რა არის საჭირო აკვარიუმის გასაშვებად? თქვენი პირველი მცენარეებიანი აკვარიუმი
რა არის საჭირო აკვარიუმის გასაშვებად? თქვენი პირველი მცენარეებიანი აკვარიუმი

რა არის საჭირო აკვარიუმის გასაშვებად? თქვენი პირველი მცენარეებიანი აკვარიუმი

ალბათ ყველა მოყვარული დამეთანხმება, რომ მცენარეებიანი აკვარიუმი ერთგვარი თერაპიაა. თქვენ ქმნით ბუნებასთან მიახლოებულ წყალქვეშა გარემოს დახურულ სისტემაში, აკონტროლებთ თევზების და მცენარეების ჯანმრთელობას, ზრდას და ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას აკვირდებით, ეს კი დამამშვიდებლად მოქმედებს. 

თუ გსურთ, რომ ეს ჰობი თქვენი ცხოვრების ნაწილი გახადოთ, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ , ყველაფერს ამ პოსტში წაიკითხავთ.


1. აკვარიუმი

პირველ რიგში რა თქმა უნდა აკვარიუმია საჭირო. არსებობს მრავალი ფორმის, ზომის მასალის  და მინის სხვადასხვა ხარისხის გამჭვირვალეობის მქონე აკვარიუმები, რომლის დეტალურად განხილვაც შორს წაგვიყვანს და ამას ცალკე პოსტი შეიძლება მივუძღვნა.

2. ფილტრი

აკვარიუმის ფილტრი აკვარიუმის წყალს ასუფთავებს როგორც ვიზუალურად  ასევე ქიმიურადაც. წყალი მუდმივად უნდა ცირკულირებდეს.  წყალი აკვარიუმიდან – ფილტრში შედის, სადაც ფილტრის სხვადასხვა მასალას გაივლის, გაიწმინდება და ბრუნდება აკვარიუმში. არსებობს  შიდა, გარე, აკვარიუმის კედელზე ჩამოსაკიდებელი ფილტრები. დეტალურ ინფორმაციას წყლის ფილტრაციაზე და ფილტრების სხვადასხვა ტიპებზე ამ პოსტში წაიკითხავთ აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა

3. გათბობა

გამათბობელი სჭირდება თბილი და ცივი წყლის თევზებს, რადგანაც მათთვის აუცილებელი სტაბილური ტემპერატურაა. სტაბილურ ტემპერატურას კი აკვარიუმის გამათბობელის გარეშე ვერ მივიღებთ, რადგანაც მუდმივად იცვლება ტემპერატურა დღე ღამის განმავლობაში და ასევე სეზონურად. ბუნებაში შეიძლება თევზს არ ჰქონდეს მუდმივად სტაბილური პირობები, მაგრამ როდესაც დახურულ სისტემაში მოგვყავს, საჭიროა მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ, რომ არ დაავადდნენ და არ დაიხოცონ. სტაბილური ტემპერატურა წყლის მცენარეებისთვისაც საჭიროა.

4. განათება

წყლის მცენარეებს ზრდისთვის ხარისხიანი განათება ესაჭიროებათ. განათების გარეშე კი ვერ მოხდება ფოოსინთეზი. როგორც წესი განათება დღეში 8 საათი უნდა იყოს ჩართული. დღის ერთი და იგივე დროს ხდებოდეს ჩართვაც და გამორთვაც. სტაბილური განათების პერიოდი თევზისთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ დენში შესაერთებელი ე.წ. ტაიმერი. ზოგ განათებას ჩაშენებული ტაიმერი მოყვება.

ვრცლად განათებაზე აქ წაიკითხავთ აკვარიუმის განათება

5. აკვარიუმის გრუნტი

მცენარეებიანი აკვარიუმისთვის ძირითადად აკვასოილი გამოყენება, ის შეიცავს წყლის მცენარეებისთვის საჭირო მინერალებს, ხელს უწყობს წყლის მჟავიანობის და სიხისტის შემცირებას, რაც გარკვეული სახეობის თევზისთვის და კრევეტისთვის აუცილებელი პარამეტრია. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კენჭები და ქვიშა, ვიზუალურად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე აკვარიუმის მცენარეების სპეციალური მიწა, მაგრამ მცენარეებისთვის საჭირო საკვებს არ შეიცავენ. შესაძლებელია აკვასოილის და დეკორატიული გრუნტის ერთად გამოყენებაც. 

უფრო ვრცლად აკვარიუმის გრუნტზე ამ პოსტში წაიკითხავთ : აკვარიუმის გრუნტის ტიპები

 6. აკვარიუმის დეკორაცია (ე.წ. ჰარდსკეიპი)

აკვარიუმში ხის თუ ქვის, ბუნებრივი დეკორაციის ჩადება თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ გსურთ რომ შექმნათ ბუნებრივი ვიზუალი, მაშინ ხის ფესვების, მოზრდილი ქვების დამატება მეტ ბუნებრივ ეფექტს შესძენს თქვენს აკვარიუმს.

