როგორ გამოვცვალოთ აკვარიუმის წყალი? (და რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი)
როგორ გამოვცვალოთ აკვარიუმის წყალი? (და რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი)

როგორ გამოვცვალოთ აკვარიუმის წყალი? (და რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი)


აკვარიუმში წყლის ცვლა მცენარეების და თევზების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სანამ უშუალოდ წყლის ცვლის პროცედურაზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ თუ რატომ არის ასეთი აუცილებელი წყლის ცვლა.


ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი

როდესაც აკვარიუმში თევზებს ჩავსვამთ და ჩავუყრით საკვებს, იწყება ბუნებრივი პროცესი-ნარჩენების გამოყოფა. ზედმეტი საკვებიც ნარჩენია. ეს ნარჩენები თავის მხრივ გამოყოფენ თევზისთვის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებას ამიაკს. ამიაკი შემდეგ ფილტრში არსებული სასარგებლო ბაქტერიების მეშვეობით გარდაიქმნება ნაკლებ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებად – ნიტრიტად და შემდეგ – ნიტრატად, რაც თევზისთვის აღარ არის მომწამვლელი.

ეს ციკლი მუდმივად მიმდინარეობს აკვარიუმის ფილტრში, რაც უზრუნველყოფს მცენარეების, თევზების, კრევეტების და სხვა ბინადრების ჯანმრთელობას აკვარიუმის ჩაკეტილ გარემოში.

ნიტრატს მცენარეებიც მოიხმარენ ზრდისთვის, მაგრამ თუ მცენარე არ არის აკვარიუმში ნიტრატის კონცენტრაცია იზრდება, ამით სარგებლობს ალგე, რაც იწვევს წყლის გამწვანებას, ე.წ. ნადებს. აკვარიუმში არსებული თევზი თანდათან შეეგუება ნიტრატის მაღალ კონცენტრაციას, თუმცა, როდესაც მაღალი ნიტრატის მქონე აკვარიუმში დაემატება ახალი თევზი, (რომელიც არ არის ნიტრატების მაღალ რაოდენობას შეგუებული) მას განუვითარდება ტოქსიკური შოკი, ეწ. “ძველი აკვარიუმის სინდრომი”.


წყლის ცვლის სიხშირე და პროცენტულობა

ერთ-ერთი ხშირი შეცდომა, რომელსაც აკვარიუმისტები უშვებენ, არის წყლის არასაკმარისი სიხშირით ცვლა.

როგორ ვხვდებით რამდენ ხანში უნდა გამოვცვალოთ წყალი, ან რა რაოდენობის წყალი უნდა გამოვცვალოთ?

ამის განსაზღვრა შესაძლებელია აკვარიუმის დატვირთვის ოდენობის მიხედვით (ბიოდატვირთვა). რაც უფრო მეტი თევზია აკვარიუმში, მით უფრო მეტი ნარჩენის გადამუშავებაა საჭირო და მეტადაა აკვარიუმის ფილტრი დატვირთული. ანუ შესაბამისად მეტი რაოდენობის წყალი უნდა გამოიცვალოს.

პატარა, ნანოაკვარიუმებისთვის, სადაც ნაკლები დატვირთვაა , შესაძლებელია კვირაში ერთჯერ, ან ორ კვირაში ერთჯერ გამოიცვალოს წყლის 15/20%.

დიდ აკვარიუმებში, სადაც დიდია თევზების რაოდენობაც საჭიროა 30% – 50%ით ცვლა კვირაში ერთჯერ.

  • გაითვალისწინეთ, რომ ახალი აკვარიუმის გაშვებისას ერთი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ უნდა გამოიცვალოს წყალი, რათა მაქსიმალურად ამოვიღოთ წყლიდან მავნე ნივთიერებები და ბიოლოგიური ბალანსი დადგეს.

წყლის პარამეტრებზე ვრცლად ამ პოსტში წაიკითხავთ: წყლის პარამეტრები აკვარიუმში. ასევე სასურველია გქონდეთ ინფორმაცია აზოტის ციკლზე და წყლის ფილტრაციაზე.


წყლის ცვლის მეთოდები

რადგანაც უკვე განვიხილეთ და გვაქვს ინფორმაცია წყლის ცვლის აუცილებლობაზე, გადავიდეთ უშუალოდ წყლის ცვლის მეთოდებზე.

წყალს ყველა აკვარიუმისტი სხვადასხვანაირად ცვლის. ეს დამოკიდებულია თუ როგორ წყალს იყენებს, პირდაპირ ონკანის წყალს გაფილტრულს თუ ნადგომს.

წყლის ცვლის სიხშირე აკვარიუმის ზომას და მათ რაოდენობასაც გააჩნია და მოკლედ რომ ვთქვათ, ვისაც როგორ მოუხერხდება ისე ცვლის წყალს. მთავარია საქმე ისე გავიმარტივოთ, რომ და წყლის ცვლაც ისეთივე სასიამოვნო იყოს, როგორიც სუფთა და მოვლილი აკვარიუმის ყურება 🙂


როდესაც დიდი მოცულობის აკვარიუმში ვცვლით წყალს, ” ვედროებით” სირბილი ძალიან დამღლელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სველი წერტილი აკვარიუმის ოთახიდან მოშორებითაა. ან როდესაც რამოდენიმე აკვარიუმი გვაქვს და მხოლოდ ერთი დღე გვაქვს გამოყოფილი წყლის გამოსაცვლელად.


აკვარიუმის მოვლა და წმენდა არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ დაგვეზაროს და გადავდოთ ეს მნიშვნელოვანი პროცედურა, ან საერთოდ აგვიცრუვდეს გული აკვარიუმებზე.

