აკვასკეიპის სტილი
აკვასკეიპის სტილი

აკვასკეიპის სტილი

სანამ აკვასკეიპის სხვადასხვა სტილს განვიხილავდეთ, მოდით გავარკვიოთ თუ რა არის აკვასკეიპი .

აკვასკეიპი არის ბუნებასთან მიახლოებული პეიზაჟი აკვარიუმში, ის ერთგვარი წყალქვეშა ხელოვნებაა. აკვასკეიპში გამოიყენება ბუნებრივი მასალები როგორიცაა, მოზრდილი ქვები, კენჭები, ხის ფესვები, ტოტები, ქვიშა, გრუნტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის მცენარეები.

რჩევა: იმისათვის რომ აკვარიუმში შექმნათ და შემდეგ ხანგრძლივად შეინარჩუნოთ სასიცოცხლო პირობები მცენარეებისთვის და რა თქმა უნდა თევზებისთვისაც, აუცილებელია იცოდეთ თუ როგორ მუშაობს დახურული ეკოსისტემა. გაერკვეთ აზოტის ციკლშიწყლის პარამეტრებში, იცოდეთ წყლის ფილტრაციის მნიშვნელობარა არის ალგე, რისთვის სჭირდებათ მცენარეებს განათება და რა არის საჭირო მათი ზრდისთვის. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნით, თქვენ შეძლებთ უკვე წარმატებულად გაუშვათ მცენარეებიანი აკვარიუმი მინიმალური პრობლემებით.

წლების განმავლობაში ბუნებრივი მასალების, წყლის მცენარეების თუ ტექნოლოგიების გამოყენებით აკვასკეიპის ბევრი ვარიანტი იქმნებოდა, რამაც ჩამოაყალიბა აკვასკეიპის რამოდენიმე სტილი, თუმცა დღემდე, ჰოლანდიური სტილის გარდა, განსაკუთრებული წესები არც ერთ სტილს არ გააჩნია.

თუ როგორი სტილია თქვენთვის მისაღები ეს ხედვაზე, განწყობაზე და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. მხატვრობაში შედევრი შეიძლება იყოს რეალისტური ნახატიც და აბსტრაქციაც. ასევეა აკვასკეიპშიც, თანაბრად მიმზიდველი შეიძლება იყოს თითოეული სტილი.

განვიხილოთ აკვასკეიპის გავრცელებული რამოდენიმე სტილი: ჰოლანდიური, ბიოტოპური, ბუნებრივი აკვარიუმი და ივაგუმი.

ამათ გარდა კიდევ შეიძლება გამოვყოთ ბრაზილიური, ინდონეზიური, გუბურა, დანიური სტილი- მხოლოდ წითელი ფერის მცენარეებით, ჯუნგლების სტილი და ა.შ.

ჰოლანდიური სტილი

1930 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა ჰოლანდიელ აკვარისტთა საზოგადოება. გამოსცემდნენ სტატიებს აკვარიუმის ჰობის შესახებ, იმართებოდა კონკურსებიც. 1956 წლიდან კი ამავე საზოგადოებამ ჩამოაყალიბა აკვასკეიპის ჰოლანდიური სტილის მკაცრი, საკონკურსო წესები, რომელსაც დღემდე ითვალისწინებენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეების მსურველები.

ნამდვილ ჰოლანდიურ სტილში გამოყენებულია მრავალფეროვანი ფესვიანი მცენარეები, რომლებიც განლაგებულია ჯგუფურად, დეკორაციების გარეშე. განსხვავებით სხვა სტილისა ჰოლანდიურ სტილში აუცილებელი არაა ბუნებრივ გარემოსთან იყოს მიმსგავსებული მცენარეების განლაგება, ჰოლანდიური სტილი უფრო ხელოვნურად გაშენებულ ყვავილების ბაღს ჰგავს.

აკვასკეიპის ჰოლანდიური სტილის ძირითადი(და არა ყველა) წესები და პრინციპები:

  • აკვარიუმის სიგრძის ყოველ 10 სანტიმეტრზე უნდა მოდიოდეს 1 სახეობის მცენარე. მაგალითად თუ აკვარიუმის სიგრძე 90 სანტიმეტრია, იქ შეიძლება მხოლოდ 9 სახეობის მცენარის გამოყენება.
  • მცენარეების ჯგუფი არ უნდა მეორდებოდეს
  • თევზების ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 12 თევზისგან
  • აკვარიუმის გრუნტის 70% დაფარული ყუნდა იყოს მცენარეებით.

ჰოლანდიურ სტილში მნიშვნელოვანია იცოდეთ მცენარეების განლაგების სწორად დაგეგმვა და კრეჭვა ფორმის მისაცემად.

