როგორ ხვდება ჟანგბადი აკვარიუმში და რა იწვევს წყალში ჟანგბადის ნაკლებობას
როგორ ხვდება ჟანგბადი აკვარიუმში და რა იწვევს წყალში ჟანგბადის ნაკლებობას

როგორ ხვდება ჟანგბადი აკვარიუმში და რა იწვევს წყალში ჟანგბადის ნაკლებობას


მცდარი მოსაზრება

აკვარიუმის ჰობიში ვრცელდება მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხოლოდ ჰაერის კომპრესორის მიერ გამოყოფილი ბუშტულების მოხვედრით ხდება ჟანგბადის “ჩატუმბვა” წყალში . ეს არ არის სწორი და ვეცდები ამ პოსტში ავხსნა თუ როგორ ხვდება წყალში ჟანგბადი, ასევე გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ მივხვდეთ რომ აკვარიუმში ჟანგბადის ნაკლებობაა და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჰაერის “პომპა” ერთ-ერთი საშუალებაა წყლის ჟანგბადით გასამდიდრებლად, მაგრამ ეს მექანიზმი არ მუშაობს ისე მარტივად, როგორც ზემოთ ავღნიშნე. ანუ ბუშტულებს თუ ხედავთ წყალში ეს იმას არ ნიშნავს რომ ჟანგბადი ჩადის ბუშტთან ერთად , იქ იხსნება და ვრცელდება მთელს აკვარიუმში. ამაზე მოგვიანებით დავწერ.


რა არის ჟანგბადი?

ჟანგბადი უმნიშვნელოვანესი ქიმიური ელემენტია ცოცხალი არსებისთვის. წყალში გაჯერებულ ჟანგბადს ვუწოდებთ ჟანგბადით გამდიდრებულ წყალს.

წყალში გაჯერებულ ჟანგბადს თევზი ითვისებს ლაყუჩებიდან და შემდეგ პირდაპირ მის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება. თუმცა არსებობენ ლაბირინთული თევზებიც, რომლებსაც აქვთ დამატებითი სასუნთქი ორგანო და შეუძლიათ ატმოსფერული ჰაერიც ისუნთქონ. მაგალითად ამგვარი თევზია გურამი და ბეტა.


რაზეა დამოკიდებული წყალში ჟანგბადის რაოდენობა?

წყალში ჟანგბადის სატურაციის რაოდენობა დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, წყალში მარილის რაოდენობაზე და ატმოსფერულ წნევაზე.

როდესაც წყლის ტემპერატურა მაღალია, ჟანგბადის რაოდენობაც იკლებს . ასევე, როდესაც მარილი მეტია წყალში, ამ დროს ნაკლებად ხდება ჟანგბადის გაჯერება წყალში.

მაღალ ატმოსფერულ წნევაზეც წყალი მეტ ჟანგბადს იერთებს. მაგალითად მთიან რეგიონში წყალში ნაკლები ჟანგბადია , ვიდრე ზღვაზე (ერთი და იგივე ტემპერატურის და მარილიანობის წყალში).


როგორ ხდება წყლის ჟანგბადით გამდიდრება?

მოდით განვიხილოთ, თუ როგორ ხვდება ჟანგბადი წყალში და რა სახით ხდება ჟანგბადით გამდიდრება აკვარიუმის წყლის.

1. აერაცია

ერთ-ერთი მეთოდი , როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არის კომპრესორით აერაცია. აერაციის მეშვეობით ხდება წყლის ცირკულაცია, ჰაერის ბუშტულები წყლის ზედაპირს ჭრიან, და წყალს ამოძრავებენ. ზუსტად წყლის ზედაპირის მოძრაობისას ხდება ნახშირორჟანგის გამოთავისუფლება და ჟანგბადის მიერთება და არა უშუალოდ წყალში. ბუნებაში კი წყლის მოძრაობა ხდება ქარის მეშვეობით, ტალღებით, მდინარეებში კი წყლის დინებით.

