ქვები აკვარიუმში, რომელი ქვა არ უნდა ჩავდოთ აკვარიუმში?
ქვები აკვარიუმში, რომელი ქვა არ უნდა ჩავდოთ აკვარიუმში?

ქვები აკვარიუმში, რომელი ქვა არ უნდა ჩავდოთ აკვარიუმში?

📷Mint Images / Steve Prezant / Getty Images

ბუნებრივი ქვები თუ ქვიშა მეტ სილამაზეს სძენს აკვარიუმს. თუმცა თქვენივე ხელით, მდინარეებში, ზღვაში თუ კლდიდან მოპოვებული ქვების აკვარიუმში ჩადებას ნუ იჩქარებთ. თევზებისთვის და აკვარიუმის სხვა ცოცხალი ბინადრებისთვის წყლის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, არასწორად არჩეული ქვა კი ამ სტაბილურობას დაარღვევს.

ქვების ქიმიურმა შემადგენლობამ შესაძლოა შეცვალოს წყალში მჟავიანობა და სიხისტე. ზოგიერთი ქვა მძიმე მეტალებსაც გამოყოფს წყალში. ქვები შეიძლება დაბინძურებული იყოს ნავთობით, სასუქით და ა.შ.

სიფრთხილით გამოიყენეთ ზღვიდან აღებული ქვიშაც, რადგანაც ის დიდი რაოდენობით დაფშვნილ ნიჟარებს შეიცავს. ნიჟარები კალციუმისგან შედგება და წყალში ამ მინერალის გამოყოფა ხდება.

როგორ შევამოწმოთ უსაფრთხოა თუ არა ქვა აკვარიუმისთვის?
ძმრის მეთოდი

პირველ რიგში უნდა გაირეცხოს ქვა და შემოწმდეს კალციუმზე. კალციუმი წყლის pH-ის დონეს ცვლის. ქვის ტესტირება კალციუმზე მარტივია: დაგჭირდებათ მხოლოდ რამოდენიმე წვეთი კონცენტრირებული ძმარი.

გადაფხიკეთ ქვის მცირე ნაწილი და დაასხით ძმრის რამოდენიმე წვეთი . თუ რაიმე სახის რეაქცია დაინახეთ, მაგალითად აქაფება, ბუშტულების გამოყოფა, მაშინ სჯობს ეს ქვა აკვარიუმში არ ჩადოთ.

განსაკუთრებით პატარა მოცულობის აკვარიუმებისთვისაა მნიშვნელოვანი ქვების სწორად შერჩევა, რადგანაც წყლის პარამეტრები ისე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, რომ სასიკვდილო აღმოჩნდეს აკვარიუმის ბინადრებისთვის.

pH-ის ტესტის მეთოდი

ქვების ასარჩევად შეგიძლიათ კიდევ ერთი, უფრო ზუსტი მეთოდი გამოიყენოთ:

წყლით გაავსეთ რაიმე ჭურჭელი, ჩადეთ ქვები და გატესტეთ pH-ზე სპეციალური ტესტებით. შედეგი ჩაინიშნეთ და შემდეგ ერთი კვირის შემდეგ გატესტეთ წყალი.

თუ pH-ის დონე საგრძნობლად შეიცვალა, გეცოდინებათ რომ ეს ქვები დიდი რაოდენობით კალციუმს გამოყოფენ. (კალციუმის გამოყოფა მუდმივი იქნება და არც 2 წლის შემდეგ შეჩერდება. მაგალითად მდინარეში საუკუნეების მანძილზე ყრია ქვები წყალში, მაგრამ კალციუმის გამოდევნა არ ხდება :D, ასე რომ “ჩალბობა” არ უშველის ).

წყლის პარამეტრებზე დეტალურად წაიკითხავთ ამ პოსტში: წყლის პარამეტრები აკვარიუმში

გამოცდილ აკვასკეიპერებს ეს ქვები პრობლემას არ უქმნის , რადგანაც ისინი მუდმივად აკონტროლებენ წყლის პარამეტრებს, მცენარეებიც გარკვეული რაოდენობის მინერალებს მოიხმარენ და წყალსაც ხშირად უცვლიან.

პოპულარული ქვა, რომელიც აკვასკეიპში ხშირად გამოიყენება არის სერიუს ქვა, რომელიც წყლის პარამეტრებზე GH ზე და KH ზე მოქმედებს, თუმცა სწორი მიდგომით, ცოდნით და გამოცდილებით პრობლემაც ნაკლებია. ქვედა ფოტოზე აკვასკეიპში გამოყენებულია სერიუს ქვა.

სერიუს ქვებით გაწყობილი აკვასკეიპი

რომელი მასალა გამოვიყენოთ აკვარიუმში და რომელი არა

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ , უნდა გამორიცხოთ ის ქვები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კალციუმს. ასევე მნიშვნელოვანია, რო არ ჰქონდეს ქვას ბასრი კუთხეები. არის საშიშროება, რომ თევზს დაუზიანდეს ფარფლები ან ლორწოვანი გარსი, ამ გარსის დაზიანებით კი თევზი მოწყვლადია დაავადებების მიმართ.

უსაფრთხო ქვებიც და ქვიშაც უნდა გაირეცხოს აკვარიუმში ჩადებამდე, მდუღარე წყლით დაფაროთ ჭურჭელში, დაასხათ წყალბადის ზეჟანგი და თუ საჭიროა დიდი ქვები გახეხოთ ღრუბლით, რათა მოშორდეს ნადები, ხავსი, მიწა. შემდეგ კი გაავლოთ გამდინარე წყალში, რომ ნალექისგან გაიწმინდოს.

არ გამოიყენოთ:
  • ნიჟარები ან დაფშვნილი მარჯნები ( აფრიკული ციხლიდების აკვარიუმისთვის სხვა პატამეტრებია საჭირო და ნიჟარებიც გამოიყენება)
  • თიხა
  • გეოიდები
  • მარმარილო
  • კირქვა
უსაფრთხო ქვად ითვლება:
  • გრანიტი
  • კვარცი
  • ფიქალი
  • ვულკანური ქვა
  • ონიქსი
  • ქვიშაქვა

ვულკანური ქვა ყველაზე უსაფრთხო ქვაა და ასევე სასარგებლო აკვარიუმისთვის, რადგანაც ფოროვანია და სასარგებლო ბაქტერიები ამ ზედაპირებზეც იდებენ ბინას.
როგორ ავარჩიოთ ქვები ბუნებაში ?

არ შეაგროვოთ ქვები სამანქანო გზებთან ახლოს, სკვერებში ან პარკებში, იქ სადაც შინაური ცხოველების სასეირნო ადგილია. ამ ადგილებში დიდია დაბინძურება. სჯობს ქალაქიდან მოშორებით მოიპოვოთ ქვები, მაგალითად მდინარეების ნაპირებზე, ტბებთან და მთებში. თუ სპეციალურად გაქვთ დაგეგმილი გასვლა ბუნებაში ქვების ასარჩევად, შეგიძლიათ პატარა ჭურჭლით ატაროთ ძმარი და ადგილზევე გატესტოთ ქვა.

თუ ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, მაშინ შეგიძლიათ ქვები , კენჭები ან ქვიშა აარჩიოთ გამწვანების კომპანიებში ან სამშენებლო მასალების კომპანიებში, თუმცა იქაც აუცილებლად გატესტეთ და დააკვირდით ქვებს სანამ აკვარიუმში მოათავსებთ.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.