თევზის ჰუმანური ევთანაზია
თევზის ჰუმანური ევთანაზია

თევზის ჰუმანური ევთანაზია

გაფრთხილება: ევთანაზიის თემა შეიძლება ზოგიერთი მკითხველისთვის იყოს ემოციური და მიუღებელი.

სამწუხაროდ, დგება მომენტი, როცა მკურნალობის მიუხედავად თევზი გვიკვდება. სანამ ბუნებრივი სიკვდილი დადგება თევზის წვალება შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს.

ასეთ გამოუვალ სიტუაციებში თევზის ჰუმანურად სიკვდილი ანუ ევთანაზია არის ერთ-ერთი გამოსავალი. რა თქმა უნდა თუ ეს თქვენს მორალურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

სანამ თევზის ევთანაზიას გადაწყვეტთ ყველანარი მეთოდი და საშუალება უნდა სცადოთ მათ გადასარჩენად. თევზების დაავადებებზე და მკურნალობაზე ამ ვრცელ პოსტში წაიკითხავთ: აკვარიუმის თევზების დაავადებები

ჩემი ბეტა თევზის ისტორია

ჩემს გრძელფარფლიან ბეტა თევზს კამალანუსის პარაზიტი აღმოაჩნდა. დავიწყე მისი მკურნალობა ფენბენდაზოლით და ცოტა ხანში სიმპტომებიც გაუქრა.

ორი კვირის შემდეგ ხელმეორედ ჩავასხი წამალი, როგორც ჩანს პარაზიტი რეზისტენტული გახდა წამლის მიმართ და დახოცვის მაგივრად უფრო გამრავლდა ბეტას ორგანიზმში, რის შემდეგაც კუჭის გაუვალობა დაემართა , მუცელი გაებერა , გვერდზე გამოუვიდა წანაზარდი და რა თქმა უნდა ფარფლებიც აეშალა.

ამის შემდეგ მაგნიუმის სულფატის ნაზავ წყალში ჩავსვი შებერილობის მოსახსნელად, რომ მკვდარი ნემატოდები გარეთ გამოეყარა.

მაგნიუმის სულფატი , იგივე ინგლისური მარილი, რელაქსანტია და ასევე საფაღარათო საშუალებაა. გამოიყენება თევზის კუჭის გაუვალობის დროს, ღვიძლის დაავადების, ჰიდროფსიის დროს ( dropsy) საცურაო ბუშტის დაავადების დროს და ასევე როცა კვერცხების შეკავება აქვს თევზს და შებერილია.

მაგნიუმის სულფატის ნაზავის მომზადება და გამოყენების წესი:
  • მოამზადეთ ცალკე კონტეინერი. ბეტა თევზისთვის 2 ლიტრიანი ქილაც საკმარისია. თუ დიდი თევზია შესაბამისად დიდი კონტეინერი იქნება საჭირო სტრესის თავიდან ასაცილებლად.
  • ახალ წყალს თუ გამოიყენებთ აუცილებლად ქლორის გარეშე უნდა იყოს ანუ ნადგამი ან დექლორირებული სპეციალური ხსნარით. ნაკლები სტრესისთვის სჯობს აკვარიუმის წყალი გადმოიტანოთ ამ კონტეინერში.
  • გახსენით 1/2 სუფრის კოვზი მაგნიუმის სულფატი (დაახლოებით 17 გრამი) თბილ წყალში და შემდეგ გაურიეთ ამ 2 ლიტრიან ჭურჭელში
  • თევზი ჩასვით კონტეინერში მაქსიმუმ ნახევარი საათით. პარალელურად თევზი არ უნდა კვებოთ ორი სამი დღე. თუ შორსწასული პრობლემა არ არის ეს ნაზავი თევზს მოუხსნის შებერილობას.

სამწუხაროდ ჩემს ბეტა თევზს მაგნიუმის სულფატმა ვერ უშველა, თევზს მალე წანაზარდთან შიგნიდან პერფორაცია დაეწყო და ნაწლავები გამოეყარა. გახდა ლეთარგიული, მაგრამ მაინც ცოცხლობდა.

