მცენარეების დეზინფექცია ქლორით
მცენარეების დეზინფექცია ქლორით

მცენარეების დეზინფექცია ქლორით

არ აქვს მნიშვნელობა ყიდულობთ თუ მეგობარი გჩუქნით, აკვარიუმის მცენარეს შესაძლოა მოყვეს ცოცხალი ორგანიზმები, არასასურველი ლოკოკინები, ლოკოკინას კვერცხები, პარაზიტები, ალგეს უჯრედები.

ზოგიერთი აკვარიუმის მოყვარული დაინტერესებულია ბუნებაში მოიპოვოს მცენარე, მაგალითად ტბებიდან, მდინარეებიდან ან წყალსაცავებიდან წამოიღოს, ამ შემთხვევაში უპირობოდ უნდა მოხდეს მცენარის დეზინფექცია.  ერთადერთი გამონაკლისია ისეთი წყლის მცენარე, რომელსაც სპეციალურ სტერილურ ლაბორატორიაში ზრდიან. ის აბსოლუტურად სუფთაა და არ სჭირდება წინასწარ მომზადება.

ზოგი აკვარიუმისტი საერთოდ არ წმენდს და ესეც არ არის პრობლემა, უბრალოდ კარგი იქნება ვიცოდეთ რისკები და გავითვალისწინოთ.

სტერილურ გარემოში გაზრდილი მცენარეები tissue culture
სტერილურ გარემოში გაზრდილი აკვარიუმის მცენარეები

ამ პოსტში გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გავასტერილოთ ახალი მცენარე ქლორით. სანამ წმენდას შეუდგებოდეთ სჯობს ხელთათმანები გამოიყენოთ და ალბათ გეცოდინებათ, რომ ტანსაცმელზე ერთი წვეთიც რომ მოხვდეს ნაჭერს აუფერულებს. 

ჩალბობა ქლორის ნაზავში
რა დაგჭირდებათ:
  • ქლორი, არომატიზატორების და სხვა დანამატების გარეშე (ზოგიერთი მწარმოებელი უმატებს სხვადასხვა არომატს) 
  • ერთჯერადი ხელთათმანები 
  • ორი კონტეინერი 
  • ქლორის გამანეიტრალებელი საშუალება (ჩემი აზრით ყველას უნდა ჰქონდეს სახლში, ვისაც აკვარიუმი აქვს)
აბიჯი 1 : მცენარის მომზადება

დააკვირდით ახალ მცენარეს, შეიძლება უკვე მოზრდილი ლოკოკინა იყოს მიკრული, ან ფოთლების უკანა მხარეს მათი კვერცხები . მოაშორეთ დაზიანებული და ლპობადი ფოთლებიც. 

ნაბიჯი 2: გავლება

გაავსეთ კონტეინერი წყლით ჩადეთ მცენარეები და აანჯღრიეთ, ამით მოაშორებთ მკვდარ  ფოთლებს, რომლის მოშორებაც თავიდან გამოგრჩათ. შეგიძლიათ გაავლოთ გამდინარე ონკანის ცივ წყალშიც.

ნაბიჯი 3: ქლორის ნაზავის მომზადება

გაიკეთეთ ხელთათმანები. 1 ერთეული ქლორი უნდა გაზავდეს 20 ერთეულ წყალთან  (1:20).  გაამზადეთ წყლის და ქლორის ნარევი.

ნაბიჯი 4: დეზინფექცია
  • რჩევა: სანამ ქლორით გააკეთებთ დეზინფექციას, გირჩევთ მეორე კონტეინერი მოამზადოთ, აავსოთ წყლით და გაურიოთ ქლორის გამანეიტრალებელი.

ჩადეთ მცენარეები ქლორიან ნაზავში, ისე რომ ბოლომდე დაიფაროს წყლით.

დეზინფექციის დრო დამოკიდებულია მცენარეზე, მაგალითად მგრძნობიარე მცენარეებს, როგორიცაა ხავსები,  კრიპტოკორინა, უტრიკულარია გრამინიფოლია და ა.შ. არ უნდა გავაჩეროთ 90 წამზე დიდი ხნით.

ნაკლებ დელიკატურ , ღეროვან მცენარეებს, ბუცეფალანდრას სახეობებს, როტალას,   ლუდვიგიას – 120 წამი;

გამძლე მცენარეები , როგორიცაა ანუბიასი, ჯავას გვიმრა შეიძლება 150 წამითაც გავაჩეროთ.

ნაბიჯი 5: გავლება და ქლორის განეიტრალება

როდესაც ქლორის აბაზანაში გაჩერების დრო ამოიწურება ამოიღეთ მცენარე და კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში, შემდეგ კი უკვე მეორე კონტეინერში მოათავსეთ, რომელშიც ქლორის გამანეიტრალებელი ასხია. რამდენიმე წუთი დატოვეთ ამ ნაზავში.

ნაბიჯი 6: მცენარე მზადაა აკვარიუმისთვის

ახლა კი უკვე შეგიძლიათ სუფთა მცენარე ჩადოთ აკვარიუმში.  ქლორიანი წყალი მოკლავდა პატარა ლოკოკინებს, რომელიც თვალით ჯერ კიდევ შეუმჩნეველი იყო , ასევე ლოკოკინას კვერცხებს, მაგრამ თუ მაინც 100%ით სურს ადამიანს დარწმუნდეს, ამ შემთხვევაში შეიძლება მცენარის მოთავსება კარანტინში, ცალკე აკვარიუმში და დააკვირდეს 2-3 კვირა. ყველა ადამიანს სხვადასხვა მიზნები აქვს აკვარიუმთან დაკავშირებით და არც ეს დამატებითი ნაბიჯი უნდა იყოს გასაკვირი. 


არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.