აკვაპეიზაჟის, აკვასკეიპის შესაქმნელად გამოიყენება დეკორაციები, როგორიცაა ხის დამუშავებული ფესვები, ქვები, კენჭები, რომლებზეც შეიძლება მცენარეების და ხავსის მიმაგრებაც.

ყველანაირი ქვის, კენჭების ან ხის ჩადება არ შეიძლება. ზოგიერთი ქვა წყალში გამოყოფს თევზებისთვის მომწამვლელ მძიმე მეტალებს ან მინერალებს,  რომლებიც აკვარიუმში აკუმულირდება და წყლის პარამეტრებს საგრძნობლად ცვლის. აკვარიუმის ბინადრებისთვის წყლის სტაბილური პარამეტრები კი ძალიან მნიშვნელოვანია. აკვარიუმში ჩადებამდე სასურველია ფესვების გამოხარშვა და ქვების დამდუღვრა.

როგორ შევამოწმოთ კენჭები და ქვები აკვარიუმისთვის

ქვების თუ კენჭების შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი. ქვას დაასხით კონცენტრირებული ძმრის რამოდენიმე წვეთი და თუ აქაფდა მაშინ აღარ ჩადოთ აკვარიუმში. როდესაც რეაქციაში შედის (ან ბუშტულებს გამოყოფს თუ ძმარში ჩაყრით პირდაპი) ეს იმას ნიშნავს რომ ეს ქვა შეიცავს კალციუმის კარბონატს, რომელიც მაღლა წევს აკვარიუმის წყლის PH დონეს, რაც თევზებისთვის სასიკვდილო გახდება (განსაკუთრებით მცირე ზომის აკვარიუმებშია საშიში ) . გამოცდილი აკვასკეიპერები მაინც იყენებენ ამ მასალებს, როდესაც განსაკუთრებული ვიზუალის შექმნა სურთ აკვარიუმებში, მაგრამ ამისათვის აუცილებელია აკვარიუმის წყლის პარამეტრების ტესტირება და წყლის ხშირი ცვლა. დამწყებ აკვარიუმისტს არ ვურჩევ ამგვარი მასალის გამოყენებას.

7. მცენარეები

თქვენი პირველი მცენარეებიანი აკვარიუმი სჯობს მარტივად მოსავლელი მცენარეებით დაიწყოთ.

ადვილად მოსავლელი სულაც არ ნიშნავს ულამაზო მცენარეს, ისინი უბრალოდ არ საჭიროებენ მაღალ განათებას ან Co2 სისტემით დამატებით ნახშირორჟანგის მიწოდებას. არ დაგჭირდებათ აკვარიუმის სპეციალური მიწაც, ე.წ. აკვასოილი.

ასეთი მცენარეები განეკუთვნებიან ეპიფიტებს.  ისინი საზრდოს იღებენ წყლიდან და არა ნიადაგიდან . შეგვიძლია მათი ხეზე და ქვებზე მიმაგრება. ზრდასთან ერთად კი ფესვებით შემოეხვევიან დეკორაციებს და ბუნებრივად მოხდება მათი მიმაგრება ზედაპირებზე.

წყლის ეპიფიტური მცენარეა ანუბიასი, ჯავას გვიმრა, ჰიგროფილა პინატიფიდა, ბუცეფალანდრა, სხვადასხვა სახეობის წყლის ხავსები. ეს მცენარეები საკვებს წყლიდან იღებენ, ასე რომ თხევად სასუქსაც თუ მიაწვდით ზრდაში ხელს შეუწყობთ.  

უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მცენარეების დეკორაციაზე მიწებება შესაძლებელია სუპერ წებოთი,  რომელიც წყალთან შეხებაში მომენტალურად ქვავდება და არც მცენარეს აყენებს ზიანს. დარწმუნდით რომ ის ციანოაკრილატის ბაზაზეა დამზადებული და ისე გამოიყენეთ. იმისათვის რომ თავი დაიზღვიოთ და თქვენს აკვარიუმში შემთხვევით არ შეიტანოთ პარაზიტული ორგანიზმი, ან თუნდაც არასასურველი ლოკოკინას კვერცხი საჭიროა ახალი მცენარის დეზინფექცია.