აკვარიუმის წყალში ჟანგბადის დიფუზია გაცილებით ეფექტურად ხდება წვრილი ბუშტებით, რომელიც ნელა ადის ზედაპირისკენ და არა მსხვილი ბუშტებით, რომელიც ისეთი სიძლიერით ამოდის, თითქოს წყალი დუღს. თუ გადაწყვეტთ აკვარიუმის ჰაერის ქვის შეძენას, გაითვალისწინეთ თუ რამხელა ბუშტებს გამოყოფს ის. მაგალითად ეს პროდუქტი, რომელიც ამაზონზე შეგიძლიათ გამოიწეროთ საკმაოდ წვრილ ბუშტებს გამოყოფს hygger Aquarium Air Stone

პერიოდულად საჭირო ხდება აკვარიუმის ჟანგბადის ქვის წმენდაც, ფორები იფარება ალგეთი და ნადებით (ალგეს მოშორება ქვიდან შესაძლებელია ქლორის და წყლის 1/3 ნაზავში 24 საათით გაჩერებით, შემდეგ კი სანამ ისევ აკვარიუმში ჩადებთ, აუცილებელია ქლორის გამანეიტრალებელში გაჩერება ან სრულიად გამოშრობა).


2. ფოტოსინთეზი

ჟანგბადის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა წყლის მცენარეები. მცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს ფოტოსინთეზის დროს, ფოტოსინთეზი ეწოდება პროცესს , როდესაც წყლის მცენარე სინათლის ენერგიას გარდაქმნის ქიმიურ ენერგიად. სინათლის ენერგიის მეშვეობით მცენარე შეითვისებს СO2-ს(ნახშირორჟანგს) და ფოთლებში არსებული წყლის დაშლის შედეგად გამოყოფს თავისუფალ ჟანგბადს.

ქვემოთ ფოტოზე ჩანს ფოტოსინთეზი. კარგი განათებისას მცენარეები გამოყოფენ პატარა ჟანგბადის ბუშტულებს. ხმელეთზეც იგივე პროცესი მიმდინარეობს ფოტოსინთეზის დროს , უბრალოდ ჰაერში ვერ ვხედავთ ხეების და მცენარეების მიერ გამოყოფილ ჟანგბადს. წყალში კი ძალიან კარგად ჩანს ეს პროცესი.

ფოტოსინთეზი, ჟანგბადის ბუშტულები წყლის წითელ ლილიაზე

დილით, აკვარიუმში ყველაზე დაბალია ჟანგბადის რაოდენობა, ეს აიხსნება იმით, რომ ღამე სინათლის გარეშე წყლის მცენარეები და სხვა ორგანიზმებიც ჟანგბადს შთანთქავენ და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. ამას ემატება თევზების მიერ გამოყოფილი СO2. წყალში ჟანგბადი ყველაზე დიდი რაოდენობით არის დღის ბოლოს.

აკვარიუმის წყალში ზუსტად რომ გავზომოთ ჟანგბადის რაოდენობა ამისათვის სპეციალური ხელსაწყოა საჭირო, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა თუ აკვარიუმში გექნებათ კარგი ფილტრაცია და წყლის ცირკულაცია, დაიცავთ სისუფთავეს, დაასიფონებთ ხშირად გრუნტს, ხშირად გამოცვლით წყალს, იქნება ბევრი ცოცხალი მცენარე და თევზებით არ იქნება გადატვირთული, არც ჟანგბადის რაოდენობის შემოწმება მოგიწევთ მოწყობილობით.

აკვარიუმის ფილტრაციაზე, წყლის ცირკულაციაზე კი აქ წაიკითხავთ: აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა


როგორ მივხვდეთ რომ აკვარიუმში ჟანგბადის ნაკლებობაა?

ხელსაწყოს გარეშე მხოლოდ თევზის ქცევით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობაა აკვარიუმში.

ამ დროს თევზი ნაკლებად ცურავს, ლაყუჩების გახშირებული მოძრაობა აქვს და არ ჭამს. როდესაც ჟანგბადის კრიტიკული რაოდენობაა , თევზი ამოდის წყლის ზედაპირთან ახლოს და აღებს პირს სწრაფად.

