ფილტრთან ახლოს ჩადებული მაქვს ტკბილი კარტოფილის (ბატატის) მოგრძო ყლორტი. (ინტერესისთვის ბატატის ნაფრცქვენი ქოთანში ჩავრგე და ამოვიდა ლამაზფოთლიანი მცენარე. გადასაგდებად შემეცოდა, გადავჭერი და კრევეტების აკვარიუმში ჩავდე, თავიდან მოიწყინა, თუმცა ორ დღეში ისევ გამოცოცხლდა, ფესვებიც გამოიღო და აგრძელებს ზრდას.) მიუხედავად იმისა რომ ჩემს აკვარიუმებში ნორმალური ფილტრაციაა, ეს მცენარეები დამატებითი ფილტრის ფუნქციას ასრულებენ.



როგორ მოვამზადოთ ქოთნის მცენარე აკვარიუმში ჩასადებად

აკვარიუმში შეგიძლიათ ჩადოთ უფესვო, გადაჭრილი მცენარის ღერო, რომელიც დროთა განმავლობაში ფესვებს გამოიტანს. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოთანში უკვე ფესვგადგმული მცენარე.

გადაჭრილ მცენარეს სპეციალური მომზადება არ სჭირდება, მხოლოდ ძირი უნდა ჩაყოთ და დააფიქსიროთ. გაითვალისწინეთ, რომ ფოთლები არ უნდა ეხებოდეს წყალს.

იმისათვის რომ აკვარიუმის წყლის პესტიციდებით და სასუქით დაბინძურება არ მოხდეს, საჭიროა ქოთნის დაფესვიანებული მცენარის გასუფთავება და მომზადება:


  • მცენარე ამოიღეთ ქოთნიდან და ფესვებს მოაშორეთ მიწა;
  • გამდინარე წყლით გაურეცხეთ ფესვები, რომ სასუქის ბურთულები ბოლომდე მოაშოროთ;
  • მცენარემ არ უნდა იმოძრაოს აკვარიუმში, ამიტომ სჭირდება დაფიქსირება. შეგიძლიათ გამოიწეროთ სპეციალური ქოთანი, მაგალითად ესეთი Acrylic Aquatic Plant Cup Grass Holder Aquarium Fish Tank Plants Pot ან თავად მოიფიქროთ რაიმე ხერხი. ამგვარი ქოთანი ასევე გამოგადგებათ მაშინ, თუ ე.წ. მონსტრი, დიდი თევზები გყავთ ან ისეთები, რომლებსაც მცენარეებს აზიანებენ( მაგალითად ციხლიდები).
  • მცენარის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ხის ფესვი დეკორაცია ან ბუნებრივი ქვა, რომელიც წყლის ზედაპირთან იქნება ახლოს და შემდეგ ხამუტებით ან ციანოაკრილატის ბაზაზე დამზადებული სწრაფი წებოთი დაამაგროთ მცენარე ფესვებით.
  • რა სიღრმეზეც იყო მცენარე მიწაში, იგივე სიღრმეზე უნდა ჩაიდოს ფესვი წყალში . ღერო არ უნდა დაიფაროს წყლით.
  • წინასწარ გაარკვიეთ რა განათება ესაჭიროება მცენარეს. თუ ოთახის მცენარე უკვე იზრდებოდა იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც აკვარიუმი დგას, მას აკვარიუმში ჩადების შემდეგაც ეყოფა იმ ოთახის ბუნებრივი განათება.
  • მცენარეს გარკვეული პერიოდი დასჭირდება ადაპტაციისთვის. როდესაც აკვარიუმში ჩადებთ ეცადეთ არ იმოძრაოს. თუ შეამჩნევთ რომ გადაჭრილი ნაწილი თითქოსდაურბილდა და დაულპა, არ ამოიღოთ და არ მოაცალოთ . მაქსიმუმ ორ კვირაში უკვე დაინახავთ პატარა ფესვებს, ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ მცენარემ გაიარა შეგუების გარდამავალი პერიოდი და უკვე მზადაა ზრდისთვის. თუ ფოთოლი აღარაა მყარი და შეამჩნიეთ რომ არ გამოიღო ფესვი, მაშინ ამოიღეთ და ახლიდან სცადეთ :))

გაფრთხილება: თუ აკვარიუმში ფესვიანი ქოთნის მცენარის ჩადებას დააპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ აკვარიუმი უნდა იყოს რამოდენიმე თვის გაშვებული, ანუ ფილტრი მომწიფებული. როდესაც ახალ გაშვებულ აკვარიუმში ჩადებთ ფესვებიან მცენარეს, გარკვეული ხარისხის ლპობა მაინც დაეწყება მცენარის ფესვებს, შესაბამისად ქიმიური ნივთიერება ამიაკი მოიმატებს, რაც თევზებისთვის საზიანოა.

აკვარიუმის ბიოლოგიურ ციკლზე, ამიაკზე, სასარგებლო ბაქტერიებზე და აზოტის ციკლზე ამ პოსტებში წაიკითხავთ:
აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა
რჩევები დამწყებს
აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი

რა თქმა უნდა ყველა მცენარე ვერ იქნება გამოცდილი აკვარიუმისთვის. ზოგიერთი გაიხარებს, ზოგი ვერა, ასე, რომ გირჩევთ სცადოთ , ჩაატაროთ ექსპერიმენტები. აკვარიუმის სფეროში ყველაზე საინტერესო ნაწილი ცდები და მრავალფეროვნებაა. თუ თქვენი ჰობი ოთახის მცენარეებიცაა, თავისუფლად შეგიძლიათ გააერთიანოთ ეს ორი ჰობი 🙂

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.