ბიოტოპური აკვარიუმი

აკვარიუმის ბიოტოპური სტილი ბუნებასთან ყველაზე ახლოსაა და შესაბამისად არც აკვარიუმის ჰობიში დამკვიდრებული სილამაზის კრიტერიუმებით ფასდება. ის არის ბუნებაში არსებული წყალქვეშა გარემოს გამეორება. ბიოტოპის მოყვარულები ქმნიან კონკრეტული რეგიონის, მდინარის, ტბების, ტბორების თუ ჭაობების მიმსგავსებულ გარემოს. დეკორაციებად ირჩევენ იმ კონკრეტულ წყლებში გავრცელებულ მცენარეებს (ან მიმსგავსებულ მცენარეებს), გრუნტს თუ ხის ფესვებს, თევზებიც იმ სახეობისაა რომლებიც იმ წყლებში ბინადრობენ. არც ალგეს არსებობაა ასეთ აკვარიუმებში პრობლემა, რადგანაც ის ბუნების ნაწილია.

ბოლო დროს პოპულარული გახდა ე’წ. “შავი წყლის” ბიოტოპები. სადაც წყალი დაფერილია ტანინით, ანუ ხის ფესვებიდან და ფოთლებიდან გამოყოფილი ფერით, რაც უფრო მეტ ბუნებრივობას სძენს აკვარიუმს.

უფრო ვრცლად ბიოტოპურ აკვარიუმებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკვარიუმისტის, გიორგი ხიზანიშვილის სტატიებში ველური აკვარიუმი და რა არის ბიოტოპური აკვარიუმი?

გიორგი ხიზანიშვილი
ივაგუმი

ივაგუმი აკვასკეიპის ყველაზე მინიმალისტური სტილია, რომლის კონცეფციაც იაპონელმა ბუნების ფოტოგრაფმა და აკვარისტმა ტაკაში ამანომ შექმნა. მან გამოიყენა იაპონური “ზენის ქვების ბაღის” იდეა და ის აკვარიუმში გადმოიტანა. ივაგუმში მნიშვნელოვანია ქვების, ანუ “ჰარდსკეიპის” არჩევა და მათი სწორი განლაგება, ქვების უნდა იყოს კენტი რაოდენობის, ძირითადად სამი დიდი ქვა გამოიყენება, რომელიც სიმბოლურად იაპონურ სამებას აღნიშნავს. ივაგუმი დაბალ მცენარეებიანია, რომლებიც მთლიანად ფარავენ გრუნტს და ბალახის ეფექტს ქმნიან. ამგვარ აკვარიუმში ჰყავთ ჯგუფური თევზები ან კრევეტები. მცენარეებიდან ძირითადად გამოიყენება მონტე კარლო (Micranthemum Monte Carlo), ჯუჯა ბალახი(dwarf hairgrass), ჰემიანტუს კუბა (Hemianthus callitrichoides).

მე16 საუკუნის ბოლო, კიოტოს ცნობილი ზენის ბაღი, იაპონია
ბუნებრივი  აკვარიუმი

აკვასკეიპის ეს სტილი ყველაზე პოპულარული სტილია, რომლის შექმნაც ტაკაში ამანოს უკავშირდება. მიუხედავად მისი სახელწოდებისა ის არ განასახიერებს წყალქვეშა ბუნებას. ბუნებრივი აკვარიუმი უბრალოდ ბუნების სხვადასხვა დეტალის გადმოტანაა აკვარიუმში. მაგალითად მინდვრის პეიზაჟის, ტყის, კლდეების, და ა.შ. როგორც ყველა აკვარიუმის სტილში და ხელოვნების სხვა დარგშიც, აქაც მნიშვნელოვანია მცენარეების ერთმანეთთან შეხამება, ქვების, ფესვების სწორი განაწილება და დაბალანსებული ვიზუალის შექმნა. კონკრეტული მცენარეების არჩევაც მნიშვნელოვანია, წინა პლანზე ყოველთვის სჯობს დაბალი მცენარეების დარგვა, უკან კი მაღლის.

რა თქმა უნდა ყველას თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა სტილიდან გადმოიტანოს ის, რაც მას პირადად მოსწონს. მაგალითად შეიძლება ივაგუმის სტილს დაუმატოთ მაღალი მცენარეები, ხის ფესხვებიც და შექმნათ გამოქვაბულის მსგავსი გარემოც.

აკვასკეიპი მუდმივად ცვლილებებს განიცდის. მცენარეები იზრდებიან, თუ არ გაკრეჭთ შეიძლება წყლის ზედაპირზეც ამოყონ თავი. ეს კი უკვე ჯუნგლების სტილია, რაც მე პირადად ძალიან მომწონს. როდესაც ბუნებას თავისუფლებას აძლევ ის შემდეგ თავის გზას პოულობს, რაც გაცილებით საინტერესოა.

ფოტოები შთაგონებისთვის
გეორგ ფარმერი
გეორგ ფარმერი
ადილ ჩაუკი
ტიბორ ზილაჰი

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.