ვისაც ბეტა თევზი ჰყოლია დამეთანხმება, სხვა პატარა თევზებისგან განსხვავებით ინდივიდუალური ხასიათი აქვთ და კონტაქტურები არიან. მიჩვეული მყავდა და ხელიდან ვაჭმევდი. ბოლოს დასუსტებული იყო, თითქმის არ მოძრაობდა, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდებოდი და დამინახავდა ბოლო ძალებს იკრებდა , მოცურდებოდა აკვარიუმის მინასთან და მიყურებდა 🙁 მოკლედ ვერ გავუძელი ჩემი ბეტა თევზის, სახელად “მუდოს” ტანჯვას და გადავწყვიტე ევთანაზია.

თევზის ევთანაზია მიხაკის ზეთით

თევზის ევთანაზიით სიკვდილის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგალითად მედიკამენტოზური, დიდ თევზებს ინექციასაც უკეთებენ, კიდევ არაჰუმანური მეთოდებითაც კლავენ, რომელსაც რა თქმა უნდა არც კი განვიხილავ. ამ პოსტში ვისაუბრებ იმ მეთოდზე რაც პირადად გამოვცადე . ევთანაზიისთვის გამოვიყენე ნატურალური მიხაკის ზეთი

მიხაკის ზეთს მცირე რაოდენობით სედატიური მოქმედება აქვს, თავიდან ხდება თევზის ჩასმა მცირე დოზის ნაზავში, ამით თევზი დუნდება და რამოდენიმე წუთის შემდეგ დოზას ვზრდით, რის შემდეგაც თევზის სიკვდილი დგება, რაც მთავარია შოკის და სტრესის გარეშე, ფაქტიურად “ძილში” უმტკივნეულოდ კვდება.

მიხაკის ზეთის ნაზავის მომზადება თევზის ევთანაზიისთვის
  • ავიღოთ კონტეინერი, მაგალითად ბეტას ზომა თევზისთვის 1 ლიტრიანი ქილა (თევზის ზომასაც გააჩნია, შეიძლება უფრო დიდი ჭურჭელი იყოს საჭირო)
  • ჩავასხათ აკვარიუმის წყალი, რაშიც უკვე იჯდა თევზი.
  • ჩავსვათ თევზი.
  • ცალკე, მცირე რაოდენობის წყალში ჩავასხათ 3 წვეთი მიხაკის ზეთი და ავანჯღრიოთ. კარგად რომ აანჯღრევთ წყალი გახდება რძის მაგვარი.
  • მიღებული ნაზავი თანდათან დავამატოთ თევზიან ჭურჭელში.
  • რამოდენიმე წუთში დაინახავთ, რომ თევზი მოდუნდება, თუმცა ლაყუჩებზე მაინც შეამჩნევთ მოძრაობას.
  • ეს იმის ნიშანი იქნება რომ ბეტამ “დაიძინა” ანუ ანესთეზიამ იმოქმედა.
  • ამის შემდეგ შეიძლება უკვე წვეთების დამატება და დადგება სიკვდილიც. (10 წვეთამდე საკმარისი უნდა იყოს)

სამწუხაროდ ბეტასთვის ასე იყო უკეთესი. ბევრი ვეცადე, ხანგრძლივად ვუმკურნალე, მაგრამ ვეღარ მოერია რამოდენიმე დაავადებას ერთად 🙁 აკვარიუმისტიკაში ასეთი სამწუხარო მომენტებიც ხდება, თუმცა ამან არ უნდა ჩაგვაქნევინოს ხელი და არ უნდა დავანებოთ თავი ამ საინტერესო ჰობის თუ საქმიანობას.

ბეტას თევზის აკვარიუმი დავცალე, ავავსებ წყლით, დავამატებ ქლორს და მოწყობილობებიანად გავუკეთებ დეზინფექციას. კარგად რომ გამოშრება დავიწყებ ფიქრს აკვარიუმის თავიდან გაშვებაზე და ახალ ბინადრებზე.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.