ამანოს კრევეტი
ამანოს კრევეტი

ამანოს კრევეტი

იაპონელმა აკვარისტმა, ტაკაში ამანომ აღმოაჩინა, რომ იამატოს კრევეტი (მეცნიერული სახელწოდება: Caridina multidentata) ყველაზე კარგად ანადგურებდა ალგეს და აკვარიუმის ჰობიში ამ კრევეტის გამოყენება პირველად მან დანერგა. სახელწოდებაც სწორად ტაკაში ამანოსგან აქვს.

იამატოს, იგივე ამანოს კრევეტი გვხვდება იაპონიაში, კორეასა და ტაივანში. მათი გამრავლება საკმაოდ რთულია , ამიტომ ძირითადად ბუნებაში იჭერენ და შემდეგ ხდება მათი ექსპორტი სხვა ქვეყნებში.

ამანოს კრევეტის გარეგნობა და ქცევა

ამანოს კრევეტი არ არის აგრესიული, მშვიდობიანად თანაცხოვრობს სხვა სახეობის კრევეტებთან. არც მათი შეჯვარება ხდება და არც ახალგამოჩეკილ კრევეტებს ერჩიან. ისისნი სწრაფები და ენერგიულები არიან. საქმიანად მიირთმევენ საკვებს. მათ მკვეთრი ფერები არ აქვთ, თუმცა გამჭვირვალე, მოყავისფრო-მოლურჯო წინწკლებიანი სხეული სხვა კრევეტებისგან ნამდვილად გამოარჩევს. ამანოს კრევეტი სხვა კრევეტებთან შედარებითაც დიდია. მაქსიმუმ 5 სანტიმეტრი შეიძლება რომ გახდეს.


ამანოს კრევეტი
ამანოს კრევეტი

რეკომენდებული წყლის პარამეტრები
  • pH დონე: 6.0 – 7.6
  • ტემპერატურა 15.5° – 27° C გრადუსამდე
  • kH 0 – 10; gH 4 – 14;
  • TDS 80 – 400

ამანოს კრევეტისთვის იდეალურია მცენარეებით სავსე აკვარიუმი( მცენარეები : ჯავას ხავსი, მონტე კარლო და ა.შ.) ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს:

  • მცენარეები მათი თავშესაფარია და დაცულად გრძნობენ თავს.
  • იკვებებიან მცენარეებზე გავრცელებული ალგეთი და ხრწნადი მცენარეებით.
  • მცენარეები აკვარიუმის ფილტრაციას ახდენენ, სუფთა წყალი კი ამანოს კრევეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამანოს კრევეტი და აკვარიუმის სხვა ბინადრები

ამანოს კრევეტი შეგიძლიათ იყოლიოთ შემდეგ ბინადრებთან:

  • სხვა კრეტებთან;
  • ყველა სახეობის ლოკოკინასთან;
  • პატარა , მშვიდობიანი თევზებთან, როგორიცაა მაგალითად
    • ტეტრას პატარა სახეობები
    • ოტოცინკლუსები
    • გუპები
    • დანიოები
    • კორიდორასები
    • პლეკოსტომუსები
არ არის რეკომენდებული შემდეგ თევზებთან:
  • სკალარები
  • ბარბუსები
  • ბეტა
  • ციხლიდები
  • დისკუსები
  • დიდი გურამები
  • დიდი ოქროს თევზები

ამანოს კრევეტი თევზებთან ერთად
ამანოს კრევეტი ნეონ ტეტრებთან

ამანოს კრევეტის კვება

როგორც ავღნიშნეთ, ამანოს კრევეტი ალგეს სხვადასხვა სახეობით იკვებება, მაგრამ თუ აკვარიუმში საკმარისი მცენარე და ალგე არ არის, ის შეიძლება ვკვებოთ თევზის ფანტელებიანი საკვებით, მოხარშული ბოსტნეულით (ისპანახი, ზუკინი, სტაფილო, ბროკოლი და ა.შ.)

გაფრთხილება

ზოგიერთი მცენარის სასუქი და თევზის სამკურნალო წამალი შეიცავს სპილენძს, სანამ აკვარიუმის მკურნალობას ან სასუქი დანამატების გამოყენებას დაიწყებთ აუცილებლად შეამოწმეთ ინგრედიენტები. სპილენძი კრევეტებისთვის არის სასიკვდილო!


ამანოს კრევეტის გამრავლება

აკვარიუმში ამანოს კრევეტის გამრავლება თითქმის შეუძლებელია. მარტივად რომ ავხსნათ, მათ ესაჭიროებათ მტკნარი და ზღვის აკვარიუმის ნაზავი წყალი, ანუ ზღვის აკვარიუმის მარილიანობაზე ნაკლები მარილიანობის უნდა იყოს. გამოცდილ აკვარისტებსაც კი უჭირთ მათი გამრავლება. ამანოს კრევეტი სხვა კრევეტებისგან განსხვავებით ჩეკავს ლარვას, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა წყლის პარამეტრების მიმართ და მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ.


სიცოცხლის ხანგრძლივობა

იდეალურ პირობებში ამანოს კრევეტის საშუალო ხანგრძლივობა არის 2 დან 3 წელი.

გაითვალისწინეთ, რომ ამანოს კრევეტებს ახასიათებთ წყლიდან ამოსვლა. თუ აკვარიუმის წყლის პირობები არ არის კარგი, სტრესში არიან ან აგრესიული თევზისგან იცავენ თავს, მათ შეუძლიათ აკვარიუმიდან ამოხტნენ. ამიტომ საჭიროა შეუქმნათ კარგი პირობები, რომ რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ.

მნიშვნელოვანია დაიცვათ აკვარიუმის წყლის სისუფთავე.

სანამ აკვარიუმში ჩასვამთ წვეთოვანი აკლიმატიზაცია უნდა მოახდინოთ რომ თანდათან შეეგუოს ახალი წყლის პარამეტრებს და არ დაისტრესოს. რომ არ ამოძვრნენ აკვარიუმიდან აკვარიუმის თავსახურიც კარგი გამოსავალია. სამწუხაროდ , გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩემმა ამანოს კრევეტებმაც მოისურვეს აკვარიუმიდან ამოსვლა და ოთახში მოგზაურობა.

კრევეტების შესახებ დამატებით აქ წაიკითხავთ:

კრევეტების ქცევა

კრევეტები დამწყებთათვის


არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.