საქმის გასამარტივებლად არსებობს სხვადასხვა მოწყობილობები, მაგალითად ავტომატური სიფონი, გრძელი რეზინის ან სილიკონის მილით, რომელიც პირდაპირ ონკანზე მაგრდება, აქვს აკვარიუმის დაცლის და ასევე ავსების რეჟიმი.


წყლის დაცლა/ავსების ავტომატური სიფონი

შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე წყლის მცირე პომპა, რომელსაც სათლში (ვედროში) ჩავდებთ, მილს მივაერთებთ და მარტივად ავავსებთ აკვარიუმის წყალს.

ჩემი აკვარიუმის ავსებისას პომპას მეთოდს ვიყენებ, რადგანაც პირდაპირ ონკანის წყალს არ ვასხამ აკვარიუმში. (1/3 გაფილტრულ წყალს და 2/3 ონკანის წყალს ვაზავებ) ზოგიერთ პომპას ჭავლის სარეგულირებელიც აქვს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წყალი თანდათან აივსოს და არ მოხდეს გრუნტის ამღვრევა.


წყლის ტუმბო (პომპა)

წყლის გამოცვლის პროცედურა

აკვარიუმის წყლის გამოსაცვლელად სასურველია გქონდეთ მზად შემდეგი:

  • სათლი(ვედრო)
  • სიფონი
  • ქლორის გამანეიტრალებელი ( აუცილებლად საჭიროა თუ პირდაპირ ონკანის წყალს იყენებთ და არა რამოდენიმე დღის ნადგომს ან და გაფილტრულს)

  1. გამორთეთ ყველა ის მოწყობილობა, რომელიც წყალთანაა შეხებაში (ფილტრი, CO2, გამათბობელი(!), წყლის პომპა, UV სტერილიზატორი და ა.შ.)
  2. ალგეს და ნადების მოშორება: მინის ზედაპირები გაწმინდეთ სუფთა ღრუბლით ან ალგეს საფხეკით, პლასტმასის ან სამართებლის. (არ გამოიყენოთ ისეთი სხვა დანიშნულების ღრუბელი, მაგალითად სამზარეულოსი, რომელიც საწმენდ საშუალებებს შეიცავს და წყალთან შეხებასთან ერთად აქტიურდება, ან ისეთი სახეხი, რომელსაც უხეში ზედაპირი აქვს და დააზიანებს მინას).
  3. გრუნტის დასიფონება: ფრთხილად ჩადეთ და ამოიღეთ გრუნტში სიფონის თავი და არ აურიოთ, არ აამღვირიოთ. სიფონით შეძლებთ გრუნტიდან ნარჩენების ეფექტურად ამოღებას. თუ აკვარიუმში გაქვთ მცენარეები ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მცენარეების გარშემო, ერთ სანტიმეტრზე ჩაყოთ სიფონის თავი, რათა არ დააზიანოთ მცენარე და მისი ფესვები. თუ სათლს იყენებთ ყურადღებით იყავით, დასიფონებამ იცის “შეყოლა” და შეიძლება წყალი გადმოგივიდეთ.
  4. ფილტრის წმენდა: ფილტრის მასალები, კერამიკული რგოლები, ღრუბელი, გაავლეთ დაცლილი აკვარიუმის წყალში ან თუ სხვა დღეს წმენდთ ფილტრს , მაშინ გამოიყენეთ დექლორირებული წყალი და არავითარ შემთხვევაში ონკანის ქლორიან წყალი. გაითვალისწინეთ, რომ არ არის საჭირო ყოველი წყლის ცვლის შემდეგ გარეცხოთ ფილტრიც. ყოველ ჯერზე, როდესაც ფილტრს ავლებთ , მას თან მიჰყვება ეკოსისტემისთვის სასარგებლო ბაქტერიები. ამიტომ სასურველია არ დაამთხვიოთ წყლის ცვლა ფილტრის წმენდის დღეს. (ჩემი გამოცდილებით თვეში ერთხელ ვხსნი გარე ფილტრს).
  5. ქლორის გამანეიტრალებელი: თუ წყალს სათლიდან ასხამთ და იყენებთ ონკანის წყალს, არ დაგავიწყდეთ ქლორის და ქლორამინის გასანეიტრალებელი ხსნარის დამატებაც. როდესაც ავტომატური ავსების სისტემა გაქვთ, ანუ პირდაპირ ონკანის წყლის ხმარობთ, შეგიძლიათ პარალელურად ჩაამატოთ ქლორის, ქლორამინის და სხვადასხვა მეტალების გამანეიტრალებელი აკვარიუმშივე, ის მომენტალურად მოქმედებს. მე ამ საშუალებას ვიყენებ Seachem Prime.
  6. გაავსეთ აკვარიუმი ახალი წყლით. წყალი უნდა ჩავიდეს აკვარიუმში დაბალი ჭავლით, რათა არ მოხდეს ამღვრევა. ახალი წყლის ტემპერატურა და აკვარიუმის წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს მკვეთრად განსხვავებული. სასურველია, რომ ამ დროს ყურადღებით იყოთ და მუდმივად აკონტროლოთ წყლის დონე, რომ წყალი არ გადმოვიდეს და არ დატბოროთ ოთახი.
  7. ჩართეთ ყველა მოწყობილობა, რომელიც წყლის ცვლამდე გამოაერთეთ.
  8. დააკვირდით თევზებს, დარწმუნდით რომ ყველაფერი რიგზეა.

ყველა აკვარიუმისტი დამეთანხმება, რომ წყლის გამოცვლის შემდეგ განსაკუთრებულად სასიამოვნო გრძნობაა სუფთა აკვარიუმის ყურება 🙂


ჩემი აკვარიუმის დაცლის პროცესი

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.