გაითვალისწინეთ, რომ ზედაპირზე ამოსვლა და გახშირებული ლაყუჩების მოძრაობა შეიძლება სხვა დააავადების მიზეზიც იყოს. ამიტომ საჭიროა დააკვირდეთ თქვენს აკვარიუმს, თევზებს და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნა. თევზების დაავადებებზე წაიკითხავთ ამ ბლოგ პოსტში : აკვარიუმის თევზების დაავადებები


როგორ მოვიქცეთ აკვარიუმში ჟანგბადის ნაკლებობის დროს?

თუ თევზის გახშირებული სუნთქვა და ქცევა გამოწვეულია ჟანგბადის ნაკლებობის გამო, მაშინ სასწრაფოდ უნდა გამოიცვალოს წყლის 50% . სასურველია წყლის ცირკულაციისთვის დაამატოთ პომპა, აირის ქვა, თუ შესაძლებელია დამატებითი ფილტრიც, რომ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი მოხვდეს წყალში. საჭიროა ასევე ვიფიქროთ ჟანგბადის ნაკლებობა რამ გამოიწვია და აღმოვფხვრათ ამის გამომწვევი მიზეზები.


რამ შეიძლება გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობა აკვარიუმში?

მიზეზები შეიძლება რამოდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბოთ:

  1. აკვარიუმის გადატვირთვა თევზებით: თევზების დიდი რაოდენობა არის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი აკვარიუმში ჟანგბადის ნაკლებობისა, თითოეული თევზი და მათი რაოდენობა ზომის მიხედვით და აკვარიუმის წყლის მოცულობის მიხედვით უნდა შეირჩეს.
  2. მაღალი ტემპერატურა: მაღალ ტემპერატურაზე წყალში ნაკლები ჟანგბადია, თუ თქვენს აკვარიუმში მაღალი ტემპერატურაა დაუწიეთ, ან გამორთეთ გამათბობელი, წყალი გამოცვალეთ. შეგიძლიათ პარკში ჩადებული ყინულები ჩაკიდოთ, ეს გააგრილებს წყალს. გაითვალისწინეთ, რომ წყლის ტემპერატურა არ უნდა შეიცვალოს უეცრად.
  3. წყლის აერაცია ანუ ცირკულაცია და ზედაპირის მოძრაობა: დამდგარ წყალში ნაკლები ჟანგბადია. ამიტომაცაა საჭირო ფილტრი, რომ მოხდეს წყლის ცირკულაცია და ზედაპირის მუდმივი მოძრაობა. თუ ჭავლის გამოყოფა შეზღუდულია, საჭიროა გაიწმინდოს დაბინძურებული ფილტრის მასალა(ღრუბელი). დამატებით ზედაპირის მოძრაობისთვის ფილტრის გამოსასვლელს შეიძლება გაუკეთდეს სპეციალური მილი, რომლის ნახვრეტებიდანაც მოხდება წყლის გამოდინება და ზედაპირისკენ იქნება მიმართული.
  4. ჭუჭყიანი გრუნტი და წყალი: თევზის ნარჩენი და ალგე ჟანგბადს შთანთქავს. გეგმიური გრუნტის და აკვარიუმის მინის კედლების წმენდა ხელს შეუწყობს აკვარიუმში ჟანგბადის სტაბილურობას
  5. განათება: როდესაც აკვარიუმში არასაკმარისი განათებაა და სიბნელეა მცენარეები და ალგეც მოიხმარენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანს ,ამიტომ საჭიროა სინათლის დაბალანსებაც. 8 საათი დღის განმავლობაში საკმარისია.
  6. მედიკამენტები: ბევრი მედიკამენტი ან PHის დასარეგულირებელი ხსნარები უარყოფითად მოქმედებენ აკვარიუმის ბიოფილტრზე ან უშუალოდ აისახება წყალში ჟანგბადის რაოდენობაზე. ამიტომ თუ აუცილებელია მედიკამენტებით მკურნალობა , აკვარიუმში პარალელურად უნდა გაიზარდოს წყლის ცირკულაცია ან დამატებით ფილტრით ან აერაციით.

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.