ფოტოზეა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დეკორატიული გრუნტით და ეპიფიტური მცენარეებით შეიქმნას მარტივი ბუნებრივი პეიზაჟი აკვარიუმში
8.აკვარიუმის გაშვება 

თუ წესებს დაიცავთ და ცოდნით მიუდგებით, აკვარიუმის გაშვება სულაც არ იქნება რთული. თავიდან აუცილებელია, რომ მოიძიოთ ინფორმაცია და შეისწავლოთ თუ როგორ მუშაობს აკვარიუმის ეკოსისტემა.
გაიგოთ თუ რა ცვლილებები ხდება წყალში, როცა თევზს ჩასვამთ და იწყებთ მათ კვებას, რა ხდება როცა თევზი თავის მხრივ იწყებს ნარჩენების გამოყოფას და. შ

რას ნიშნავს აკვარიუმის გაშვება?

აკვარიუმის გაშვების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, დაჩქარებული მეთოდი სპეციალური “სტარტერით” ან თევზის საკვების გამოყენებით. სტარტერით შეიძლება მალევე ჩასვათ თევზი ( სხვადასხვა ბრენდის სტარტერს აქვს თავისი ინსტრუქცია და ვადები, ამიტომ ამ პოსტში არ განვიხილავ, თუ სტარტერის გზას აირჩევთ გაეცანით ინსტრუქციასაც ) აკვარიუმის გაშვების პროცესში სასურველია შეიძინოთ აკვარიუმის წყლის ტესტები, რათა თევზის ჩასმამდე შეამოწმოთ ამიაკის და ნიტრიტის დონე.

განვიხილოთ აკვარიუმის გაშვება თევზის საკვებით:

  • დადგით აკვარიუმი სწორ ზედაპირზე, აკვარიუმი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ზედმეტი განათება იწვევს ალგეს.
  • ჩაყარეთ გრუნტი
  • აავსეთ წყლით. არ გამოიყენოთ ქლორიანი წყალი. გამოიყენეთ მხოლოდ ნადგამი ან გამოიყენეთ სპეციალური ქლორის გასანეიტრალებელი ხსნარი.
  • ჩართეთ გამათბობელი და ფილტრი.
  • ჯერ კიდევ ცარიელ აკვარიუმში ყოველ დღიურად ჩაყარეთ მცირე რაოდენობით თევზის საკვები. თევზის საკვები მალე დაიწყებს გახრწნას და დაიწყება აკვარიუმის გასაშვებად საჭირო “აზოტის ციკლი”
  • დაამატეთ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი წყლის მცენარე, მცენარეები დააჩქარებენ გაშვების პროცესს და ასევე ალგეს გავრცელებას შეუშლიან ხელს.
  • წყალი ცვალეთ კვირაში ერთხელ 20%ით . ასე გააგრძელეთ დაახლოებთ 4-6 კვირამდე.
  • იმისათვის , რომ მიხვდეთ უსაფრთხო იქნება თუ არა თევზის აკვარიუმში ჩასმა, საჭიროა წყლის ტესტირება ამიაკზე, ნიტრიტზე და ნიტრატზე. წყლის ტესტები სხვა დროსაც გამოგადგებათ, ასე რომ ღირს შეძენა. წყლის ტესტები არსებობს წვეთების სახითაც და ლაკმუსის ჩხირების სახითაც.
  • 4-6 კვირის გასვლის შემდეგ, როდესაც ტესტების გიჩვენებთ 0 ამიაკს და 0 ნიტრიტს, მაშინ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ თევზის შეძენაზე.
  • სანამ თევზს მოიყვანთ კიდევ ერთხელ გამოცვალეთ წყალი.
  • ფილტრის ღრუბლები არ გარეცხოთ ონკანის წყალში, ქლორი კლავს სასარგებლო ბაქტერიებს, აკვარიუმის ღრუბელში და ფილტრაციის სხვა მასალებზე სასარგებლო ბაქტერიებია დასახლებული, ანუ ის, რის ჩამოყალიბებასაც ამდენი ხანი ველოდით.

შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი,  მაგრამ საბაზისო ცოდნის გარეშე ვერ შეუქმნით თევზებს და მცენარეებს სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობებს. თუ მზად ხართ და გაქვთ სურვილი სიახლეების გარკვევის, მერწმუნეთ ყველაფერი გამოგივათ.

აკვარიუმის გაშვებამდე გაეცანით ამ თემებს:

ხშირად დაშვებული შეცდომები

აკვარიუმის ფილტრი, წყლის ცირკულაცია და გათბობა

რა არის ამიაკი, ნიტრიტი და ნიტრატი? (მარტივად)

რჩევები დამწყებს

აკვარიუმის გრუნტის ტიპები

აკვარიუმის გაშვება და აზოტის ციკლი

როგორ ხვდება ჟანგბადი აკვარიუმში და რა იწვევს წყალში ჟანგბადის ნაკლებობას

როგორ გამოვცვალოთ აკვარიუმის წყალი? (და რატომ არის წყლის ცვლა მნიშვნელოვანი)

რატომ მწვანდება აკვარიუმის წყალი და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

ყველაფერი, რაც ალგეზე უნდა ვიცოდეთ

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.